ახალი ამბები
უცვლელი ბიზნესწილები და სატრანსპორტო მონოპოლია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში 34 მიკრო და 10 საავტობუსო ხაზზე ნებართვის მფლობელი კომპანიების უმრავლეობას საერთო პარტნიორები ჰყავს. ქალაქში მოქმედი 19 გადამზიდავიდან  6 კომპანია სამ და მეტ ხაზზე ფლობს ნებართვას.
ქალაქში მოქმედმა სატრანსპორტო კომპანიებმა  ნებართვები 2015 წელს, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად განაახლეს. მაშინ მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ირაკლი ცხვედიანი ამბობდა, რომ ყველაზე გამჭვირვალედ ჩატარებული კონკურსის შედეგად, ქალაქში წლების განმავლობაში არსებული სატრანსპორტო მონოპოლიები დასრულდა და ცალკეული ადამიანები სხვადასხვა კომპანიების სახელით ხაზებს აღარ ფლობენ.

სხვა რეალობას მოწმობს საჯარო რეესტრის მონაცემები, ქუთაისის სატრასპორტო ხაზებზე ნებართვის მქონე კომპანიების მფლობელების შესახებ. დოკუმენტების მიხედვით, სატრანსპორტო სფეროში ჯერ ისევ რჩებიან ლიდერი კომპანიები და ცალკეული პირები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე კომპანიაში ფლობენ წილებს.

წლების განმავლობაში ამ კომპანიების მფლობელები თავიანთ შპს-ებს უცვლიდნენ სახელწოდებებს, იცვლებოდნენ დირექტორები, ბიზნესპარტნიორები, ხდებოდა წილების ერთმანეთისთვის გადაფორმება, მართვაში გადაცემა, კომპანიების შერწყმა და მათ საფუძველზე ახალი შპს–ების შექმნა, იცვლებოდა კომპანიების ისტორიები, თუმცა, უცვლელი რჩებოდა მათი მონაწილეობის მასშტაბები ქუთაისის სატრანსპორტო სფეროში.

წლების შემდეგაც სატრანსპორტო ხაზების დიდ ნაწილს  იგივე კომპანიები ფლობენ, მათ შორის, სწორედ ისინი, რომელთა სახელებსაც უკავშირდებოდა სატრანსპორტო მონოპოლიები.

ქუთაისში, საავტობუსო და მიკროსაავტობუსო ხაზების მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ ორი კომპანია– შპს "სიტი ლაინი" და შპს "სამგზავრო 2007" ფლობს. ორივე მათგანი მრავალი წელია ქუთაისის სატრანსპორტო სფეროში უპირობო ლიდერია, რასაც მათ მიერ მოგებული ნებართვების რაოდენობა მოწმობს.

"სიტი ლაიანი" და "სამგზავრო 2007" ქალაქში, არამხოლოდ ყველაზე მეტ ხაზს ფლობენ, არამედ, ერთ–ერთი ყველაზე შემოსავლიანი სვლაგეზებიც მათია.
კერძოდ, შპს "სიტი ლაინს" კონკურსის გზით 9 ხაზზე აქვს ნებართვა მოპოვებული, მათ შორისაა N 1 წრიულის (მარჯვენა) საავტობუსო და მიკროსაავტობუსო ხაზი. შპს "სამგზავრო 2007"-ს კი ქალაქში 7 ხაზი ეკუთვნის, მათ შორის N1 წრიულის (მარცხენა) საავტობუსო და მიკროსაავტობუსო ხაზები.

ამასთანავე, კომპანიები, რომლებიც ყველაზე შემოსავლიანი ხაზების მარჯვენა და მარცხენა მიმართულებებს იყოფენ, ბიზნესპარტნიორები არიან. შპს-ების დირექტორებს– ომარ კოხოძესა და ალეკო დვალიშვილს სამუშაო კაბინეტებიც კი ერთ შენობაში აქვთ.

კონკურსის შემდეგ სატრანსპორტო სფეროს ლიდერებისთვის რომ არსებითად არაფერი შეცვლილა, ამას თავად კომპანიების ხელმძღვანელები ქუთაისიპოსტთან საუბარში ადასტურებენ.

ომარ კოხოძის თქმით, კონკურსის შედეგად მხოლოდ ერთი – N31 მიკროსაავტობუსო ხაზი გამოაკლდა, რომელზეც სხვა კომპანიამ უკეთესი პირობები წარმოადგინა.

"N31 იყო ჩვენთან და ეს გამოგვაკლდა მხოლოდ. დანარჩენი რაც გვქონდა ისევ ის გვაქვს. არაფერი შეცვლილა. ვინ წაიღებს ავტობუსის ხაზს? ფაქტიურად უინტერესო ხაზია. 3 საათის შემდეგ ხალხი აღარ არის, ვეღარ მუშაობს ტრანსპორტი", – ამბობს ომარ კოხოძე.

ომარ კოხოძეს, რომელსაც ბიზნესპარტნიორისგან ერთი კაბინეტი ჰყოფს, 30%–იანი წილი აქვს ალეკო დვალიშვილის კომპანია "სამგზავრო 2007"–ში, ხოლო "სიტი ლაინში", რომელსაც იგი 2015 წლიდან ხელმძღვანელობს, 90%–იან წილს ფლობს შპს "თეგეტა მოტორსი ქუთაისი", რომლის დირექტორიც ასევე თავადაა. თუმცა, საინტერესოა ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრში ამ სახელწოდების კომპანია 2016 წლის 18 მაისის შემდეგ აღარ ფიქსირდება. როგორც ირკვევა, კოხოძემ კომპანიას სახელწოდება შეუცვალა და შპს "სამგზავრო ქუთაისი" დაარქვა. ამ კომპანიაში კი მას  33% ეკუთვნის.

რაც შეეხება, ალეკო დვალიშვილს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, იგი,  როგორც მეწილე, ქუთაისის სატრანსპორტო ხაზების მფლობელ არც ერთ კომპანიაში არ ფიქსირდება, თუმცა, ალეკო დვალიშვილი სხვადასხვა დროს კოხოძის ორივე კომპანიის "სიტი ლაინისა" და "სამგზავრო ქუთაისის" დირექტორი იყო.
ამასთანავე,  დაუდგენელია ვინ მართავს მათი კიდევ ერთი პარტნიორის, ანდრო ჯინჭველაშვილის წილებს, რომლებიც მას კოხოძისა და დვალიშვილის კომპანიებში აქვს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ანდრო ჯინჭველაშვილს, რომელიც  წლებია ქუთაისის ტრანსპორტში წილებს ფლობს, 30% ეკუთვნის შპს "სამგზავრო 2007"–ში, ხოლო 10%–ის მფლობელია შპს "სიტი ლაინში".

როგორც ირკვევა, 2015 წლის მაისში, ანდრო ჯინჭველაშვილმა ალეკო დვალიშვილს საკუთარი წილის მართვაში გადაცემა შესთავაზა. მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაციაც, მხარეებმა საჯარო რეესტრსაც მიმართეს, თუმცა, იმის გამო, რომ მათ კომპანიის პარტნიორთა კრებისა და თანხმობის დოკუმენტი არ წარუდგენიათ, წილის მართვაში გადაცემაზე უარი ეთქვათ.

ალეკო დვალიშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში არ ამბობს გადასცა თუ არა საბოლოოდ ანდრო ჯინჭველაშვილმა მას წილი მართვის უფლებით.
"მართვაშია, გვაჩუქა თუ არ ვუხდით არაფერს, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? რატომ არის საინტერესო ანდრო არის თუ არა ისევ წილში?,–ამბობს ალეკო დვალიშვილი.

ერთი შეხედვით არაფერი აქვს საერთო ალეკო დვალიშვილთან შპს "სპრინტერი +" ს, რომელიც ქუთაისში დვალიშვილის შემდეგ, რაოდენობრივად ყველაზე მეტ ხაზზე (N 4, 21, 34, 34ა, 52) ფლობს ნებართვას, თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელის,  ბადრი ლომიძის ერთ–ერთი  შპს-ს  "ნიუ–ლაინი 2012"–ის ალტერნატიულ მისამართად, ნიკეას მე–9 ჩიხი, N 2–ია მითითებული, სადაც ალეკო დვალიშვილის კომპანია "სამგზავრო 2007"–ია რეგისტრირებული.

ალეკო დვალიშვილი ამბობს, რომ ბადრი ლომიძესთან საერთო არაფერი აქვს. ხოლო, რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიუთითა საჯარო რეესტრში ლომიძემ მისი კომპანიის მისამართი, დვალიშვილი ამ ფაქტს მის ყოფილ ბიზნესპარტნიორს, გაგა ქავთარაძეს უკავშირებს, რომელიც ახლა ბადრი ლომიძის კომპანიის ერთ–ერთი მეწილეა.

4 ხაზი ეკუთვნის ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტში შპს "ქუთტრასპარკს" (N 10,33, 38ა, 19), თუმცა, მისი ერთ–ერთი მეწილე, ზაქრო მამასახლისი ქუთაისში მოქმედ კიდევ ერთ კომპანიასთან შპს "ტაქსი+" არის დაკავშირებული, რომელიც , თავის მხრივ, ორ ხაზზე (N 17, 28) ფლობს ნებართვას. ზაქრო მამასახლისს "ქუთტრასპარკში" 33%–იანი წილი, ხოლო "ტაქსი +"–ში 20% უფიქსირდება.

ორი კომპანიის მეწილე, ქუთაისპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მისი წილები ფორმალურია და მას ამისგან შემოსავალი არ აქვს.

"ფორმალურად ვარ "ქუთტრანსპარკში". ჩვენ სხვა მიზნები გვქონდა როცა ეს კომპანია შევქმენით. ვიცოდით, რომ პარკირება უნდა ყოფილიყო ქალაქში და ამაში ვაპირებდით მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მერე შეიცვალა სიტუაცია და ეს ჩანაფიქრი აღარ გამოვიდა. რაც შეეხება "ტაქსი +"–ს, არც მასთან მაქვს შეხება. სად აქვთ ოფისი ისიც არ ვიცი. ეს არის ჩემი ყოფილი თანამშრომლის კომპანია, რომელსაც რაღაც პრობლემები შეექმნა, რის გამოც, საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და მე მთხოვა გადამეფორმებია მისი წილი, რომ არ დაკარგვოდა. არანაირი შემოსავალი მე ამ კომპანიებიდან არ მაქვს", – ამბობს ზაქრო მამასახლისი.

სამ კომპანიაში ფლობს წილს დავით ქათამაძე. მას შპს "ქუთტრანსპარკში" 33%–იანი წილი აქვს, 12%–ის მფლობელია შპს "იმერტრანსში", ხოლო შპს "მადლი N 50"–ში 67%- ეკუთვნის. შპს "მადლი N 50" -ს კი, თავის მხრივ, შორენა ამაღლობელი ძმასთან, ზაზა ამაღლობელთან ერთად მართავს.

საკუთარი ინტერესები აქვს ქუთაისის ტრანსპორტში "იბერიის ვარსკვლავის" 75%–იანი წილის მფლობელს, დავით კოსტავასაც, რომელიც შპს "ნიულაინის" სახელით N 200–ის მიკროსავტობუსო ხაზზე მარჯვენა და მარცხენა მიმართულებებს ფლობს.

ერთი კომპანიის მიერ რამდენიმე ხაზის ფლობა ან სხვადასხვა შპს–ში ერთი და იგივე პირების ბიზნესიწლების არსებობა, მონოპოლიად არ მიაჩნიათ სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებს. ალეკო დვალიშვილი ამბობს, რომ პირიქით, ისინი ქალაქს და ხელისუფლებას უდგანან გვერდით.

"არავის ინტერესს არ ვკვეთავთ, ბიუჯეტში შეგვაქვს ფული და ხელისუფლებას ვუდგავართ გვერდით. ქალაქის სიყვარულით ვაკეთებთ ამ ყველაფერს", – ამბობს ალეკო დვალიშვილი.

ქუთაისის მერი, შოთა მურღულია ქუთაისპოსტთან საუბარში სატრანსპორტო მონიპოლიების არსებობას უარყოფს, თუმცა, ადასტურებს, რომ დღემდე არიან კომპანიები, რომლებიც მრავალი წელი ფლობენ ნებართვებს ერთი და იგივე ხაზებზე.

"არიან კომპანიები,  რომლებსაც ერთი და იგივე ხაზები დიდი ხანია აქვთ, თუმცა, ეს არ არის მონოპოლია. არც ერთი ნებართვა არ გაგვიცია, თუ არ იყო მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ადრე  საკონკურსო კომისიის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული ვინ გაიმარჯვებდა. მერე ჩვენ ვთქვით, რომ კომისია არის მხოლოდ დამკვირვებელი, რადგან კომისიის წევრები ვერ იქნებიან კომპეტენტურები ამ მიმართულებით. ამიტომ,  ახლა არსებობს  სტანდარტები - ავტომობილის წლოვანება, ტექდათვალიერების შედეგები და სხვა კონკრეტული დოკუმენტები. კომისიას კი იმის მითითება ევალება,  შეესაბამება თუ არა ეს მონაცემები არსებულ სტანდარტებს", - ამბობს შოთა მურღულია. 

ქუთაისში არსებული სატრასპორტო კომპანიების უმრავლეობას  მიკროსაავტობუსო და საავტობუსი ხაზებზე გაცემული ნებართვების ვადა 2019 წელს ეწურებათ, ნაწილს კი სანებართვო ვადა 2020 წლამდე აქვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.