საზოგადოება
სასჯელი ჯარში სამსახურის თავის არიდებისთვის - რა დაეკისრებათ წვევამდელებს
FaceBook
საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 1 ივნისს პირველი მოსმენით ის კანონპროექტი მიიღო, რომელიც წვევამდელს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმეგბლობას აკისრებს.

პროექტი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მიერ არის ინიცირებული. თუ როგორ განხორციელდება კანონი, მისი დასრულებული ვარიანტის მიღებამდე, თავდაცვის სამინისტროში ვერ განმარტავენ. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ აკრძალვა კორუფციის გაჩენას ხელს შეუწყობს.

ავადმყოფობის სიმულაცია, სხეულის თვითდაზიანება, ყალბი დოკუმენტაცია ან სხვაგვარი მოტყუება - ეს ის მიზეზებია, რის გამოც წვევამდელებს ჯარიმა ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაეკისრებათ. სწორედ, ეს ჩამონათვალი დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლს.

ქუთაისში მცხოვრები პირები, რომლებიც სამხედრო აღრიცხვას ექვემდებარებიან, შეტყობინებას მერიის სამხედრო სამსახურიდან იღებენ. აღრიცხვის შემდეგ ისინი ადგილობრივ გამწვევ კომისიაზე შემოწმებას გადიან. კომისიას, რომელიც 8 წევრისგან შედგება, ქუთაისის მერი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში, ასევე, არიან მერიის სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელი და სპეციალისტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურში ამბობენ, რომ წვევამდელები, სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით, ავადმყოფობის სიმულაციას და სხეულის თვითდაზიანებას ხშირად მიმართავენ. სამსახურის უფროსის, ვალერი ყენიას განმარტებით, უმეტეს შემთხვევაში ახალგაზრდებს მსგავსი ქმედების ჩადენისკენ მშობლები უბიძგებენ.

"როდესაც ახალგაზრდა აღრიცხვაზე გამოცხადდება, არაფერი აღენიშნება. თუმცა, შეიძლება, გამწვევ კომისიაზე თვითდაზიანებებით მოვიდეს. ამ დროს კი გარეთ გახარებული დედა და მამა ელოდება," - ამბობს ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი, ვალერი ყენია.

მისი აზრით, სამხედრო სამსახური ახალდაზრდებში ნებისყოფას და ქცევის კულტურას აყალიბებს და მომავლის ხედვას ცვლის, ამიტომ მას თვითდაზიანებებით ან მოტყუებით თავის არიდება, მიუღებლად მიაჩნია.

"ჯარი აწესრიგებს დამოკიდებულებას ახალგაზრდასა და მის ყოფაქცევას შორის, ხელს უწყობს მის ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებას. ეს არის დიდი სკოლა, რომ მან რეალურად შეხედოს ცხოვრებას," -ამბობს ვალერი ყენია.

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურში კანონპროექტში განხორცილებულ ცვლილებებს იცნობენ, თუმცა რა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს ასეთი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ, ამაზე ამჟამად ინფორმაცია არ აქვთ.

საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში და ამ დროისთვის მაკკეინის ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მსგავსი აკრძალვები დამატებითი კორუფციული სქემების გაჩენას ხელს შეუწყობს. მისი აზრით, ასეთი ერთჯერადი აქტებით, საერთო პრობლემას, რომელსაც თავდაცვისუნარიანობის გაზრდა ჰქვია, ვერ გადაწყდება.
ამიტომ, ბათუ ქუთელია თვლის, რომ სახელმწიფოს ისეთი პოლიტიკა უნდა გააჩნდეს, რომელიც სამხედრო სამსახურის პრესტიჟულობას გაზრდის.

"სახელმწიფოს, როგორც ჩანს, არ გააჩნია ასეთი პოლიტიკა. ერთიანი პოლიტიკაა ჯერ შესამუშავებელი და შემდეგ უკვე, კონკრეტული საკითხების მოგვარება. ვთვლი, რომ საქართველო უნდა გადავიდეს პროფესიულ ჯარზე და მეორე კომპონენტი, რომელიც პროფესიული ჯარის დამხმარე იქნება, ეს იქნება აქტიური და კარგად გაწვრთნილი სარეზერვო სამსახური. რაც შეხება წვევამდელების გაწვევას, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ნელ-ნელა უნდა გაქრეს თავდაცვის ორგანიზების სისტემიდან. ნებისმიერი აკრძალვა, რომლის განხორციელების მექანიზმებიც არ არის და პარალელურად, არ კეთდება სხვა ნაბიჯები იმისთვის, რომ სამხედრო სამსახური გახდეს პრესტიჟული, იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი რესურსებით, ავტომატურად აჩენს კორუფციისთვის ძალიან ნოყიერ ნიადაგს,"- მიაჩნია ბათუ ქუთელიას.

თავდაცვის სამინისტროში ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, კანონის დასრულებული ვარიანტის მიღებამდე, განმარტებას ვერ აკეთებენ. უწყებაში გვირჩიეს, რომ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთვის მიგვემართა.
კომიტეტის აპარატში კი განგვიმარტეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიეკუთვნება.

***

სამხედრო ვალდებულების მოხდა კონსტიტუციით, 18-დან 27 წლამდე ასაკის საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. ამ საკითხს სამართლებრივად "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი არეგულირებს, რომლის თანახმად, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში გაწვევა წელიწადში ორჯერ- გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის დაწყების კონკრეტული ვადები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

2017 წლის 3 თებერვლის მთავრობის #57-ე დადგენილებით, საგაზაფხულო გაწვევა 1 თებერვალს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება.

ასევე, მთავრობის დადგენილებითაა განსაზღვრული გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობაც. მაგალითად, 2017 წლის საგაზაფხულო გაწვევაზე, მოთხოვნის შესაბამისად, მაქსიმალური რაოდენობა ამგვარად გადანაწილდა:

თავდაცვის სამინისტრო - 1400
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 1000
შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებული ქვედანაყოფები - 865
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებული ქვედანაყოფები - 422


რეგიონების მიხედვით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ პირთა მაქსიმალურ რაოდენობას მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტი ადგენს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

რადგან მიმდინარე წლის საგაზაფხულო მოწვევა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ზუსტი მონაცემები უწყებაში არ აქვთ. გასული წლის მონაცემების შესახებ კი ნახეთ  15 ივნისს ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.