სიღარიბესთან დამარცხებული სახელმწიფო პროგრამები (ვიდეო)
14:34 / 15.08.2016
საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით
განსაზღვრული დაფინანსება 2016 წელს 49 მილიონი ლარით გაიზარდა.
საარსებო შემწეობას დაახლოებით ოცი ათასი ადამინით მეტი იღებს.
სახელმწიფო, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული
პროგრამებს სოციალურად დაუცველები არაქმედითუნარიანად აფასებენ.
ექსპერტები კი ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა
ოჯახების სიღარიბის შეჩერებაზე არ არის ორიენტირებული.
ცხოვრება
სიღარიბეში
"შევეგუე იმ აზრს, რომ სიღარიბეს თავს ვერ დავაღწევ, ვერც სახელმწიფო
და ვერც ადგილობრივი პროგრამებით," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ციალა
ახალაძე.
მან ადგილობრივი თვითმმართველობის ფულადი დახმარებით 2015 წელს
ისარგებლა, მაგრამ დღემდე სხვისი დახმარების შემყურეა და და ცხოვრება
კვლავ სიღარიბეში უწევს.
უშედეგობაზე საუბრობენ ქუთაისში მცხოვრები ჯეჯეიების ოჯახშიც,
რომლებიც ხუთი წელია ფულადი სოციალური დახმარებით სარგებლობენ.
პროგრამის ფარგლებში მიღებული საარსებო შემწეობა მათი სიღარიბიდან
ამოყვანას ვერ უზრუნველყოფს.
"მთავრობა ფულს წყალში ყრის, რადგან ამ დახმარებებს ჩვენთვის შედეგი
არ მოაქვს," - ამბობენ ჯეჯეიები.
"წყალში გადაყრილი
ფული"
მიუხედავად იმისა, რომ ჯეჯეიბი გამოსავალს საკუთარი შემოსავალის
გაჩენაში ხედავენ, არ ენდობიან სოციალური მომსახურების სააგენტოს
დასაქმების პროგრამებს.
"ფარსია ეს პროგრამა, ამიტომ არც მიგვიმართავს მათთვის. ვიცი ჩემი
ნაცნობები, რომლებმაც სცადეს ბედი და დარეგისტრირდნენ, მაგრამ
ამ დრომდე არ დაუსაქმებიათ," - აცხადებენ სოციალურად დაუცველი
ოჯახის წევრები.
მილიონები და სახელმწიფოს
აქცენტები
საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებზე ყველაზე
მეტი რაოდენობის თანხა მიმდინარე წელს გამოიყო და 68 მილიონი ლარი
შეადგენა.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში
ბიუჯეტის ზრდას სხვადასხვა გარემოებებით ხსნიან.
"ასაკობრივ პენსიასა და შშმ პირებზე დახმარების მომატებამ გამოიწვია
ბიუჯეტის ზრდა, ასევე მიზნობრივ სოციალურ დახმარებებზე შეიცვალა
მეთოდოლოგია," - ამბობს პენსიებისა და სოციალური დახმარებების
სამმართველოს უფროსი, თეა გვარამაძე.
მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედებული ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით,
სოციალურად დაუცველ ოჯახში, რომლის სარეიტინგო ქულა 30 000 ზე-
ნაკლებია, საარსებო შემწეობას 60 ლარის ოდენობით ოჯახის ყველა
წევრი მიიღებს.
ამ დრომდე, ფულადი დახმარების სახით 60 ლარი მხოლოდ ოჯახის პირველ
წევრზე გაიცემოდა, ხოლო ყოველი მომდევნო 48 ლარით ფინანსდებოდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციაში საარსებო შემწეობის
სიკეთეებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ მისი დანიშვნა სოციალურად
დაუცველ ოჯახებზე 2005 წლიდან დღემდე აქტუალობას არ კარგავს.
"სოციალური პროგრამების მიხედვით არსებობს ფულადი და არაფულადი
დახმარებები, რომელიც გათვალისწინებულია მიზნობრივი ჯგუფებისთვის, ამ
პროგრამების ამოცანაა რათქმაუნდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის
აღმოჩენა მიზნობრივი ჯგუფების მისამართით," - ამბობს საქართველოს
შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პენსიებისა და
სოციალური დახმარებების სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე.
მისივე თქმით, საქართველოში მოქმედი სოციალური პროგრამები სიღარიბის
დაძლევაზეა ორიენტირებული.
"საქართველოში შემცირდა უკიდურესი სიღარიბე. თუმცა მიზნობრივი
სოციალური დახმარების პროგრამა არაა ერთადერთი, რომელმაც უნდა
მოახერხოს სიღარიბის შემცირება. აქ არის ძალიან ბევრი კომპლექსური
ფაქტორი, მიმართულება და პროგრამა, რომელიც ეხმარება მოქალაქეებს
დაძლიონ სიღარიბე," - ირწმუნება გვარამაძე.
ოფიციალური უწყების
პირისპირ
მაშინ როდესაც ქვეყანაში მოქმედი სოციალური პროგრამებით სიღარიბის
შემცირებაზე საუბრობენ, ოფიციალური მონაცემებით საარსებო შემწეობის
მიმღებთა რაოდენობა გაზრდილია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის ცნობით,
ქუთაისში საარსებო შემწეობას დღეს გასულ წელთან შედარებით 418-ით მეტი
ოჯახი იღებს.
2015 წელს ქუთაისში საარსებო შემწეობის მიმღები 3 282, ხოლო მიმდინარე
წელს 3 700 ოჯახია.
აღნიშნული მონაცემების ფონზე, სახელმწიფო მოხელეების შეხედულებას, რომ
ქვეყანაში სიღარიბე მეტ-ნაკლებად დაძლეულია ექსპერტთა ნაწილი არ
ეთანხმება.
მეტიც, მათი შეფასებით, სოციალური დაცვის პროგრამები მოსახლეობის
სიღარიბიდან ამოყვანას სრულიად არ ითვალისწინებს.
"საქართველოში მოსახლეობის 45% ღარიბია, თუმცა ის სოციალური
პროგრამები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება სიღარიბეს ვერასოდეს
დაამარცხებს. დღევანდელი მოცემულობით და სოციალური პოლიტიკით, ღარიბთა
რაოდენობა მუდმივად მზარდი იქნება," - ამბობს არასამთავრობო
ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" დირექტორი და
ექსპერტი სოციალურ საკითხებში გია კაკაჩია.
მისივე თქმით, სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის მთავარი ხარვეზი
სოციალურად დაუცველთა დიფერენცირებაშია.
"არ ხდება ღარიბსა და ღატაკს შორის გამოყოფა. სახელმწიფოს მხრიდან
გაცხადებული უნდა იყოს ვის ეხმარება. შიმშილის ზღვარზე მყოფს, თუ
ღარიბს. ამ ორს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, დღეს საქართველოში
მილიონნახევარი ადამიანი თავს სოციალურად დაუცველად მიიჩნევს, მაშინ,
როდესაც ერთი ადამიანი შეიძლება შიმშილით კვდებოდეს, მეორეს რაღაც
საარსებო წყარო ჰქონდეს. ეს ყველაფერი ვერ გამოისახება ქულებით,
ამიტომ იდეალური ვარიანტი ალბათ ის იქნებოდა, რომ ქულა მიბმული იყოს
საარსებო მინიმუმს, რაც სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის უფრო
რეალურ სურათს აჩვენებდა," - ამბობს ექსპერტი სოციალურ საკითხებში გია
კაკაჩია.
"სურათის" სხვა მხარე..
თუკი ექსპერტისთვის სოციალური პოლიტიკა ხარვეზების შემცველია,
ქუთაისში მცხოვრები რიგი ოჯახებისთვის ის უსამართლოა.
ქუთაისში, მცხოვრები 59 წლის მარინე ალასანიას ერთი წელია, რაც
სოციალური მომსახურების სააგენტომ ფულადი დახმარება შეუწყვიტა.
სოციალურად დაუცველი უმუშევარია. შშმ პირის მეორე ჯგუფით
გათვალისწინებულ 100 ლართან ერთად, საარსებო შემწეობა მის ერთადერთ
შემოსავალს წარმოადგენდა.
მარინე ალასანია ირწმუნება, რომ სოციალური შემწეობა მისი საცხოვრებელი
სახლის ეზოში არსებული ბოსტნის გამო მოუხსნეს. ახლა აღარც დახმარება
აქვს და აღარც სიღარიბიდან თავის დაღწევის იმედი.
"მითხრეს, რომ სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ვარ და დახმარება არ
მეკუთვნის. ასეთი მიდგომა უბრალო უსამართლობა არაა, ეს სულმდაბლობა და
მათხოვრობაა სახელმწიფოს მხრიდან," - ამბობს მარინე ალასანია.
სოციალურად დაუცველი მარტოხელაა. ის ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობს.
ალასანიას ეზოში 299 კვ.მ მიწაზე, ხუთი ძირი პომიდორი, მწვანილები და
რამდენიმე სიმინდი აქვს გაშენებული.
ალასანია მისი საცხოვრებელი პირობების გადახედვას და სარეიტინგო
ქულების თავიდან მინიჭებას ითხოვს.
სოციალური მომსახურების იმერეთის სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ
ხელახალი შეფასების მიზნით, მარინე ალასანიამ მათ ოფიციალური
განცხადებით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც ბენეფიციარის სოციალური
პირობების შესწავლა მოხდება.
"ქუთაისიპოსტის" მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა მიზეზით და რამდენ
ბენეფიციარს მოეხსნა ამ დრომდე საარსებო შემწეობა ქუთაისში, სოციალური
სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში პასუხი არ აქვთ.
სააგენტოს ცენტრალურ ადმინისტრაციაში კი ირწმუნებიან, რომ ამ
მონაცემების აღრიცხვა ტექნიკურად შეუძლებელია.
"სოციალური მომსახურების სააგენტო არ აწარმოებს იმ ოჯახების
სტატისტიკას, რომელთაც შეუწყდათ საარსებო შემწეობის გაცემა.
ტექნიკურად ასეთი ოჯახების გამოვლენა შეუძლებელია, რადგან ერთი, რომ
შეწყვეტის მიზეზი სხვადასხვაა. გარდა ამისა, შესაძლოა ოჯახებს დროებით
ჰქონდეთ შეჩერებული საარსებო შემწეობა და გადამოწმების შემდგომ ისევ
გახდნენ მისი მიმღები. ასევე ოჯახებს , რომლებიც მოწმდებიან სოციალური
მომსახურების სააგენტოს მიერ, ბაზაში ენიჭებათ საიდენტიფიკაციო კოდი
და როცა ოჯახში არის რაიმე ცვლილება, მაგალითად დემოგრაფიული,
საზღვრის კვეთა, ან მისამართის ცვლილება, საიდენტიფიკაციო კოდი
იცვლება, შესაბამისად, შესაძლოა ოჯახს ძველ საიდენტიფიკაციო კოდზე
შეუწყდეს საარსებო შემწეობის მიღება, მაგრამ ახალ საიდენტიფიკაციო
კოდზე კვლავ გახდეს მიმღები," - განმარტავენ სააგენტოს ცენტრალურ
ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, საარსებო შემწეობის შეწყვეტის მიზეზი რამდენიმე
შეიძლება იყოს: მაღალი სარეიტინგო ქულა, როცა ოჯახი არ აცნობებს
სააგენტოს დემოგრაფიულ ცვლილებას ( მაგალითად ოჯახის წევრის
გარდაცვალებას ან ოჯახის ახალი წევრის შემატებას), ასევე არ აცნობებს
სააგენტოს 3 თვეზე მეტი ხნით საზღვრის კვეთის შესახებ; ინფორმაციას
მისამართის ცვლილების თაობაზე ან ლეგალური შემოსავლის გაჩენის
შესახებ.
"ასეთ შემთხვევაში ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდზე უქმდება რეგიტრაცია
და ეზღუდება 1 წლით გადამოწმების უფლება. ამ შეზღუდვით იმერეთის
რეგიონში წელს 10 000-ზე მეტ ოჯახს შეუწყდა რეგისტრაცია," - აცხადებენ
სოციალურ სააგენტოში.
საარსებო შემწეობის აღდგენის მოლოდინში მყოფ სოციალურად დაუცველთა
ერთად, ქუთაისში დახმარების დანიშვნის მსურველებსაც იპოვით.
ერთ - ერთი მათგანი 31 წლის მარტოხელა დედა, ლია გერგედავაა.
"მხოლოდ 54 ლარს შეადგენს ჩემი ხელფასი, არც საცხოვრებელი გამაჩნია და
მარტო ვზრდი მცირეწლოვან შვილს. საარსებო შემწეობა გარკვეული შეღავათი
მაინც იქნება ჩემთვის, " - ამბობს ლია გერგედავა.
მერიის როლი სიღარიბის
დაძლევაში
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურში ამტკიცებენ, რომ სოციალური
პროგრამების მიზანი სწორედ მოსახლეობის დახმარება და სიღარიბის
დაძლევაა.
"რათქმაუნდა ეფექტურია ეს პროგრამები და ამიტომაც ახორციელებს
ქუთაისის მერია," - განმარტავს ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის
უფროსი გია ჩიჯავაძე.
2015 წელს ქუთაისის მერიის სოციალური პროგრამების ბიუჯეტი 123,400
ლარით გაიზარდა.
მერიის სოციალური დახმარების პაკეტებზე 2014 წელს ბიუჯეტში 2 441 400
ლარი, ხოლო 2015 წელს 2 441 400 ლარსი იყო გათვალისწინებული.
მოთხოვნები და
რეკომენდაციები
ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ფულად დახმარებაზე
ორიენტირებული პროგრამების გარდა, სახელმწიფოს მხრიდან დასაქმების
აქტიური პოლიტიკის განხორციელებას ითხოვენ.
"სახელმწიფომ სოციალური დახმარების გარდა დასაქმებაზეც უნდა
იზრუნოს,"- ამბობს ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ზეინაბ
გურგენიძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით
ჯანდაცვის სამინისტრომ წელიწად-ნახევრის წინ ახალი პროექტი წორკნეტ.გე
წამოიწყო და ის ნებისმიერ მოქალაქეს სამუშაოს ძებნის საშუალებას
აძლევს.
"ძირითადი სამიზნე ჯგუფი სოციალურად დაუცველები არიან. პროგრამის
მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა
პროფესიული მომზადება-გადამზადებით, ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი
სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს
მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა," - განმარტავენ სოციალური
მომსახურების სააგენტოში.
თუმცა, სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში არ მალავენ, რომ
ხსენებული პროგრამით სოციალურად დაუცველები არ ინტერესდებიან.
"სოციალურად დაუცველები იმიტომ არ რეგისტრირდებიან, რომ ფიქრობენ
შედეგად შემწეობა მოეხსნებათ. სინამდვილეში, თუ მათი ხელფასის
რაოდენობა არ აღემატება 150 ლარს, ფულადი დახმარება შეუნარჩუნდებათ,"-
ამბობს სოციალური მომსახურების საგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის
უფროსი ნინო ჭიღლაძე.
ჭიღლაძე იმასაც ადასტურებს, რომ ქუთაისის მასშტაბით დასაქმების მხოლოდ
ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.
სოციალურად დაუცველები დასაქმების არსებული პროგრამის უგულებელყოფას
იმით ხსნიან, რომ შედეგის მომტანი არ არის.
"პირადად მე ორჯერ ვისარგებლე ამ მოსმახურებით, ორივეჯერ მივიღე უარი
ვაკანსიაზე, თუმცა ხომ ვცადე," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები
სოციალურად დაუცველი.
ექსპერტები სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამას
არაეფექტურად აფასებენ.
"ის პროგრამა, რაც დღეს არსებობს არის მხოლოდ საშუამავლო ელემენტი,
რომელიც რეალურად საქმეს ვერ გააკეთებს. იმისთვის, რომ დასაქმების
პროგრამამ რეალურად იმუშავოს, სახელმწიფოს მხრიდან სწორი გათვლებია
საჭირო, " - აცხადებს ექსპერტი სოციალურ საკითხებში გია კაკაჩია.
ექსპერტის თქმით, სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა შეიმუშაოს მოწყვლადი
ოჯახების სიღარიბეში ჩავარდნის შეჩერების ეფექტური მექანიზმები. ასევე
დასაქმების ღონისძიებები განახორციელოს ისე, რომ სოციალურად
დაუცველები შრომის ბაზარს რეალურად დაუბრუნდნენ.
იქამდე, ვიდრე სახელმწიფო სიდუხჭრის დაძლევის სხვა გზებს
მოძებნის, წლიდან წლამდე სოციალური დახმარების ბიუჯეტი იზრდება,
თუმცა მილიონები სიღარიბესთან ბრძოლაში ჯერჯერობით მარცხდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები