ქუთაისში, ოთხი ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც ხუთ
თვეში უნდა დასრულდეს, ერთი თვის წინ დაიწყო.
ნიკეას, თაბუკაშვილისა და გამსახურდიას ქუჩების სულხან-საბას
გამზირთან შემაერთებელი გზის გაყვანისთვის მერიამ 3 მილიონამდე ლარად
შეფასებული ტენდერი (SPA170006587) გასული წლის მაისში გამოაცხადა.
მასში გამარჯვებული ამხანაგობა "მშენებლის" წარმომადგენელი ამტკიცებს,
რომ ნაკისრ ვალდებულებებს განსაზღვრულ ვადებში შეასრულებს. თუმცა,
კომპანიაში თავს იზღვევენ და დაპროექტების დროს დაშვებულ შეცდომებზე
საუბრობენ. თავად მშენებლობის პროექტის ავტორი კი აცხადებს, რომ
ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციაში ნახაზის კითხვა უჭირთ, რის გამოც,
შესაძლოა, მშენებლობა ჩავარდეს.
ნაწილი I
მოსახლეობა
თემურ ირემაძე გამსახურდიას ქუჩაზე მესამე ათეული წელია ცხოვრობს. მას
კარგად ახსოვს ის დღე, როდესაც კომუნისტებმა მისი მეზობლები
გადაასახლეს და მათ ნამოსახლარებზე გზის გაყვანა გადაწყვიტეს,
რომელსაც ნიკეას, თაბუკაშვილისა და სულხან-საბას დასახლება
ერთმანეთთან უნდა შეერთებინა. თუმცა, თემურ ირემაძე ამბობს, რომ
საბჭოთა ეპოქის დასრულებასთან ერთად, გზის მშენებლობა ვეღარ
გაგრძელდა. მისი თქმით, კომუნისტებს სულ სხვა პროექტი ჰქონდათ, რომლის
მიხედვით, სარკინიგზო გადასასვლელზე ხიდი უნდა მოეწყოთ.
ირემაძის მსგავსად, ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოები დაახლოებით
ერთი თვის წინ დაიწყო და მას შემდეგ ადგილზე არავინ გამოჩენილა.
"როგორც ვიცი, ახლანდელი პროექტი ხიდის აგებას არ ითვალისწინებს,
თუმცა რაც კეთდება ძალიან კარგია და მივესალმებით თუ დასრულდება," -
ამბობენ გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრებლები.
რამდენად შემოკლდება გზა ნიკეას ქუჩიდან სულხან საბას გამზირამდე და
როგორ უნდა წახვიდეთ ახლა ამ მიმართულებით, იხილეთ ვიზუალიზაცია.
წითელი ხაზით აღნიშნულია ახალი მშენებარე გზა, ხოლო ლურჯით -
დღეისათვის არსებული.
ტენდერი - კონკურენტები,
პირობები და დოკუმენტაცია
ქუთაისში ნიკეას, თაბუკაშვილისა ქუჩისა და სულხან-საბა ორბელიანის
გამზირის შემაერთებელი გზის მშენებლობის ელექტრონული ტენდერი
მერიამ გასული წლის 5 მაისს გამოცხადა. წინადადებების მიღება 29 მაისს
დასრულდა. ტენდერი (
SPA170006587) 2 816 448 ლარად იყო
შეფასებული. ამ თანხის 65% სახელმწიფო, დარჩენილი ნაწილი კი
ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებია.
ტენდერში მონაწილეობა შვიდმა კომპანიამ მიიღო, რომელთაგან მესამე
რაუნში მხოლოდ სამი - შპს "დაგი+", "გზამშენი XXI" და
ამხანაგობა "მშენებელი" გადავიდნენ. აქედან, პირველი ორი ადგილობრივი,
მესამე კი თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა.
მათ მიერ მოთხოვნილი საბოლოო ფასები ამგვარად ნაწილდება:
შპს "დაგი+" – 1 900 000 ლარი
"გზამშენი XXI" – 1 800 000 ლარი
ამხანაგობა "მშენებელი" – 1 799 999 ლარი
შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულად 1 ლარით ამხანაგობა "მშენებელი"
გამოვლინდა. ქუთაისის მერიასა და კომპანიას შორის ხელშეკრულება
1 799 998, 29 ლარზე
2017 წლის 5 ივნისს გაფორმდა.
სატენდერო პირობის თანახმად, გამარჯვებული ვალდებული იყო სამუშაოები
ხელშეკრულების დადებიდან 5 დღეში დაეწყო, ხოლო სამუშაოები
360 დღეში დაესრულებინა.
შენიშვნები და
რეაგირება
შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით ირკვევა, რომ
მერიის სატენდერო კომისიამ "მშენებელის" მიერ ატვირთული დოკუმენტაცია
2017 წლის 2 ივნისს განიხილა. სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ
"აღმოაჩინა", რომ კომპანიამ პირველ შეთავაზებად 2 533 159 ლარი
მიუთითა, ელექტრონული ვაჭრობის შემდეგ კი საბოლოო ფასი 1 799 999 ლარი
დააფიქსირა, რაც ტენდერით გათვალისწინებულ სავარაუდო ფასზე 1 016 449
ლარით ანუ 36,9%-ით ნაკლებია.
ამასთანავე, ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიას ხარჯთაღრიცხვაში
განთავსებული არ ჰქონდა მშენებარე გზის სარკინიგზო ნაწილზე
რეგულირებადი გადასასვლელის მოწყობის სამუშოები. ამასთანავე, კომისიას
შენიშვნა ჰქონდა გამარჯვებული კომპანიის ბოლო სამი წლის განმავლობაში
ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების მიმართაც, რაც
სატენდერო პირობის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.
"მშენებელს", აგრეთვე არ წარმოუდგენია შესრულებული ანალოგიური
სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, ხოლო წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების
აქტები, რომლებიც ადასტურებს ამხანაგობის ერთ-ერთი მონაწილის შპს
"ორბიტას" გამოცდილებას, არეულად და უწესრიგოდაა ატვირთული,
რომელთაგან გარდა ა/ბეტონის მოწყობის სამუშაოების დამადასტურებელი
დოკუმენტისა, ასევე წარმოდგენილია 2013 წელს გზების მოხრეშვისა და
ორმოული შეკეთების სამუშაოების დამდასტურებელი დოკუმენტები," -
ვკითხულობთ სხდომის ოქმში.
აქვე მითითებულია, რომ ორმოული შეკეთების სამუშაოები არ წარმოადგენს
გზის კაპიტალურ სამუშაოებს.
გარდა ამისა, ქუთაისის მერიის სატენდერო კომისიის ოქმის თანახმად,
"მშენებელს" წარმოდგენილი არ ჰქონდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის
შესახებ ინფორმაცია. სამუშაოების შესრულების ყოველკვირეული
გეგმა-გრაფიკი, ხოლო მანქანა-მექანიზმების იჯარის არც ერთ
ხელშეკრულებაში მითითებული არ ჰქონდა ვადები.
შესაბამისად, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ ყველა დოკუმენტაცია,
რაზეც შენიშვნა ჰქონდა, "მშენებელს" სამი დღის ვადაში თავიდან
წარმოედგინა. ამის შესახებ ქუთაისის მერიამ იმავე დღეს ამხანაგობას
წერილობით აცნობა. დოკუმენტს ხელს მერის პირველი მოადგილე, ნოდარ
მიქიაშვილი აწერს.
ამ გაფრთხილების შემდეგ, "მშენებელმა" მერიის მიერ მოთხოვნილი ყველა
საბუთი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში 2017 წლის
4-დან 20 ივნისის ჩათვლით ატვირთა. ქუთაისის მერიის სატენდერო
კომისიამ, ეტაპობრივად ატვირთული დოკუმენტაცია, განმეორებით სხდომაზე
განიხილა და შედეგად დაასკვნა, რომ ისინი განსაზღვრულ მოთხოვნებს
სრულად შეესაბამებოდა. 2017 წლის 21 ივნისს, ქუთაისის მერის პირველმა
მოადგილემ ამხანაგობას, წერილობით მიმართა ხელშეკრულებაზე ხელი 5
დღეში მოაწეროს.
"მშენებლის" ტენდერების
ქრონიკა
ირკვევა, რომ ვიდრე ქუთაისის მერია ამხანაგობა "მშენებელთან"
ხელშეკრულებას გააფორმებდა, მანამდე კომპანიას დისკვალიფიკაცია,
არასრულყოფილი დოკუმენატაციის გამო, საქართველოს სხვადასხვა
მუნიციპალიტეტებმა მისცეს. ესენია: მცხეთის, გორის, ხაშურის, ქარელის,
კასპის, თელავის, გურჯაანის მუნიციპალიტეტები და ასევე, რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც.
მაგალითად, 2017 წლის 7 ივლისს, დუშეთში, სოფელ ბულაჩაურში
წყალმომარგების ქსელის რეაბილიტაცია, რომლის საწყისი ღირებულება 183
104 ლარი იყო, კომპანიამ კი 125 000 ლარი მოითხოვა. მუნიციპალიტეტმა
მას დისკვალიფიკაცია ზუსტად იმ მიზეზის გამო მისცა, რაზეც კომპანია
ქუთაისის მერიამ წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, სამუშაოების
გეგმა-გრაფიკის და გამოცდილების წარმოუდგენლობის გამო.
ანალოგიურად, დოკუმენტაციაში აღმოჩენილი რამდენიმე უზუსტობისთვის
მისცა დისკვალიფიკაცია ამხანაგობას სენაკის მუნიციპალიტეტმაც.
"დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა, ნაცვლად სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო
ფასის - 832 001 ლარისა, წარმოადგენილია 1 031 736, 12 ლარზე,"-
აღნიშნულია 2017 წლის 28 ივლისით დათარიღებულ სენაკის მუნციპალიტეტის
სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.
შესყიდვების სააგენტოს მიხედვით, ამხანაგობა "მშენებელი" გასული
წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ 8 ტენდერში
გამარჯვებულად გამოვლინდა. ერთ-ერთი მათგანია ქარელი. კერძოდ,
კომპანიას სოფელ ძლევიჯვარში საავტომობილო გზაზე ასფალტი დაეგო, სოფელ
ცერონისში კი სასმელი წყლის ჭაბურღილი უნდა მოეწყო, რაშიც სულ 682
062,99 ლარი უნდა მიეღო.
ქარელის მერი, ზაზა გულიაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ
ამხანაგობამ მასზე ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერც ერთ
ტენდერში შეასრულა, რის გამოც 2017 წლის ბოლოს მის შავ სიაში
გადასაყვანად, შესყიდვების სააგენტოს მიმართა.
"მშენებელი" ვერ ჩაეტია ვადებში და მას დაეკისრა ძველიჯვრის გზაზე 134
000 ლარის ჯარიმა. რაც შეხება ჭაბურღილს, მასზე ექსპერტიზის დასკვნა
ვერ წარმოადგინა და შესაბამისად, არც ერთი თეთრი გადაგვიხდია. ასე
დასრულდა ჩვენი ურთიერთობა," – აღნიშნავს ზაზა გულიაშვილი.
შესყიდვების სააგენტოდან გვაცნობეს, რომ ამხანაგობა "მშენებელი" შავ
სიაში 2017 წლის 19 ოქტომბერს და 8 დეკემბერს დარეგისტრირდა.
"სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიმწოდებელმა გაასაჩივრა
სასამართლოში და სასამართლოს განჩინებებით, შეჩერდა სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებების (რომლებითაც
ამხანაგობა "მშენებელი" დარეგისტრირდა შავ სიაში) მოქმედება მოცემულ
საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლამდე,"-
აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოსგან მიღებულ წერილში.
ამხანაგობა "მშენებელის" მონაწილეები შპს "ორბიტა და შპს "ალიგატორი"
არიან. ეს უკანასკნელი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
მონაცემებით 2017 წლის 9 იანვარს, შპს "ორბიტა" კი 2013 წლის 17
სექტემბერსაა რეგისტრირებული. შესაბამისად, ამხანაგობის მიერ
წარმოგენილ ყველა დოკუმენტაციაში, შედარებით ადრინდელი რეგისტრაციის
მქონე, "ორბიტა" ფიგურირებს.
ვის მიმართ გამოთქვამს ბრალდებებს კომპანია, რა ეტაპზეა
ამ დროისთვის ნიკეას, თაბუკაშვილისა ქუჩისა და სულხან-საბა ორბელიანის
გამზირის შემაერთებელი გზის მშენებლობის სამუშაოები, როგორია ყოფილი
და მოქმედი ხელისუფლების პოზიცია, ნახეთ სტატიის მეორე ნაწილში, 21
თებერვალს ქუთაისიპოსტზე.
მასალის გამოყენების პირობები