„უკვე მეორე თვეა ველოდები, რომ მოხუცთა თავშესაფარში წამიყვანენ,
მაგრამ ჯერ არავინ ჩანს. ამასობაში ზამთარი მოვიდა და აქ უკვე ძალიან
მცივა“, - გვიყვება 63 წლის ნათელა ხუჭუა. ის უკვე 20
წელია ვაგონში ცხოვრობს.
ერთი საწოლი, სკამი, შეშის ღუმელი და ერთი შეჭედილი ყუთი, რომელსაც
მაგიდის ფუნქცია შეუთავსებია. მხოლოდ ამ ნივთებს ნახავთ მარტოხელა
მოხუცის საცხოვრებელში. ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო სხვა ნივთი,
რომ ჰქონდეს მაინც ვერ დაატევს 4 კვ მ ფართის მქონე ვაგონში.
მწვანე ფერის ვაგონს, რომელიც ავტოქარხნის დასახლებაში ტყის პირას
მოსახლეობისგან მოშორებით დგას იოლად შეამჩნევთ. რკინის
კონსტრუქციას კარი დაზიანებული აქვს, ამიტომაც ვაგონის ბინადარი
ზამთარში სიცივისგან თავის დაცვას პარკებით ცდილობს.
"საცხოვრებელში" არ არის გაზი და არც დენი. ნათელა გათბობას
შეშის ღუმელით ცდილობს, ესეც მხოლოდ მაშინ თუ შეშის შეგროვება
შეძლო.
„სანთელს მაშინ ვანთებ, როცა ტურები ყმუიან. მეშინია. ვფიქრობ,
იქნებ სანთლის შუქით მაინც დაფრთხენ და წავიდნენ“, - გვიყვება
ნათელა ხუჭუა.
ნათელა ხუჭია წლების განმავლობაში სამტრედიაში ცხოვრობდა. თუმცა
ოჯახური კონფლიქტის გამო იქ გაჩერება ვეღარ შეძლო და თავი ვაგონს
შეაფარა. ის სოციალურად დაუცველთა სიაშია და ყოველთვიურად 180 ლარიან
პენსიასთან ერთად, 60 ლარიანი დახმარებაც ერიცხება. საჭმელიც
მადლიერების სახლიდან ყოველდღე მოაქვს.
ამბობს, რომ სიბერეში მარტო ყოფნის ეშინია და სიცოცხლის დარჩენილი
წლების გატარება ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონში სურს.
“არ მეგონა თუ ოდესმე ვიტყოდი რომ პანსიონში მინდა ცხოვრებათქო,
მაგრამ მეშინია ზოგჯერ ისე მცივა. ზოგჯერ მეშინია, რომ სულ მარტო ვარ.
ხშირად მშია და მადლიერების სახლამდე მისვლაც არ შემიძლია.
მოხუცთა თავშესაფარში იქნებ გამოიძებნოს ერთი ადგილი ჩემთვის“,
- გვეუბნება ნათელა ხუჭუა.
ხანდაზმულთა პანსიონში მოხვედრისთვის ბენეფიციარს შემდეგი გზის გავლა
უწევს. ჯერ სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა მოხდეს
განცხადების დაწერა, რომელსაც თან ერთვის დოკუმენტი ბენეფიციარის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შემდეგ სოციალური აგენტი
ხანდაზმულთან იწყებს მუშაობას იმისათვის, რომ მოხდეს დოკუმენტაციის
სრული შევსება ე.წ. პრიორიტეტების ჯგუფის დადგენა. ამის შემდეგ
არსებული ინფორმაცია სოციალური მომსახურეობის ცენტრალურ აპარატში
იგზავნება, სადაც საბჭო განიხილავს თითოეულ ბენეფიციარის ისტორიას და
იღებს გადაწყვეტილება.
იმერეთის სოციალური მომსახურეობის სააგენტოში განმარტავენ, რომ
ნათელა ხუჭუას საქმეს აქტიურად სწავლობენ. იქ აცხადებენ, რომ
სოციალური აგენტი ნათელა ხუჭუას საქმისთვის დამატებითი დეტალების
მოძიებას ცდილობს, რათა მისი პანსიონში გადაყვანა დაჩქარდეს.
"აღმოჩნდა, რომ მას ოჯახის წევრები ჰყავს, ჩვენ გადავამოწმეთ, ადგილზე
ჩავედით სამტრედიაში, თუმცა, იქ არ დაგვიდასტურეს ფაქტი. ახლა ისევ
ვცდილობთ გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რომ დავაჩქაროთ მისი
ბენეფიციარად მიღება", - ამბობს ჩვენთან საუბარში იმერეთის
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნინო ჭიღლაძე.
მისი თქმით, 60 წელს ზემოთ ხანდაზმულებისთვის სხვადასხვა
პრიორიტეტების მინიჭება ხდება.
„განაცხადის შემოტანის შემდეგ ინფორმაცია თავს იყრის სოციალური
მომსახურების ცენტრალურ აპარატში. სადაც ხდება განხილვა ვის რა
პრიორიტეტი, ანუ ვის უფრო რთული მდგომარეობა აქვს. სწორეს ამ
ბენეფიციარის დაკმაყოფილება მოხდეს პირველ რიგში. პრიორიტეტის
მინიჭება ხდება შემდეგნაირად, ვთქვათ თუ პირს აქვს გადაუდებელი
საჭიროება, რომ იცხოვროს პანსიონში, ან არ ჰყავს არავინ ვინც მასზე
მეურვეობას აიღებს. არ ჰყავს შთამომავალი, ახლო ნათესავი ოჯახის
წევრი", - ამბობს ნინო ჭიღლაძე.
მისი თქმით, განცხადების დაწერის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება
ყველა მსურველის დაკმაყოფილება. თუმცა, აღნიშნავს, რომ არ
არსებობს კონკრეტული დრო თუ რამდენ ხანში მიიღებს ხანდაზმული
სახელმწიფოს მზრუნვეობას.
ქუთაისში, ხანდაზმულთა პანსიონატი სოლომონ მეორის მეოთხე ჩიხში, #6-ში
მდებარეობს. იქ ამ დროისთვის 85 ხანდაზმული ცხოვრობს.
პანსიონატში ბენეფიციარებზე მზრუნველობა სრული და თანადაფინანსებით
ხდება. ეს დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე, რომელიც
მოხუცის ოჯახს აქვს მინიჭებული. მაგალითად,
ხანდაზმულის ოჯახს 65 000-მდე ქულა, დღეში ასეთი
ხანდაზმული სრულად ანუ 16 ლარით ფინანსდება.
თუ სარეიტინგო ქულა არის 65 001-დან 100 001-მდე მაშინ დღეში
ფინანსდება 13 ლარით და თვითონ საკუთარი პენსიიდან 3 ლარის გადახდა
უწევს, ასევე თუ მისი სარეიტინგო ქულა არის 100 001-დან 150 001-მდე
მაშინ დღეში ის სახელმწიფოსგან 11 ლარით ფინანსდება, ხოლო პირს უწევს
5 ლარის გადახდა. თუ პიროვნება სოციალურად დაუცველი არ არის, ამ
შემთხვევაში მას სრული თანხის ანუ თვეში
16 ლარის გადახდა თავად უწევს.
იმერეთლის სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ
2017 წლის 1 იანვრიდან ამ დრომდე ხანდაზმულთა პანსიონში ცხოვრების
სურვილი 9 ბენეფიციარს დაუკმაყოფილეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები