მამუკა ჩუბინიძე თავშესაფრის მესამე სართულზე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი კმაყოფილია, რადგან ათი წლის შემდეგ პირველად არ იხდის ბინის ქირას. იცის, რომ ეს დროებითა, თუმცა, ოჯახისთვის ესეც შეღავათია. ერთი პრობლემა, რაც სოციალურ საცხოვრისში აქვთ, გაზქურაა, რომელსაც ვერ იყენებენ. ამის გამო მთელი დანაზოგის ელექტროღუმეზე დახარჯვა მოუხდათ.
მამუკას მსგავს მდგომარეობაშია სოციალურ საცხოვრში შესახლებული სამოცდაოთხამდე ოჯახი. ელექტროენერგიის ხარჯს ჯერ-ჯერობით ქუთაისის მერია უხდით, თუმცა, თვის ბოლოდან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა ბენეფიციარებს მოუწევთ.
ქალაქში არსებული ობიექტი, სადაც სოციალური საცხოვრისი განთავსდა, შპს „სანომ“ გაარემონტა. ირკვევა, რომ კომპანიამ ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაში ოთახები არასწორი კონფიგურაციით მოაწყო.
კერძოდ, სამზარეულო, სადაც გაზქურა დგას, ოთახის სიღრმეში, ბინის ერთადერთი ფანჯრისგან მოშორებითაა განთავსებული. შესაბამისად, არ ხდება მისი განიავება. ამასთანავე, სამზარეულო ტიხრითაც კი არ არის გაყოფილი.
"სოკარ ჯორჯია გაზი" ასეთ პირობებში ბუნებრივი აირის მოხმარებას
სიცოცხლისთვის სახიფათოდ მიიჩნევს და ხარვეზების გამოსწორებამდე მის
ჩართვას არ აპირებს.
"ოთახების არასწორი კონფიგურაციაა, არც ტიხრებია, არ ხდება განიავება
იმ ოთახის, სადაც გაზის ღუმელები დგას. არ არის უსაფრთხოების ნორმები
დაცული და ამ რეალობაში ჩვენ იქ გაზს ვერ ჩავრთავთ", - ამბობს "სოკარ
ჯორჯია გაზის" ქუთაისისის სერვისცენტრის მენეჯერი, თეიმურაზ
ხვინგია.
მომხდარზე პასუხისმგებლობის არ იღებს შპს "სანოს" ხელმძღვანელი. კომპანიაში პრობლემის არსებობასაც კი არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ მათ არც კი იციან შენობაში ბუნებრივი აირი ჩართულია თუ არა.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სოციალური საცხოვრისი წინა ხელისუფლებამ ჩაიბარა და შესაბამისად,
პასუხიც მათ უნდა მოვთხოვოთ. თუმცა, გვითხრეს, რომ, ახალი მერი,
გიორგი ჭიღვარია შპს "სანოს" წარმომადგენლებს უახლოეს დღეებში
შეხვდება.
ქუთაისის მერიამ შპს "სანო" სოციალური საცხოვრისის
მოსაწყობად კონკურსის გზით შეარჩია. კონკურსში "სანო"
ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ნიკეას N 40-ში, კავშირგაბმულობის ყოფილ
შენობაში, უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად მას
ქუთაისის მერიამ პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი გადაუხადა, 2017 წლის ბიუჯეტში კი
დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური
საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები