საზოგადოება
ჯარიმა რეაბილიტაციისთვის - რისთვის აჯარიმებს ქუთაისის მერია მოსახლეობას
FaceBook
ქუთაისის მერიამ უნებართვო მშენებლობების გამო მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე  57 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმა. ჯარიმიდან მიღებულმა  თანხამ, 1 ოქომბრის მონაცემებით, 46 000 ლარი შეადგინა.

57 პირიდან 9 3000-3000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო დანარჩენების ჯარიმამ 1000 ლარიდან 2000 ლარამდე შეადგინა.

მერია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ობიექტების რეკონსტრუქციის დაწყებამდე პროექტის მერიასთან შეუთანხმებლობის გამო აჯარიმებს.  

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ ნებისმიერი სახის მშენებლობასა თუ რეკონსტრუქციაზე პროექტი უნდა შეათანხმონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან. მერიის არქიტექურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის განმარტებით, ზედამხედველობის სამსახურში უნდა იყოს შეთანხმებული საკუთარი სახლის ფასადის რეაბილიტაციაც და მისი ფერიც კი.

"ყველაფერზე აუცილებელია პროექტის წარდგენა და ჩვენთან შეთანხმება. რადგან, უნდა ვიცოდეთ და საქმის კურსში ვიყოთ ნებისმიერი სახის მშენებლობაზე.

შეიძლება სახლი ავარიულია და არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას და რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება", - განმარტავს ჭეიშვილი. რაც
შეეხება ფასადის ფერს, ჭეიშვილი ამბობს, რომ შენობის ფასადი ქალაქის საკუთრებაა და მისი ფერიც ქალაქის არქიტექტურასთან უნდა იყოს შეხამებული.

სანებართვო პირობების ვადების გადაცდომა, ფასადის რეაბილიტაციის შეუთანხმებლობა, მიშენება, მანსარდების დამატება და სამშენებლო პროექტის გადაცდომით განხორცილება - ეს სწორედ ის დარღვევებია, რის გამოც ქუთაისში ფიზიკური თუ იურიდიული პირები ჯარიმდებიან.

2000 ლარიანი ჯარიმა განკუთვნილია იმ შემთხევევაში, როდესაც მშენებლობა პროექტის დაცვით არ ხორციელდება. ხოლო პროექტის არ ქონის შემთხვევაში პირს 3000 ლარიანი ჯარიმა ეკისრება, შენობა კი დემონტაჟს ექვემდებარება. თუმცა, მერიაში ირწმუნებიან, რომ უნებართვო მშენებლობის დაფიქსირების შემდეგ ობიექტის მესაკუთრეს 45  დღიან ვადას აძლევენ პროექტის წარსადგენად.

"ჩვენ არ ვართ ისე, რომ ადამიანების დაჯარიმებაზე ვიყოთ ორიენტირებული. ვითვალისწინებთ მათ მდგომარეობას და პროექტის წარსადგენად დროს ვაძლევთ. მაგრამ თუკი არ მოხდა განსაზღვრულ დროშიპროექტის მომზადება, მაშინ ვაჯარიმებთ", - განმარტავს მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ბაქარ ჭეიშვილი.

არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ მოქალაქების მთავარი პრობლემა სამშენებლო ნებართვის მისაღებად პროექტის მომზადებაა. რადგან, როგორც აღიშნულ უწყებაში განმარტავენ, პროექტის მომზადება თანხასთან არის დაკავშირებული.
"თუმცა, ჩვენს მიერ უნებართვო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში უფრო მეტად იხარჯებიან, ვიდრე თავიდანვე პროექტის მომზადებაზე დაიხარჯებოდნენ", - აღნიშნავენ ზედამხედველობის სამსახურში.

სამშენებლო პროექტებზე მომუშავე არქიტექტორი გია ხუჯაძე ამბობს, რომ ქუთაისში მშენებლობისთვის პროექტების მომზადების კულტურა ნაკლებად არის. თუმცა, არქიტექტორი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაპროექტებაზე მომართვიანობა  აქვთ. რაც შეეხება, დაპროექტების ფასს, ამბობს რომ ფიქსირებული ფასი არ არსებობს და ეს დამოკიდებულია თავად სამშენებლო ობიექტზე.

"შეიძლება პროექტი 10 ლარად გავაკეთო, 10 000 ლარადაც ან საერთოდ უფასოდ. პროქტის ღირებულება დამოკიდებულია თავად ობიექტზე", - ამბობს არქიტექტორი გია ხუჯაძე.

არქიტექტორი აღნიშნავს, რომ ხშირია შემთხვევა, როცა პროექტის დამკვეთს ისეთი ობიექტის მშენებლობა სურდეს, რომელიც არანაირად არ შეესაბამება სამშენებლო პირობებს. ასეთ შემთხვევაში, როგორც არქიტექტორი განმარტავს, უარს ამბობს ობოექტის დაპროექტებაზე.

###

მშენებლობის საკითხი, საქართველოს მთავრობის 2009 წლის #57 დადგენილების მიხედვით რეგულირდება, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემის წესსა და სანებართვო პირობების ითვალისწინებს.

დადეგენილების გათვალისწინება ნებისმიერი სახის მშენებლობაზე არის აუცილებლი. (გარდა პირველი კლასის შენობისა).

მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე და სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

ზემოთაღნიშნული დადგენილების მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება შემდეგი ძირითადი პრინციპებით:

სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება. ამავე დადგენილების მიხედვით, სამშენებლო ნებართვის გაცემა სამშენებლო ობიექტის კლასის მიხედვით ხდება.

"შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით, რეკონსტრუქციისას. იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება, კლასი განისაზღვრება შენობა-ნაგებობის საბოლოო (სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული) პარამეტრების მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციისას შენობა-ნაგებობის კლასი მცირდება, შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება არსებული სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით", - ნათქვამია დადგენილებაში.

სულ არის ხუთი კლასი. I კლასს მიეკუთვნება შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; II კლასის არის შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით და საჭიროებს პროექტს. ასევე, საჭიროებენ პროქტს დანარჩენი III, IV და V კლასის ობიექტები.

რაც შეეხება ჯარიმებს უნებართვო მშენებლობებზე, ის  საქართველოს კანონის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განისაზღვრება.

სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას: მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით; მეხუთე კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით;

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.