სამართალი
დამნაშავე, რომელიც არ არსებობს – სამტრედიელი ბიჭის დაკარგული სამართალი
FaceBook
სამტრედიის სოფელ დაფნარში, 2016 წლის 8 აგვისტოს, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობა ბოლო წლების ერთ–ერთი ყველაზე რეზონანსული საქმეა.

მიუხედავად საქმეში ბრალდებულის, სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის გამამართლებელი განაჩენისა, ამ შემთხვევამ გამოააშკარავა ცალკეული პოლიციელების მიერ მოქალაქეებზე ზეწოლის პრაქტიკა, რომელსაც ისინი სასურველი ინფორმაციის მისაღებად იყენებენ.

"მე მინდა ნამდვილი მკვლელი დავინახო. გოდერძი თევზაძის ინტერესი არ მაქვს. ვეძებ ნამდვილ მკვლელს",– ასე გამოეხმაურა დემურ სტურუას დედა ბრალდებულის, გოდერძი თევზაძის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებას. თევზაძე, რომელმაც ციხეში 9 თვე გაატარა, უკვე ერთი წელია თავისუფალია. მიმდინარე წლის 26 ივნისს იგი უდანაშაულოდ სცნო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.
მართლმსაჯულებას კი 22 წლის ბიჭის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ,  არც "ნამდვილი მკვლელი" და არც მის თვითმკვლელობამდე მიყვანაში დამნაშავე უპოვია.
"დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა", – ამ სიტყვებით ასრულებს 22 წლის ახალგაზრდა წერილს. მომხდარის შემდეგ, ეს შემთხვევა საპროტესტო ტალღად, დემურ სტურუას ბოლო სიტყვები კი ლიტერატურულ ფრაზად იქცა.

დემურ სტურუას წერილის ეს ფრაზა,   ქუჩებში,  კელდებზე დაწერეს

საპროტესტო აქცია სამტრედიის პოლიციასთან (ფოტო: ნეტგაზეთი)


2016 წლის 8 აგვისტო


დემურ სტურუა საკუთარ ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი 8 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე მეზობელმა იპოვა. ხის ტოტზე ღვედი  ორჯერ იყო გადახვეული. ცხედრის აღმოჩენის დროს იგი დაახლოებით 14 საათის გარდაცვლილი იყო.

შემთხვევიდან მეორე დღეს, სახლში, სადაც დემური ცხოვრობდა, კედლის საათში ჩამაგრებული წერილი იპოვეს, რომელშიც დემური წერდა:
"პოლიციელი გოდერძია მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქ დათესილიო. უნდა მითხრა, თორემ რაც არ გაგიკეთებია იმას შეგტენიო. მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა. წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გოდერძი თევზაძე, მილიციელი..."
წერილის გასაჯაროებიდან მესამე დღეს გოდერძი თევზაძემ თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი მიიმალა.
ყოფილი პოლიციელი სამართალდამცავებს შემთხვევიდან ერთი თვისა და 6 დღის შემდეგ, 13 სექტემბერს მას მერე ჩაბარდა, რაც ერთი დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილს რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე შეკითხვა დაუსვეს.
7 აგვისტოს ორი ამბავი


გამოძიების ინფორმაციით, 7 აგვისტოს გოდერძი თევზაძე, რომელსაც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ დემურ სტურუასთან სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებდა, მას ტელეფონზე ურეკავს და სამტრედიის პოლიციაში იბარებს. ისინი ერთმანეთს პოლიციის შენობის კიბეებზე ხვდებიან, რის შემდეგაც დემურ სტურუა გოდერძი თევზაძის სამსახურებრივ მანქანაში ჯდება და სოფელ იანეთის მიმართულებით მიდიან. პროკურატურის მტკიცებით, თევზაძემ სტურუა იანეთის გზაზე, ნაკლებად დასახლებულ ადგილზე წაიყვანა, დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, ფიზიკურად გაუსწორდა და მისგან ინფორმატორობას ითხოვდა. მათი დაშორებიდან დახლოებით ორ საათში დემურმა გამოსათხოვარი წერილი დაწერა და თავი ჩამოიხრჩო.

გამოძიებით დადასტურებულია, რომ გვიან ღამით გოდერძი თევზაძემ სტურუას სახლში მიაკითხა. ამ დროს დემური,  სავარაუდოდ,  გარდაცვლილი იყო, თუმცა, დაინახავდა თუ არა გოდერძი თევზაძე  ხეზე ჩამოკიდებულ ცხედარს, ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია.
პროკურატურა მიიჩევს, რომ თევზაძემ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და თვითმკვლელობამდე მიიყვანა დემურ სტურუა.
7 აგვისტოს ამბავზე განსხვავებული ვერსია მოყვა თავად ბრალდებულმა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში მან მხოლოდ ის ფაქტები ვერ უარყო, რაზეც უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, კერძოდ, სატელეფონო ზარებისა და ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს როგორც სტურუასთან დარეკვას, ასევე, ავტომანქანით მათ ერთობლივ გადაადგილებას. თევზაძემ დაადასტურა იმ მოწმის ჩვენებაც, რომელიც ამბობს, რომ გვიან ღამით სტურუების სახლთან ვიღაც ფანრით ხელში მივიდა. დემურის მიერ დაწერილ წერილში მოყვანილი ფაქტები კი,  მისი დაშინებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ, უარყო.
მისი ვერსიის მიხედვით, 7 აგვისტოს, ნაშუადღევს, სამსახურში ყოფნის დროს მან დაურეკა დემურ სტურუას, რადგან გაახსენდა, რომ ერთი–ორი დღით ადრე დემური შეხვდა და უთხრა, რომ მასთან სალაპარაკო ჰქონდა. ამასთანვე, იგი სახლში აპირებდა სადილად გასვლას და გადაწყვიტა დროის ეს მონაკვეთი დემურთან სასაუბროდ გამოეყენებია, რადგან მეორე დღეს მეუღლე ოპერაციის გასაკეთებლად თბილისში მიჰყავდა. თევზაძის ვერსიით, დემურმა თავად შესთავაზა მას, რომ პოლიციაში მივიდოდა. რამდენიმე წუთში პოლიციის შენობიდან გამოსულს დემური კიბეებზე დახვდა, რომელმაც უთხრა, რომ დაფნარში მიდიოდა და თან გაჰყვებოდა. თევზაძის თქმით, მანქანაში დემურმა საჯავახოში 3 კვირით ადრე გარდაცვლილი ბიჭის ოჯახიდან მობილური ტელეფონის დაკარგვის ამბავი მოუყვა, რომელსაც მას აბრალებდნენ. თევზაძემ ჰკითხა: "გაბრალებენ თუ მოიპარეო?", რაზეც დემურმა არაფერი უპასუხა. ამის შემდეგ სტურუამ მას მანქანა გააჩერებია და ხიდთან ჩამოვიდა. თევზაძე კი სახლში წავიდა. უკან დაბრუნებულს დემური კვლავ ხიდზე დახვდა. თევზაძემ ჰკითხა, რატომ არ წახვედი სოფელშიო, რაზეც დემურმა უთხრა, ქალაქში მივდიოდი საქმეზეო და კვლავ ჩაუჯდა მანქანაში. ისინი ერთმანეთს პოლიციის შენობასთან დაშორდნენ.
ყოფილი პოლიციელი თავის ვერსიაში ცდილობს 7 აგვისტოს სტურუასთან დარეკვა და დღის განმავლობაში მათი ყოველი მომდევო შეხვედრა დაასაბუთოს. თევზაძე სტურუების სახლში ღამით ასვლის მოტივსაც თავიდანვე იმყარებს. სასამართლოზე მან თქვა, რომ როცა დემური პირველად ჩაისვა მანქანაში და შემდეგ ხიდთან ჩამოსვა, უთხრა, რომ საღამოს ნახავდა და დაკარგულ ტელეფონზე საუბარი კვლავ გაეგრძელებიათ. იგივეს იმეორებს იგი სამტრედიის პოლიციასთან მათი დაშორების მომენტის გახსენებისას. მისი თქმით, ამჯერად, დემურმა უთხრა, რომ გაარკვევდა ყველაფერს და საღამოს ეტყოდა პასუხს.
რა მოხდა სინამდვილეში თევზაძის ავტომანქანაში და რაზე ისაუბრეს მათ, უცნობია. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. შესაბამისად, თევზაძის ვერსიის გადამოწმება შეუძლებელია.
ერთი წლის შემდეგ გოდერძი თევზაძემ იგივე გაიმეორა  ქუთაისის სააპლაციო სასამართლოშიც.
პროკურორმა, დავით ცირეკიძემ, სააპელაციო სასამართლოში გამართულ ბოლო პროცესზე განაცხადა, რომ თევზაძის სტურუასთან შეხვედრის მიზანს არა მისი დახმარება, არამედ, მისგან ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა. საღამოს კი იმიტომ ააკითხა სახლში, რომ აინტერესებდა, მოიპოვა თუ არა სტურუამ აღნიშული ინფორმაცია.
"ადის და აინტერესებს, დემურ სტურუამ მოიპოვა თუ არა მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. კი არ ეხმარება მას, არამედ, თუ რამე პრობლემა ჰქონდა დემურ სტურუას, თევზაძე იყენებს სათავისოდ და სთხოვს მას ინფორმაციის მიწოდებას. რაც შეეხება იმას, რომ თევზაძესა და სტურუას კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ჩვენ გვაქვს ერთწლიანი სატელეფონო ამონაწერი და მათ შორის მანამდე არავითარი სატელეფონო კავშირი არ ფიქსირდება. იმ დღეს სწორედ იმიტომ ურეკავს, რომ მიიღოს ინფორმაცია",–განაცხადა პროცესზე ცირეკიძემ.


როგორ გამოუცხადა დედამ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს ნდობა?!

დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა პირველი იყო, ვინც გამოძიების ვერსიას უნდობლობა გამოუცხადა. მან დაცვის მხარის სტრატეგიის კვალდაკვალ შეცვალა პოზიცია და ეჭვი შეიტანა გოდერძი თევზაძის ბრალეულობაში.

მას შემდეგ, რაც გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა, დაცვის მხარემ გამოძიებისგან რადიკალურად განსხვავებული ვერსიები გააჟღერა. 15 სექტემბერს ბრალდებულის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, დემურ სტურუა მოკლული იყოს. ორ დღეში კი ეჭვქვეშ დააყენა წერილზე ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის პასუხი და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  წერილში ორი კალიგრაფია იკითხებოდა, იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ თევზაძის დაკავებამდე იყო დადგენილი   რომ ის გარდაცვლილმა დაწერა.
იმ დროს ნონა ჯოჯუა თევზაძის ადვოკატის ვერსიებს არ დაეთანხმა. მას მაშინ არც გოდერძის ბრალეულობაში ეპარებოდა ეჭვი და მის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა. თუმცა, გარდაცვლილის დედამ პოზიცია მალევე შეცვალა. 28 ოქტომბერს ნონა ჯოჯუა ჟურნალისტებთან სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ შესაძლოა, გოდერძი უდანაშაულო იყოს. უფრო მოგვიანებით კი იგი მიყვება დაცვის მხარის პოზიციას და ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია. პარალელურად, ნონა ჯოჯუამ უარი უთხრა სამართლებრივ დახმარებაზე არასამათავრობო ორგანიზაცია EMC-ს, რომელიც საქმეში თავიდანვე იყო ჩართული. საქალაქო სასამართლოში ნონა ჯოჯუას ადვოკატი აღარ აუყვანია.
"მე თვითონ გავუშვი, არ მჭირდებოდა არასამთავრობოების ადვოკატები. (გოდერძი) უდანაშაულოა და გაათავისუფლონ. ბევრი რამ გავიგე მე დემურის გარდაცვალების შემდეგ. ის არ უცემია გოდერძი თევზაძეს. საჯავახოში სცემეს უბნის ბიჭებმა",–განუცხადა ქუთაისიპოსტს ნონა ჯოჯუამ თევზაძის გათავისუფლებამდე ხუთი თვით ადრე.
მომხდარიდან ორი წლის შემდეგაც ნონა ჯოჯუა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის გარდაცვალება საჯავახოს უკავშირდება, გოდერძი თევზაძეს კი კვლავ ნდობას უცხადებს.
"ჩემს შვილებს შორის დემური ყველაზე ძლიერი იყო, მისით თავს არ მოიკლავდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოკიდეს. საჯავახოდან რომ მოდიოდა და იძახდა თავი დამანებეთ, ჩემს ეზოში ჩამოსული არ დაგინახოთო, რატომ არ გამოიძია ეს სასამართლომ? დაფნარშიც არ იცოდა ხალხმა დემურის გარდაცვალების ამბავი, ორი მანქანით რომ მოვიდნენ ბიჭები საჯავახოდან. საიდან გაიგეს ეს ამბავი? არ მოძებნეს, არაფერი არ გააკეთეს, იმიტომ, რომ მარტო ვიყავი და არავის აინტერესებდა ჩემი შვილი. გოდერძი თევზაძეს ვენდობი, ის ჩვენ გვერდში გვიდგა და მე რომ თურქეთში წამოვედი, მას ჩავაბარე დემური", -ამბობს ნონა ჯოჯუა, რომელიც ახლაც თურქეთში იმყოფება. იგი მისი შვილის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს არ დასწრებია.
მისგან განსხვავებით, არც მანამდე და არც შემდეგ პოზიცია არ შეუცვლია დემურ სტურუას ბიცოლას. დარიკო ჯაში დღემდე დარწმუნებულია, რომ დემურმა თავი გოდერძი თევზაძის გამო ჩამოიხრჩო, ნონა ჯოჯუას კი გაჩუმების სანაცვლოდ ფული გადაუხადეს.
"დარიკოდან წამოვიდა ეს ყველაფერი. მაგას როგორ მეუბნებით, მე რომ ფული მქონდეს, სხვის სახლში ვიცხოვრებდი"?!-ამბობს ნონა ჯოჯუა.

დაკარგული სამხილები

დასავლეთ საქართველოს რაიონულმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება მომხდარიდან მეხუთე დღეს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 9 აგვისტოს უკვე ცნობილი იყო დემურ სტურუას მიერ თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის შინაარსი,  12 აგვისტომდე საქმეს სამტრედიის პოლიცია იძიებდა და პროკურატურას ის მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გადაეცა,  რაც EMC-ს შეფასებით ინსტიტუციურ ინტერესთა კონფლიქტის არსებობაზე მიუთითებს.

ამ ხნის განმავლობაში საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაიკარგა, რამაც საბოლოო ჯამში ძიების პროცესი დააზარალა.
კერძოდ, შემთხვევიდან მეორე დღეს მოიჭრა ხე, რომელზეც სტურუამ თავი ჩამოიხრჩო და რომელიც გამოძიებისთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო. ხის მოჭრის გამო შეუძლებელი გახდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება და მომხდარის რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული აღწერა.


მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები

"ჩვენი შეხვედრა მთავრდებოდა ფიზიკური, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ზეწოლით. უნდა მიმეწოდებია ინფორმაცია თუ ვის ჰქონდა სოფელში დარგული ე.წ. მარიხუანა და ვინ იყო მომხმარებელი, ან სავარაუდოდ, რომელიმე დანაშაულის შესახებ, რომელიც ჩემთვის იყო ცნობილი. ეს მათი სამუშაო სტილია, ისინი ცდილობენ ამ გზით მოახდინონ მოქალაქეების ინფორმატორად ქცევა",–ეს განცხადება სოფელ დაფნარის მკვიდრმა, ოლეგ თავაძემ მედიასთან მისი დაკითხვის შემდეგ გააკეთა.

თავაძე სტურუას საქმეზე დაკითხული მოწმეებიდან ერთადერთია, ვინც გოდერძი თევზაძის მიერ ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.
მან სასამართლოს მოუყვა, რომ ერთ-ერთი დაკავების დროს, თავადაც გახდა გოდერძი თევზაძის მიერ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი და რომ ასეთი ზეწოლები სამტრედიის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სხვების მისამართითაც ხორციელდებოდა. პროცესზე ოლეგ თავაძემ კონკრეტული ადამიანი ვინმე შ.თ. დაასახელა, ვისზეც მსგავს ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
სასამართლომ ოლეგ თავაძის ჩვენების შემდეგ დაკითხა სამტრედიის პოლიციის ის თანამშრომელი, რომელიც მის დაკავებაში მონაწილეობდა. ჩვენებაში მან თქვა, რომ გოდერძი თევზაძეს ოლეგ თავაძის დაკავების ღონისძიებაში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა.
სამაგიეროდ,  დაინტერესდა თუ არა პროკურატურა თავაძის მიერ ხსენებული პირით, უცნობია. განაჩენის მიხედვით სასამართლოზე შ.თ. არ დაკითხულა. საქართველოს მთავარმა პროურატურამ კი კითხვებზე პასუხების გაცემაზე უარი გვითხრა.


გამოძიებას, სავარაუდოდ, მხედველობაში არ მიუღია არც დემურ სტურუას დის, ნათია სტურუას მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება, სადაც ნათია სტურუა ამბობს:

"როდესაც გოდერძი თევზაძემ გაიგო, რომ ოლეგ თავაძე დაზარალებულის ოჯახთან თანამშრომლობდა, შეუთვალა, რომ ამ საქმეში არ ჩარეულიყო,"–განუცხადა სასამართლოს დემურის დამ.

ოლეგ თავაძე სტურუას საქმეზე 2016 წლის 17 აგვისტოს დაიკითხა. ამ დროს გოდერძი თევზაძე ჯერ კიდევ არ იყო დაკავებული. სტურუას დის ჩვენება სავსებით საკმარისი საფუძველი იყო იმისთვის, რომ პროკურატრას გამოძიება დაეწყო, თუმცა, ჩვენთან თანამშრომლობაზე უარის გამო, უცნობია გააკეთა თუ არა ეს პროკურატურამ.
მოწმეზე ზემოქმედების ეჭვი გამოძიებას,  დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზეც უნდა გასჩენოდა. 2016 წლის 3 სექტემბერს საქმის ერთ–ერთი მოწმე, დავით ნაცვლიშვილი, რომელიც ნონა ჯოჯუას მეგობარია, მას ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებული ამბობდა, რომ ნაცვლიშვილი მას პოლიციამ მიუგზავნა, რომ გაეჩუმებიათ. ნონა ჯოჯუამ მაშინ კონკრეტული სახელი და გვარიც დაასახელა.
"(დავით ნაცვლიშვილმა) დამირეკა ტელეფონზე და მითხრა, სერგო შენგელია (პოლიციელი) იყო მოსული და მითხრა ნონა გააჩერეო",–განუცხადა ჟურნალისტებს ნონა ჯოჯუამ მომხდარიდან მეორე დღეს.
გარდაცვლილის დედის ცემასა და სტურუას თვითმკვლელობის საქმეს შორის შესაძლო კავშირი, იმთავითვე დაინახა EMC-მ. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევდნენ, რომ მომხდარზე გამოძიება შსს–დან უნდა გადასცემოდა დასავლეთ საქართველოს პროკურატურას და საქმე გამოძიებული უნდა ყოფილიყო არა სტურუას საქმისგან დისტანცირებულად, არამედ, მომხდარი უნდა შეფასებულიყო სწორედ ამ საქმის მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედებად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის პროკურორმა, დავით ცირეკიძემ გვითხრა, რომ საქმე პროკურატურამ გამოიძია. მომხდარზე დააკავეს დავით ნაცვლიშვილიც, თუმცა, გამოიკვეთა თუ არა მოწმეზე შესაძლო ზეწოლის გარემოება და რა შედეგით დასრულდა გამოძიება, უცნობია.

გოდერძი თევზაძის ადვოკატმა, აკაკი ჯანელიძემ გვითხრა, რომ საქმეში ასეთი რამ არ გამოკვეთილა.


დამნაშავე, რომელიც არ არსებობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დემურ სტურუას თვითმკვლელობაში დამნაშავე ვერ იპოვა. მოსამართლე თეიმურაზ დგვარელისთვის ყველა ფაქტს, რითიც პროკურატურა თევზაძის ბრალეულობის დამტკიცებას ცდილობდა, დამაჯერობლობა აკლდა.

მოსამართლემ არ გაიზიარა საქმეში მთავარი მტკიცებულება–დემურ სტურუას წერილი, რადგან მიიჩნია, რომ ემოციურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეუძლია სრულიად უდანაშაულოს დასდოს ბრალი, წერილი კი მტკიცებულებათა ერთობლიობით არ იყო გამყარებული. სასამართლომ პირდაპირ მტკიცებულებად არ მიიღო არც 7 აგვისტოს 15:09 საათზე სოფელ იანეთის ტერიტორიიდან თევზაძის მიერ პოლიციელ ვეფხია თედორაძესთან განხორციელებული სატელეფონო ზარის ამონაწერი. პროკურატურა ამ ფაქტით ცდილობდა დაემტკიცებია, რომ ამ დროს თევზაძე სტურუასთან ერთად იანეთის გზაზე იმყოფებოდა, რაზეც გარდაცვლილი წერილშიც წერს. თუმცა, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ანძა გოდერძი თევზაძის სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიასაც ფარავს. თევზაძემ კი ჩვენებაში მიუთითა, რომ იგი ამ დროს სახლში იმყოფებოდა, რასაც მისი მეუღლე და ორი მეზობელი ადასტურებს. შესაბამისად, პროკურატურის მცდელობა დაემტკიცებია სტურუასა და თევზაძის იანეთში ყოფნა, სადაც თევზაძე გარდაცვლილს ფიზიკურად გაუსწორდა, უშედეგო აღმოჩნდა.
საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიუხედავად, რომლებიც სტურუას სხეულზე სიცოცხლისდროინდელი დაზიანებების არსებობაზე მიუთითებს, გარდაცვლლის ცემის ფაქტი ვერ დადგინდა.
განაჩენში თეიმურაზ დგვარელი ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მოთხოვნით საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნაზე, სადაც ის ამბობს, რომ სტურუას მარცხენა წვივის მიდამოში აღენიშნება ორი ნაჭდევი, რომლებიც წარმოქმნილია 8 აგვისტოს დღის საათებში და არა 7 აგვისტოს, როცა სტურუა და თევზაძე ერთმანეთს შეხვდნენ. ექსპერტი კატეგორიულად გამორიცხავს დაზიანებების მიყენებას მუშტით ან რაიმე საგნით და ამბობს, რომ სტურუამ ეს დაზიანებები, სავარაუდოდ, ხესთან კონტაქტის დროს მიიღო.
იგივე დაზიანებებზე საუბრობს სამხარაულის ექსპერტიზა, თუმცა, მისი დასკვნის მიხედვით, გვამს აღნიშნული დაზიანებები მიყენებული აქვს მკვრივი, ბლაგვი საგნით. საქმეში არსებული კიდევ ერთი დასკვნა კი სტურუას ცხვირზე ნაჭდევის არსებობაზე მიუთითებს, რომელიც, ასევე, მკვრივი და ბლაგვი საგნით არის მიყენებული.
სასამართლოსთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა დაცვის მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ დემურს თევზაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. საქმეში ვიდეომტკიცებულების სახით არის სათვალთავლო კამერის ჩანაწერი, სადაც 7 აგვისტოს დემური და გოდერძი ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით ხვდებიან. საქმეზე დაკითხული დემურ სტურუას ძმა, ნოდარ სტურუა ამბობს, რომ მას და მის ძმებს, ასევე დედამისს, გოდერძისთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. თუ მოწმის ამ ჩვენებას  გავითვალისწინებთ, კიდევ უფრო გაუგებარია რა მოხდა მათ შორის იმ დღეს ისეთი, რომ მათი დაშორებიდან რამდენიმე საათში დემურმა გამოსათხოვარ წერილში მისი სახელი და გვარი ჩაწერა?! თუ თევზაძის ავტომანქანაში არაფერი მომხდარა, რატომ საუბრობს დემური წერილში მხოლოდ მასზე, საჯავახოს ინცინდენტსა და მობილურ ტელეფონს კი საერთოდ არ ახსენებს? მოწმეთა ჩვენებების საწინააღმდეგოდ მეტყველებს პროკურატურის მიერ თევზაძისა და სტურუას სატელეფონო ზარების ერთწლიანი ამონაწერი, რომლითაც მტკიცდება, რომ  7 აგვისტომდე მათ სატელეფონო კონტაქტიც კი არ აქვთ.

დაკითხვაზე დემურის და და სიძე იხსენებენ გოდერძისა და ნონა ჯოჯუას შეხვედრას, სადაც ნონა ჯოჯუას შეკითხვაზე -  თუ რატომ ჩაწერა დემურმა წერილში გოდერძის სახელი, თევზაძე პასუხობს: –იმიტომ, რომ ჩემი ჯინი ჰქონდა, ადრე დანაჭერი მყავდა და შური იძიაო. თუ დემურს მის მიმართ ძველი წყენა ჰქონდა და თვითმკვლელობის წინაც კი შურისძიებაზე ფიქრობდა, მაშინ როგორ ინარჩუნებდა იგი ამ ხნის განმავლობაში მასთან მეგობრულ ურთიერთობას? მითუმეტეს ხვდებოდა ხელის ჩამორთმევით?!


მოსამართლე ერთის მხრივ სარწმუნოდ მიიჩნევს ხელის ჩამორთმევის ამსახველ ამ ვიდეოჩანაწერს, მეორეს მხრივ კი არ იზიარებს თევზაძის მიერ ხელბორკილის ამოღების და თითის დაქნევის კადრებს, რომელიც, პროკურატურის პოზიციით, მუქარის მანიშნებელი იყო.

დაცვის მხარე ამბობს, რომ წერილში მოყვანილი ბრალდება იმის შესახებ, რომ გოდერძი დემურს აიძულებდა ეთქვა ვის ჰქონდა კანაფი სოფელში დათესილი, უსაფუძვლოა, რადგან დემურის გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მისი ინფორმატორად გამოყენება შეუძლებელი იყო. თუმცა, ამ ლოგიკით, სტურუას ვერც ცრუ ბრალდების გამოგონება უნდა მოეხერხებია.
საბოლოოდ, სასამართლო, რომელიც პროკურატურის არც ერთ მთავარ მტკიცებულებას არ იზიარებს, გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა ფსიქოლოგის, ნათია წერეთლის დასკვნას, რომელიც წერს, რომ სტურუამ თავი არა თევზაძის მიერ შესაძლო მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის, არამედ მოპარული მობილური ტელეფონის გამო მოიკლა.
"დემურ სტრუამ როცა გაიგო, რომ  გარდაცვლილის ტელეფონი მოიპარა, მას ჩაეკეტა საზოგადოებასთან მისასვლელი გზა, მოეჭრა ბოლო ტოტი... და აქედან გამომდინარე მოხდა ის თვითმკვლელობა, რაც მან ჩაიდინა",– ამბობს ნათია წერეთელი.

პროკურატურისთვის ფსიქოლოგის დასკვნა არადამაჯერებელია იმ მოტივით, რომ ის ნათია წერეთელმა გააკეთა გამოძიების ეტაპზე და ვერ გაითვალისწინებდა სასამართლოზე ახალი გარემოებების შესაძლო გამოვლენას, რასაც ასევე, შესაძლოა, შეეცვალა საერთო სურათი.

სასამართლო არაფერს ამბობს იმაზე, რომ პირველი - სტურუა წერილში საერთოდ არ ახსენებს მობილურ ტელეფონს და მეორე -  როდესაც მან თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიიღო, ტელეფონის დაკარგვიდან 3 კვირა იყო გასული, თვითმკვლელობას კი წინ უძღოდა გოდერძი თევზაძესთან შეხვედრა, რაც დადასტურებულია ვიდეოკამერების ჩანაწერებით და რაზეც დემური წერილშიც წერს.

სასმართლომ ყურადღება არ გაამახვილა კიდევ ერთ გარემოებაზე. კერძოდ, დადგენილია, რომ თვითმკვლელობის ღამეს გოდერძი თევზაძე დაჟინებით ცდილობს სტურუას ნახვას. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თევზაძის მეწყვილე, რომელიც იმ ღამეს მასთან ერთად მორიგეობდა, ამბობს, რომ გოდერძიმ იმ საღამოს რამდენჯერმე სცადა ვიღაცასთან დაკავშირება. გამოძიებით დადგენილია, რომ იგი ამ დროს დემურ სტურუას ურეკავდა. მას შემდეგ კი, რაც ტელეფონზე არ უპასუხეს, თევზაძემ აიღო ფანარი, გადავიდა მანქანიდან და ფანრით დაიწყო მისი ძებნა.
რატომ ცდილობდა გოდერძი თავზაძე ასე დაჟინებით მოპარულ ტელეფონზე სასაუბროდ სტურუას ნახვას მაშინ, როცა მას ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა? ამ საქმეზე გამოძიებაც კი არ იყო დაწყებული და არ არსებობდა ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში შედგენილი არც ერთი დოკუმენტი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ბრალდებულის სასარგებლოდ ეჭვის გადაწყვეტის სტანდარტით ხელძღვანელობაზე   მიუთითა EMC-მ. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ იქ,  სადაც სასამართლომ წინააღმდეგობრივი გარემოებები დაინახა, გადაწყვიტილება თევზაძის სასარგებლოდ მიიღო.

თევზაძის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის განაჩენს სააპელაციო სასამართლო.

მეორე ინსტანციის სასამართლოში საქმეზე ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა.

სისტემა, რომელიც კლავს

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC გამოძიების დასაწყისშივე მიუთითებდა, რომ დემურ სტურუას შემთხვევა იყო სისტემური პრობლემის გამოვლინება და რომ ეს წარმოადგენდა პოლიციელებისა და მოქალაქეების ურთიერთობაში დამკვიდრებულ პრაქტიკას.

სტურუას საქმიდან ორი წლის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს სისტემაში მსგავსი პრობლემების არსებობა არც კი უღიარებია და მითუმეტეს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები მათ აღმოსაფხვრელად. მართლმსაჯულებამ გოდერძი თევზაძეც კი, რომლის მიმართ არაერთი სამხილი არსებობდა, უდანაშაულოდ სცნო.

სტურუას საქმე, პოლიციელების მიერ მოქალაქეებზე ზეწოლის ბოლო ფაქტი არ ყოფილა. 2017 წელს ხარაგაულში 28 წლის ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ პოლიციელების მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლა იყო.
ამ ფონზე, არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა, პოლიციაში ძალის გადამეტების პრევენციისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის შესახებ, დღემდე იგნორირებულია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ,
პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
11:23 / 17.07.2024
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ, პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.