ადამიანის უფლებები
"უცხოელი სტუდენტების სწავლის უფლება საქართველოში ირღვევა"
FaceBook

იუსტიციის სამინიტროს დაქვემდებარებულმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტის ოჯახის წევრები (მეუღლე და 4 წლის შვილი) ქვეყნისთვის საშიშ პირებად მიიჩნია

და ერთი თვის წინ მათ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა. ამის შესახებ იმ დოკუმენტშია ნათქვამი, სადაც ერაყელ სტუდენტს, ესამ მუჰსენ ალოანს იუსტიციის სამინიტრომ  გაუგზავნა.

 

"განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ ჰასან ესამ მუჰსენის მიმართ არსებობს "უცხოელთა და მოქალაქის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის  ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი", - წერია დოკუმენტში, რომელიც ერაყელმა სტუდენტმა მიმდინარე წლის 7 აპრილს მიიღო. 

უწყება ჩვენთან საუბარში არ აკონრეტებს თუ რის საფუძველზე ეთქვა უარი ერაყელი სტუდენტის ოჯახს  ბინადრობაზე. სამინიტროს პოზიცია მიუღებელი და გაურკვეველია უცხოელთა სამართლებრივი დაცვის ორგანიზაციის დამფუძნებლისთვისაც, რომელიც წლებია ამ საკითხებზე მუშაობს.

"ის პუნქტები ("ა" და "გ") რომლითაც ოჯახს უარი ეთქვა ბინადრობაზე, იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა, რომ პირის საქართველოში ცხოვრება არის მიზანშეუწონელი. კომპეტენტური დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს იმას, რომ პირი გარკვეული საფრთხის შემცველია საზოგადოებისათვის, თვითონ ქვეყნისთვის, შემჩნეული არის ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ქვეყნისთვის არაკეთილმოსურნე ორგანიზაციებთან ან პიროვნებებთან კავშირში, ან ახორციელებს საშიშ საქმიანობას, რისთვისაც მისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელია", - ამბობს  უცხოელთა სამართლებრივი დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი კვაშილავა.

ადვოკატი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მის პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა იუსტიციის სამინისტრო ბინადრობაზე უარს ზუსტად იმ მუხლებითა და პუნქტებით "უსაბუთებს" უცხოელებს, რითაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. 

"აქ პრობლემა არ არის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიმართ, აქ პრობლემაა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომელიც პირებს ეუბნება უარს. კითხვები კონკრეტულად მათი მისამართით არსებობს, რადგან მათი მხრიდან არ არის არაფერი დასაბუთებული და პირს არანაირი სამართლებივი ბერკეტი არ გააჩნია იმისა,  რომ გაიგოს ამის მიზეზი", -  განმარტავს ადვოკატი.

გიორგი კვაშილავას მიაჩნია,  რომ თუ ამ საქმეს საერთაშორისო სასამართლო განიხილავს, ეს სახელმწიფოს ძალიან დიდი კრახი იქნება. ის ამბობს, რომ როცა საუბარია 4 წლის ბავშვზე სააგენტომ უფრო მასშტაბური ადმინისტრაციული წარმოება უნდა განახორციელოს შესაბამისი კანონის მე-18 მუხლის "ა" და "გ" პუნქტებთან მიმართებაში. 

"ელემენტარულად კითხვა ხომ უნდა გაუჩნდეს რომ 4 წლის ბავშვის მიმართ როგორ შეიძლება არსებობდეს მე-18 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება. როგორ შეიძლება ის საფრთხის შემცველი იყოს საქართველოსთვის, ან რაიმე სახის არაკანონიერ ქმედებას ახორციელებდეს. ოთხი წლის ბავშვისთვის საშიშის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის დიდი კრახი იქნება", - აღნიშნავს გიორგი კვაშილავა.

რაც შეეხება, ესამ მუჰსენის ცოლს, ადვოკატი ამბობს, რომ ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი გადაწყვეტილების გასაჩივრება და შემდგომში ამ საკითხის სასამართლოში კვლევაა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცედურის მიმდინარეობისას, სააგენტო არ იკვლევს თუ რამდენად სამართლებრივად  უთხრა უარი ამა თუ იმ პირს.

მისი თქმით, მხოლოდ სასამართლო ითხოვს კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან ინფორმაციას თუ რა გახდა შესაბამისი დასკვნის შემუშავების საფუძველი.

"ამას შემდეგ დახურულ სასამართლო სხდომაზე იხილავს მხარეთა მონაწილეობის გარეშე და შემდგომში იღებს გადაწყვეტილებას დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს მოქალაქის განცხადება. მაშინ როდესაც, კანონში დაკონკრეტებულია შემდეგი გარემოება, რომ სააგენტო ვალდებულია ამ საკითხის განხილვისას მხედველობაში მიიღოს ოჯახის ერთიანობის პრინციპი. სააგენტო ვალდებულია ოჯახის ერთიანობის პრინციპით გამოეკვლია და ამის შემდეგ მეიღო გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა", - ამბობს ადვოკატი.

ის, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკაზეც საუბრობს. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში სტუდენტს არავინ ეტყვის, ასეთ გაუგებარი მიზეზით  უარს ბინადრობაზე.

ადვოკატის თქმით, ბევრ შემთხვევაში გვაქვს კონსტიტუციური, იგივე სწავლის უფლების შელახვა.

"მე შეიძლება დარწმუნებული ვიყო, რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ, არც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არავითარი შემხებლობა არ მქონია საზოგადოებისთვის საშიშ ქმედებებთან, მაგრამ საბოლოოდ ვრჩები სამართლებრივი ბერკეტის გარეშე გავიგო თუ რის საფუძველზე მითხრა სახელმწიფომ უარი. ეს იმას ნიშნავს რომ უცხოელი სტუდენტების სწავლის უფლება საქართველოში ირღვევა",  - ამბობს გიორგი კვაშილავა.

ადვოკატის თქმით, მსგავსი პრობლემა უმეტესად ერაყისა და აფრიკის თითქმის ყველა მოქალაქეებს ექმნებათ. განსაკუთრებით კი ნიგერიის, კამერონის, გონასა ტოგოს მკვიდრებს.

მისი თქმით, მსგავსი პრობლემები ორი წლის წინ ინდოელებსაც ექმნებოდათ. თუმცა, დღეს მათთვის პრაქტიკა შეიცვალა და სუსტი საბუთების წარმოდგენითაც კი, უკმაყოფილებენ ბინადრობის შესახებ განცხადებას. ადვოკატის თქმით, გამოსავალი კანონდებლობის დახვეწაშია, რომელიც ამ დროისთვის უცხოელ მოქალაქეების უფლებებს ვერ იცავს.

ესამ მუჰსენი საქართველოში სასწავლებლად 2013 წელს, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა. ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე–4 კურსის სტუდენტია. მისი სპეციალობა ექვსწლიანია.

მსგავსი გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროსგან პირველი შემთხვევა არ არის. 2015 წელს ქუთაისში მცხოვრებ ერაყელ სტუდენტებს, მათ შორის, ესამ მუჰსენსაც, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი უთხრეს. თუმცა, მაშინ იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და სტუდენტებს ბინადრობის ნებართვა გაუგრძელეს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტები დახმარებას ითხოვენ

ერაყელ სტუდენტებს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაუგრძელეს

სახალხო დამცველის აპარატმა ერაყელი სტუდენტების საქმის შესწავლა დაიწყო

"ჩემი 4 წლის შვილი საქართველოსთვის საშიშია?" – ერაყელი სტუდენტი დახმარებას ითხოვს

ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ საიამ ერაყელ სტუდენტს დახმარება შესთავაზა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში საწარმოო შემთხვევის ფაქტი ბოლოს 15 ოქტომბერს,
ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში მოხდა.
16:30 / 28.10.2021

იმერეთში საწარმოო შემთხვევის ფაქტი ბოლოს 15 ოქტომბერს, ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში მოხდა.

ქუთაისში, თითქმის ყოველი მეათე სტუდენტი ქსელური, ან კერძო
მარკეტის მოლარე-ოპერატორია. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი
მოლარე-ოპერატორთან ერთად, დამლაგებელიცაა, დახლებზე პროდუქტების
განთავსებაზე პასუხისმგებელიც და არამხოლოდ...
14:13 / 26.10.2021
ქუთაისში, თითქმის ყოველი მეათე სტუდენტი ქსელური, ან კერძო მარკეტის მოლარე-ოპერატორია. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი მოლარე-ოპერატორთან ერთად, დამლაგებელიცაა, დახლებზე პროდუქტების განთავსებაზე პასუხისმგებელიც და არამხოლოდ...

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.