სტივ კინი, რომელმაც ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი
მწვრთნელის პოსტი ერთი თვის წინ
დატოვა, კლუბის სპორტული დირექტორი იქნება.
სტივ კინი კლუბის ხელმძღვანელობამ დღეს წარადგინა. რაც შეეხება მთავარ
მწვრთნელს, კლუბის მფლობელი მის ვინაობას, ჯერჯერობით, არ ამხელს.
"შარშან, მთავარი რამ აკლდა "ტორპედოს" და ეს იყო
სანახაობრივი ფეხბურთი. ერთი ეტაპი დასრულდა, ვიწყებთ ახალ ეტაპს,
სადაც სტივი კონცენტრირებული იქნება სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე,
დაგვეხმარება კლუბის განვითარებაში და იმ სიახლეების დანერგვაში, რაც
დასავლურ საფეხბურთო კულტურაში არსებობს. რაც შეეხება მთავარ
მწვრთნელს, დღეს არ მინდა ამაზე საუბარი, დღეს არის სხვა ღონისძიება.
ყველაფერს აქვს თავისი დრო", - განაცხადა კლუბის მფლობელმა დავით
კერესელიძემ.
სტივ კინი "ტორპედოს" მწვრთნელად 2023 წლის მაისში
დაინიშნა. იგი ამავდროულად ითავსებდა სპორტული
დირექტორის ფუნქციებს.
სპორტული დირექტორის წარდგენაზე დავით კერესელიძემ,
ასევე ისაუბრა გუნდში მიმდინარე ცვლილებების შესახებ და თქვა, რომ
კლუბს რამდენიმე ფეხბურთელი ტოვებს.
"იცით, რომ ლეგიონერების დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა
კლუბი, დღეის მდგომარეობით, ვინც გვინდოდა, რომ შეგვენარჩუნებინა,
შევინარჩუნეთ. ფეხბურთელების ნაწილმა, ვისთანაც ხელშეკრულების ვადა
დასრულდა, სხვასთან გააფორმა შეთანხმება, რამდენიმე ფეხბურთელთან
ხელშეკრულება ჩვენ შევწყვიტეთ, რამდენიმეს არ გავუგრძელეთ", -
განაცხადა კერესელიძემ.
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები ახლა მთავარი
მწვრთნელის მოლოდინში არიან. ამ პოზიციაზე რამდენიმე
კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, უცნობია
საბოლოოდ რა გადაწყვეტილება მიიღო კლუბის ხელმძღვანელობამ.
მასალის გამოყენების პირობები