ეროვნული ლიგის 28-ე ტურში, „ტორპედომ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და
ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
თამაში შენგელია-არენაზე გაიმართა, სადაც ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა
პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა.
„ტორპედოს“ მოთამაშემ ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო დარტყმით ანგარიში
25-ე წუთზე გახსნა. ოთხ წუთში კი გიორგი არაბიძემ „საბურთალოს“ კარი
მეორედ აიღო. 43-ე წუთზე მისივე გადაცემით ირაკლი ბუღრიძემ მესამე
გოლი გაიტანა და ქუთაისელებმა ტაიმი 3:0 მოიგეს.
მეორე ნახევარში ქუთაისელებმა მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანეს.
კერძოდ, გიორგი არაბიძემ 59-ე წუთზე პენალტით დუბლი შეასრულა, ხოლო
საბოლოო ანგარიში 90+2-ე წუთზე „ტორპედოს“ სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა
ნინკოვიჩმა დააფიქსირა.
28 ტურის შემდეგ, „საბურთალო“ 45 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, მაგრამ
ქუთაისის „ტორპედომ“ (42) სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა და
ევროსაგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.
მასალის გამოყენების პირობები