ქუთაისის საფეხბურთო კლუბი
,,ტორპედო" იტალიელი ინვესტორისთვის ოფიციალურად გადასაცემად
მზადდება.
საფეხბურთო კლუბით დაინტერესებული ინვესტორი ქუთაისში იმყოფება და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით,
ინვესტორისთვის კლუბის გადაცემის საკითხის ნაწილში სახელმწიფოს
ვალდებულება შესრულებულია და დოკუმენტაციის მომზადება
მიმდინარეობს.
,,სახელმწიფოს მხრიდან ფაქტიურად ვალდებულება
შესრულებულია. ხელშეკრულებაზე მიმდინარეობს მუშაობა. უახლოეს
მომავალში გადაეცემა მას გუნდი. ინვესტორს აქვს
ბევრი გეგმა. მათ შორის არის "ტორპედოს" ბაზის
რეაბილიტაცია და ბევრი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის
განხორციელება, ასევე დაგეგმილია ფეხბურთელებისთვის პირობების
გაუმჯობესება,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
რა პირობებით მოხდება ,,ტორპედოს" ახალი
მფლობელისთვის გუნდის ოფიციალურად გადაცემა ჯერჯერობით
უცნობია.
ქუთაისის "ტორპედო" რამდენიმე თვის განმავლობაში
ინვესტორის გარეშე იყო. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს,
აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო
დატოვა. მიმდინარე წლის დასაწყისში კლუბში ინვესტიცია იტალიელმა
ინვესტორმა ფაბიო მანინომ განახორციელა, თუმცა, კლუბი ოფიციალურად ამ
დრომდე არ გადაუბარებია.
ავტორი: ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები