ქუთაისში მშვილდოსნობაში საქართველოს თასის გათამაშების მეორე
სატურნირო ეტაპი გაიმართა.
გათამაშება ორ ასაკობრივ კატეგორიაში, დიდებსა და უინიორებში ჩატარდა.
მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ვაჟებმა, ასევე მშვილდოსანმა
გოგონებმაც.
დიდებში პირველი და მეორე ადგილი ქუთაისელებმა, ლაშა ფხაკაძემ და ჯაბა
მოსეშვილმა დაიკავეს, რომლებიც ამავე დროს საქართველოს ნაკრების
ღირსებას იცავენ.
გოგონებში კი, საპრიზო ადგილები თბილისელებს ერგოთ. პირველ ადგილზე
ქრისტინე ესებუა და მეორე ადგილზე იულია ლობჯანიძე გავიდნენ.
რაც შეეხება იუნიორებს, ვაჟებში პირველი ადგილი თბილისელ მშვილდოსანს,
თემო მაკიევს, ხოლო მეორე ადგილი ხელვაჩაურელ მირიან წულუკიძეს
ერგოთ.
გოგონებში კი პირველი საპრიზო ადგილი ბათუმელ ნინო ევგენიძეს ხვდა
წილად, მეორეზე თბილისელი სალომე თუთისანი გავიდა.
საქართველოს თასის გათამაშების მეორე სატურნირო ეტაპს მშილდოსნობის
ფედერაციის პრეზიდენტიც ესწრებოდა. ხათუნა ნარიმანიძის თქმით,
გულდასაწყვეტია, რომ ქუთაისში მშვილდოსნობას ადგილობრივი ხელისუფლების
მხრიდან სათანადო ყურადღება არ ეთმობა.
"ქუთაისში ერთადერთი ქალბატონია ქეთევან ლოსაბერიძე, რომელიც 1980
წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ის დღესაც მშვილდოსნობის ფედერაციის
საპატიო პრეზიდენტია. ამის მიუხედავად, მშვილდოსნობას ქუთაისში
ყურადღება არ ექცევა. პირველად, როდესაც გასულ წელს ჩატარდა ტურნირი,
არც კი დაინტერესდა ვინმე, არა და გვერდით დგომა აუცილებელია.
წლევანდელ გათამაშებაზე ჩამოვიტანეთ ფარის მასალა და ყველა ის
ინვენტარი, რაც საჭიროა. მათ აქ ვტოვებთ იმისთვის, რომ სპორტის ეს
სახეობა განვითარდეს. მშვილდოსნობაში საკმაოდ დიდი წარმატებები აქვთ
ქუთაისელებს და რაც უფრო მეტი იქნება ყურადღება, მით უფრო მეტი
წარმატებები იქნება," - განაცხადა ხათუნა ნარიმნიძემ.
მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს
საქართველოს თასის მეორე ეტაპის გათამაშება ქუთაისში ისევ
ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები