საზოგადოება
საკადასტრო რუკიდან გამქრალი შენობა -ართმევენ თუ არა „სავანეს“ ქონებას?!
FaceBook

ქუთაისის მერიამ ცენტრალურ ბაღში  მდებარე კაფე „სავანეს“ მეპატრონეები, კვების ობიექტის  ფასადზე  საპროტესტო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმა.


პლაკატებზე კაფის მეპატრონეებმა ქუთაისის მერი და თვითმმართველობის რამდენიმე ჩინოვნიკი გამოსახეს, რომლებიც, მათი თქმით,  ბიზნესს ართმევენ.


მერიაში  ამბობენ, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ზონაშია, რაც კაფის მეპატრონეებს მასზე პლაკატის გაკვრის უფლებას არ აძლევდა. ამავე მიზეზით,  უფრო კი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კაფე სკვერში მდებარეობს, აზრს მოკლებულია „სავანეს“  ბრალდება იმის შესახებ, რომ თითქოს მერია მათ იმ მიწის ნაკვეთს ართმევს, რაზეც  კაფე დგას. მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე ამბობს, რომ მიწა „სავანეს“ მეპატრონეების არ არის და ვერც იქნებოდა, რადგან სკვერის  გასხვისება კანონით აკრძალულია.


ვინ დაარღვია კანონი, ამას ახლა სასამართლო არკვევს. მერიასა და „სავანეს“ მფლობელ შპს „ნიკოლოს“ შორის დავამ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მეორედ  გადაინაცვლა.



SOS, გვართმევენ“


„სავანესა“ და ქუთაისის მერიას შორის არსებული კონფლიქტის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ გაიგო, როცა კაფის მეპატრონეებმა ცენტრალურ ბაღში საპროტესტო აქცია სახელწოდებით  „SOS გვართმევენ“ გამართეს. აქციის მონაწილეებმა  განაცხადეს, რომ მერია მათზე ზეწოლას ახორციელებს და იმ ქონების იჯარით აღებას აიძულებს, რაც კანონით ეკუთვნით. კაფის მეპატრონეებმა შენობის  ფასადზე მერიის ჩინოვნიკების პლაკატების გაკვრის შემდეგ, კაფე პროტესტის ნიშნად დაკეტეს და მერიას ღია ბრძოლა გამოუცხადეს.


კაფის ერთ–ერთი მფლობელი, ნიკოლოზ ტურაბელიძე ამბობს, რომ ცენტრალურ ბულვარში არსებული კაფე 1995 წელს 121 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად შეიძინეს, რასაც  შესაბამისი დოკუმენტი ადასტურებს. მისი თქმით,  იმ მიწის ნაკვეთზე, რაზეც კაფე დგას,  წელიწადში  100 ლარს, ხოლო გარე ტერიტორიაზე, რომელიც იჯარით აქვთ აღებული, ყოველთვიურად 180 ლარს  იხდიან.





მერია კი  ახლა მათ კაფის ტერიტორიას ედავება და მათივე ქონების იჯარით აღებას სთხოვს. საიჯარო თანხა კი მერიის გამოთვლით წლიურად 20 000 ლარს შეადგენს.


„ჩვენივე ტერიტორიაში გვთხოვენ თანხის გადახდას. 1995 წელს  შევისყიდეთ ეს ადგილი და ახლა მერია გვეუბნება, რომ თურმე, წლების წინ მხოლოდ ბამბუკის კონსტრუქცია გვიყიდია და  10 000 დოლარი ამაში გადაგვიხდია. სინამდვილეში ეს არის ზეწოლა და მერია ცდილობს ბიზნესი წაგვართვას“, – ამბობს   ნიკოლოზ ტურაბელიძე.



ბამბუკის სანაყინის ისტორია


ქუთაისის ცენტრალურ ბაღში კაფე  23 წელია მუშაობს. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს  თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“  ფლობდა. 1995 წელს კი ის   შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად  შეისყიდა.  ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ახალ მფლობელს შენობის ქვეშ არსებული მიწის გამოყენების საკითხი, კანონის შესაბამისად უნდა გადაეწყვიტა.


1996 წელს ქუთაისის მერიამ ნაკვეთის საზღვრების შესახებ გამოცემული აქტით, შპს „ნიკოლოს“ კაფის მოსაწყობად  121 კვ.მ მიწის  ნაკვეთი, მისასვლელთან ერთად,  სარგებლობის უფლებით, ხუთწლიანი იჯარით   გადასცა.  ერთ წელიწადში კი ქალაქის მაშინდელი მერის, თემურ შაშიაშვილის ხელმოწერით, „ნიკოლომ“ ავტომანქანით მისასვლელი გზისა და საზაფხულო ქოლგების გასაშლელი ადგილისთვის,  ასევე ხუთი წლის ვადით,  320 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიიღო.


კაფის მეპატრონეები ამბობენ, რომ იჯარა არა კაფის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთზე, არამედ, მისასვლელ გზასა და ქოლგების გასაშლელ ადგილზე გაფორმდა. იმ ფაქტს კი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთს მერია თავად აღიარებდა შპს "ნიკოლოს" საკუთრებად,  მიწის დამაგრების შესახებ გაფორმებული  დოკუმენტი ადასტურებს, სადაც მითითებულია, რომ 121 კვ.მ გადაცემულია საკუთრების მოწმობის საფუძველზე, ხოლო 320 კვ.მ იჯარული წესით. 


1999 წელს  შპს „ნიკოლომ“  ქუთაისის მთავარ რეგისტრატორს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თხოვნით მიმართა, თუმცა, განცხადებაზე პასუხი ვერ მიიღო, რის შემდეგაც  სარჩელი სასამართლოში შეიტანა.


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2002 წელს სარჩელი დააკმაყოფილა და ქუთაისის მერიას  კაფის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის (ფართობით 160 კვ.მ)  შპს „ნიკოლოს“ საკუთრებად აღიარება დაავალა.


სასამართლომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1984 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, „სავანეს“ ქვეშ არსებული მიწის ნაკეთი არ წარმოადგენდა არც ბუნებისა და კულტურის ძეგლს და არც სახელმწიფო საკუთრების ნაგებობის დაცვის ზონაში  მდებარეობდა.


ამის შემდეგ შპს „ნიკოლოს“ უკვე ქუთაისის მერია უჩივის. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც,  წარმოადგინა 1983 წელს ქუთაისის ისტორიული ნაწილის  შესახებ დადგენილება, რომელშიც მითითებულია, რომ სადავო ტერიტორია ქალაქის ისტორიული ნაწილია. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა.  ერთი წლის ინტერვალით იგივე გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა  სასამართლომაც. საბოლოოდ, „ნიკოლომ“ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ვერ მიიღო.

 


რუკიდან გამქრალი კაფე


ქუთაისის მერიასა  და შპს „ნიკოლოს“  შორის სასამართლო დავა 2018 წელს კვლავ განახლდა. ამჯერად,  მერიამ სასამართლოში მისი დაკვეთით მომზადებული ბულვარის აზომვითი ნახაზი წარმოადგინა, თუმცა, სიტუაციურ ნახაზზე, რომელსაც  ბაღის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა უნდა აესახა, კაფე დატანილი არ არის. რუკაზე მხოლოდ საზოგადოებრივი საპირფარეშოა მითითებული.



ქუთაისის მერიის მიერ მომზადებული ბულვარის საკადასტრო რუკა


ბულვარი, ელექტრონული რუკა საჯარო რეესტრიდან

მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ამბობს, რომ  მერიამ მხოლოდ ის ობიექტები აზომა, რაც მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება.


„კაფე ვერ იქნებოდა ამ რუკაზე, რადგან ის არ არის მერიის საკუთრება. მერია აღიარებს, რომ შენობა არის „ნოკოლოს“ აშენებული, მაგრამ შენობის ქვეშ არსებული მიწა არის სკვერის ნაწილი, რომელიც არ იყიდება. მერიამ რუკაზე ასახა ის ქონება, რაც მისი საკუთრებაა.  პირიქით, ეს შენობა რომ გადაგვეტანა რუკაზე, ეს იქნებოდა კანონის დარღვევა“, – ამბობს ირაკლი გიორგაძე.

 

„ჰაერში გამოწერილი“ ჯარიმა


საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქუთაისის ცენტრალურ ბაღს მხოლოდ ორი საკადასტრო კოდი აქვს. ერთი თავად ბაღის ტერიტორიას, მეორე კი საზოგადოებრივ საპირფარეშოს. მიწის ნაკვეთს კი, რომელზეც კაფე „სავანეს“ შენობა დგას, დამოუკიდებელი კოდი არ აქვს. შესაბამისად, გამოდის, რომ  „სავანე“ იურიდიულად არ არსებობს, თუმცა, ამ გარემოებას მერიისთვის ხელი არ შეუშლია, რომ კაფის მეპატრონეები შენობის ფასადზე პლაკატების გაკვრის გამო 1000 ლარით დაეჯარიმებია. მოტივად კი  განაცხადეს, რომ მათ შენობის ფასადის იერსახე დაამახინჯეს. გარდა იერსახის დამახინებისა, მერიამ კაფის მფლობელ კომპანიას საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის გამო 2000 ლარიანი ჯარიმაც გამოუწერა.


შპს „ნიკოლოს“ იურისტი, ნინო მეფარიშვილი ამბობს, რომ მერიამ საკადასტრო ნახაზი გააყალბა, ჯარიმა კი „ჰაერში გამოწერა“.


,,მერიამ გააყალბა აზომვითი ნახაზი, როცა არ მიუთითა კაფის შენობა. ამზომველმა საპირფარეშო თუ დაინახა იმ ტერიტორიაზე,  კაფეს ვერ შეხედა?  ან არის ვინმე ქუთაისში,  ვინც არ იცის, რომ იქ კაფეა? კიდევ უფრო უარესი გააკეთა მერიამ, როცა მის მიერ არაღიარებულ შენობაზე პლაკატების გაკვრის გამო დაგვაჯარიმა. ვის გამოუწერა ეს ჯარიმა? ჰაერში დაწერა? რას იტყვის სასამართლოში რაზე გამოვწერეთ ჯარიმაო? თავისივე    სიყალბეში არიან ახლა გაჭედილები. შენობა გააქრეს და თან  მასზე პლაკატების გაკვრის გამო დაგვაჯარიმეს.  აშკარაა, რომ  კომპეტენციის პრობლემა აქვთ. საკადასტრო რუკის გაყალბება ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ  მოვუწოდებთ პროკურატურას და სასამართლოს ობიექტურად იქნეს ეს საქმე გამოძიებული," - ამბობს ადვოკატი ნინო მეფარიშვილი.



რუსთაველის ქუჩა
2 და რუსთაველის  ქუჩა 2ა


მერიის მიერ იმის მტკიცების  პარალელურად, რომ  სადავო მიწის ნაკვეთი „სავანეს“   არასდროს ეკუთვნოდა, ირკვევა, რომ კაფეს წლების განმავლობაში ბაღისგან დამოუკიდებელი მისამართი ჰქონდა. ქუთაისის ცენტრალური ბულვარის მისამართია რუსთაველის #2. „სავანეს“ საქმის მასალებში კი, მათ შორის სასამართლოს დოკუმენტებში კაფის მისამართად რუსთაველის ქუჩა #2ა ფიქსირდება. სწორედ ეს მისამართი გააკრეს კაფის მეპატრონეებმა შენობაზე ორმაისობის დღესასწაულზე გამართულ აქციაზე. აქციის მონაწილეებმა  განაცხადეს, რომ რადგან  მერია არ იმჩნევს მათ არსებობას, ისინი დემონსტრაციულად შეახსენებენ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ წლებია  დამოუკიდებელ მისამართზე ფუნქციონირებენ.


თუ მერია კაფის ქვეშ არსებულ მიწას ბაღის მთლიანობად მიიჩნევდა, მაშინ რატომ მისცა მას დამოუკიდებელი მისამართი?– მერიაში ამაზე პასუხი არ აქვთ.   პასუხი არ არსებობს არც იმაზე, რატომ არ ითხოვდა ადგილობრივი თვითმმართველობა კაფის მფლობელი კომპანიისგან მიწით სარგებლობის სანაცვლოდ იჯარის გადახდას და  ვინ აგებს პასუხს იმაზე, თუკი  შპს „ნიკოლო“ წლების განმავლობაში  ბიუჯეტს ზარალს აყენებდა.


„სავანეს“ საქმეში რომ მერიამ შეცდომები დაუშვა, ამას აღიარებს ირაკლი გიორგაძეც, თუმცა,  ამბობს, რომ ხარვეზები წარსულში უნდა ვეძებოთ.


„რატომ იყო ბაღის ტერიტორია ორად გაყოფილი და რატომ მიანიჭეს ნუმერაცია, ეს ჰკითხეთ  მაშინდელ ხელისუფლებას. აქ შეცდომა იყო ის, რომ თავის დროზე, როდესაც მათ შენობა იყიდეს, არ გაუფორმდათ სარგებლობის  ხელშეკრულება. ამ ყველაფერზე   ალბათ,  არიან საქმის კურსში შესაბამისი ორგანოები და აგებინებენ პასუხს. ახლა ჩვენ მათ ვთავაზობთ მიწის იჯარით აღებას, სხვა შემთხვევაში ტერიტორიას აუქციონზე გავიტანთ“,–ამბობს ირაკლი გიორგაძე.


იჯარის თანხის გადახდა,   რაზეც ირაკლი გიორგაძის თქმით, კაფეს მფლობელები  წლების განმავლობაში უარს ამბობდნენ, შესაძლოა, ერთდროულად დაეკისროთ.  იურიდიული განყოფილების უფროსი, შპს „ნიკოლოს“ წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელის შეტანას აანონსებს.


„უახლოეს მომავალში, როგორც კი სააპელაციო სასამართლო მიღებს გადაწყვეტილებას, ჩავატარებთ ექსპერტიზას. ექსპერტი დაადგენს რა შემოსავალი უნდა მიეღო ამ წლების განმავლობაში მერიას და სარჩელით მივმართავთ სასამართლოს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალისთვის“, – ამბობს მერიის იურისტი.


იმ შემთხვევაში თუ შპს „ნიკოლომ“ სასამართლო დავა წააგო და პარალელურად არ დათანხმდა მერიის შეთავაზებას, მერია,  დიდი ალბათობით, მიწის ნაკვეთს აუქციონზე გაიტანს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „სავანეს“ მეპატრონეებს კაფის დემონტაჟი, ან მისი,  მიწის დროებით მფლობელზე  გაყიდვა–გაიჯარება  მოუწევთ.


როგორც უნდა დასრულდეს სასამართლო,  კაფის მფლობელები საზოგადოებრივი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მათი თქმით, მერიას ამგვარი ქმედება აზარალებს არამხოლოდ კონკრეტულად მათ ბიზნესს, არამედ,  ქალაქის ეკონომიკას, რადგან „სავანე“ ქალაქში ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი კაფეა, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე.


კაფის მეპატრონეები, ამავე მიზეზით არ გამორიცხავენ, რომ  კაფის ხელში ჩაგდებით კონკრეტული პირები იყვნენ დაინტერესებული.


„ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს ქალაქში თითქმის ყველა კაფესა და რესტორანში აქვთ წილი. შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ, რომ მისი ხელში ჩაგდება ვინმეს ინტერესს ემსახურებოდეს“,-ამბობს „სავანეს“ ერთ-ერთი მფლობელი, გიორგი ტურაბელიძე.


ვიდრე მერიასა და კაფის მეპატრონეებს შორის მთავარი სასამართლო პროცესი შედგება, მანამდე ქუთაისის საქალაქო სასამართლო მერიის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე იმსჯელებს.


პროცესი 10 მაისსაა ჩანიშნული.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.