სამართალი
შავ სიაში შეყვანილი კომპანია და მოტყუებული მუშები ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები ორ წელზე მეტია კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ელოდებიან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს "ლინმა", რომელმაც ბაღის მშენებლობა განახორციელა,  მუშებს 20 357 ლარი უნდა გადაუხადოს, თუმცა, კომპანია ვალდებულებას ამ დრომდე არ ასრულებს.

დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ საქმე თაღლითობასთან აქვთ, რადგან, ბაღის სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებლობა თავდაპირველად სულ სხვა კომპანიამ, შპს "ჯი აი თი 2007"-მა აიღო, მოგვიანებით კი შპს "ლინი" დაიქირავა ქვემოიჯარედ, რომელსაც მუშების ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხა აღარ გადაურიცხა.

შპს "ლინს" კი დაზარალებულთა თქმით, ამ მომენტამდე კაპიტალი არ უფიქსირდება, რის გამოც, სასამართლოს მიერ მის მიმართ დაკისრებული აღსრულება მანამდე ვერ განხორციელდება, ვიდრე,  კომპანიის ბალანსზე ქონება არ გამოჩნდება.

დაზარალებულები ამბობენ, რომ ეს სქემა წინასწარ იყო შემუშავებული, რადგან ორივე კომპანიის ხელმძღვანელები ერთმანეთთან დაახლოებული პირები არიან.

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებისთვის ქუთაისის მერიის მიერ 2014 წლის 10 ივლისს გამოცხადებული 499 126 ლარიანი ტენდერი (spa 140017054) შპს "ჯი აი თი 2007"-მა მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ მასთან ერთად ტენდერში კიდევ ორი კომპანია შპს "ნიუ კონსტრაქშენი" და შპს "კავკასუს ინვესტი" მონაწილეობდნენ, რომელთაგან "კავკასუს ინვესტმა" შესასრულებელი სამუშაოებისთვის 56 059 ლარით ნაკლები მოითხოვა, ვიდრე "ჯი აი თი 2007"-მ, ტენდერში გამარჯვებული მაინც "ჯი აი თი 2007"- გახდა.

ის, რომ შპს "ჯი აი თი 2007" და შპს "ლინი" ერთმანეთთან დაკავშირებული კომპანიები არიან, ეს დოკუმენტურად დასტურდება.

კერძოდ, 2014 წლის 30 სექტემბერს ქუთაისის მერიასა და   "ჯი აი თი 2007"-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას  არა მისი დირექტორი, ივანე ლორთქიფანიძე, არამედ შპს "ლინის" მფლობელი, ზვიად ბართაია აწერს ხელს, როგორც  ლორთქიფანიძის მინდობილი პირი.  ამასთანავე, დაზარალებული მუშები ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობენ, რომ მათთან სამუშაოების შესრულების დროს მხოლოდ ზვიად ბართაია კონტაქტობდა. ბართაიამ გაფორმა შრომითი ხელშეკრულებებიც და არა ლორთქიფანიძის კომპანიის, არამედ,  შპს "ლინის" სახელით. 

ამ საქმეში კიდევ უფრო საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ზვიად ბართაიას კომპანია, "ჯი აი თი 2007"-სა და ქუთაისის მერიას შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე, 2014 წლის 27 აგვისტოს არის დარეგისტრირებული.

დაზარალებულები ეჭვობენ, რომ ლორთქიფანიძემ და ბართაიამ ტენდერი შეთანხმებულად მოიგეს. მათივე თქმით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახლადრეგისტრირებულ შპს "ლინს" სამშენებლო სფეროში გამოცდილება არ ჰქონდა, მის მიერ ტენდერის მოგების შანსიც დაბალი იყო და ბართაიამ შპს "ჯი აი თი 2007"-ის სახელი შეგნებულად გამოიყენა. საბოლოოდ კი ლორთქიფანიძემ სატენდერო ვალდებულებები კაპიტალის არმქონე კომპანიას გადასცა.

ამ დროს კომპანიის დირექტორი უკვე გიგა ლორთქიფანიძე ხდება.

კუთვნილი ანაზღაურების მიღების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 7-მა დაზარალებულმა მუშამ ერთობლივად მიმართა. კოლექტიურ სარჩელში მოსარჩელეები მომხდარზე პასუხსიმგებლობას თანაბრად აკისრებდნენ ორივე კომპანიას და ასევე, ქუთაისის მერიას, როგორც სამუშაოების დამკვეთს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმეში ვერც "ჯი აი თი 2007"-ის და ვერც ქუთაისის მერიის ბრალეულობა დაინახა.

"მოთხოვნა შპს "ჯი აი თი 2007"-ის და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მათთან მოსარჩელეებს არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონიათ გაფორმებული, მათ არ აუღიათ რაიმე პასუხისმგებლობა მოსარჩელეთა წინაშე, მითუმეტეს არ უკისრიათ სახელფასო დავალიანების ანაზაურება, რაც გამორიცხავს მათთვის ასეთი ვალდებულების დაკისრებას",-ნათქვამია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებაში, რომელსაც არ ესწრებოდა არც შპს "ლინის" და არც შპს "ჯი აი თი 2007"-ის წარმომადგენელი.

მომხდარზე პასუხისმგებლობას იცილებს ქუთაისის მერიაც და ამბობს, რომ მას შპს "ჯი აი თი 2007"-ის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული აქვს.

"ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ორგანიზაციის მიმართ შესრულებულია და შპს "ჯი აი თი 2007"-ის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება სრულად ანაზღაურებულია", - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ ერთ-ერთი მუშის, პეტრე რეხვიაშვილის მეუღლის, მერი ოქრუაშვილისთვის მიწერილ ოფიციალურ პასუხში.

დაზარალებულები კი ეჭვობენ, რომ სწორედ ქუთაისის მერია მფარველობს "ჯი აი თი 2007"-ს და თავიდანვე ამ მოტივით გამაარჯვებინა ტენდერში.

"არამხოლოდ ქუთაისის მერიაში, უფრო ზევითაც მფარველობენ მაგას. აბა მაგათი შვილი, ძმა ან ნათესავი ყოფილიყო ჩვენს ადგილზე თუ არ ჩამოიყვანდნენ იმ გიგა ლორთქიფანიძეს, სადაც უნდა ყოფილიყო და თუ არ აიძულებდნენ თანხის გადახდას, მაგრამ ჩვენ არავის ვაინტერესებთ. 1300 ლარი მომცა თავიდან და მის მერე კაპიკი არ ამიღია. კონტაქტზეც არ გამოდის არც ერთი. აღარაფრის იმედი აღარ მაქვს. კი მოვიგეთ სასამართლო, მაგრამ რა მერე? შპს "ლინს" აქვს დაკისრებული ახლა ამ თანხის გადახდა, რომელზეც იძახიან ქონება არ უფიქსირდებაო. ცხადია,  არც გააფორმებს არაფერს,  აღსრულებამ რომ არ წაართვას. ახალ კომპანიას დაარსებს ორივე და სხვებსაც ასე მოატყუებენ", - ამბობს ბაღის სამუშაოებზე ერთ-ერთი დასაქმებული, ვასილ ნადირაძე.

შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურება არ მიუღია არც თეიმურაზ აბრამიშვილს. 

"გაკოტრებულია კომპანიაო გვეუბნებიან და როცა ექნება თანხა, მაშინ მოგცემთო. ორი წელია დავრბივარ სასამართლოში და მაინც არ არის შედეგი. უკვე აღარც მჯერა თუ რამე გამოვა", - ამბობს თეიმურაზ აბრამიშვილი.

ქუთაისის მერიამ  ბრალდებები ქუთაისიპოსტთანაც უარყო. ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ  მათ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება დროულად და სრულყოფილად შეასრულეს.

როგორც ირკვევა, შპს "ჯი აი თი 2007"-ს ტენდერებში მონაწილეობის უარყოფითი ისტორია აქვს და არც ქუთაისის ბაგა-ბაღის მშენებლობა არის მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ერთადერთი შეთხვევა.

კერძოდ, შპს "ჯი აი თი 2007"-მ ქუთაისის მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების პარალელურად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიაში, ასევე,  საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში (spa 140020135) გაიმარჯვა, თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში თვითნებურად შეცვალა საბანკო გარანტიის გაცემის თარიღი, მისი მოქმედების ვადა და რეკვიზიტები. აღნიშნულის გამო შპს-ს ტენდერში დისკვალიფიკაცია მიეცა, ხოლო სააგენტოს გადაწყვეტილებით იგი შავ სიაში შევიდა, რაც მას ელექტრონულ შესყიდვებში მონაწილოებას სამი წლით უკრძალავს.

აღსანიშნავია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტმა "ჯი აი თი 2007" არაკეთილსინდისიერ ქმედებაში ქუთაისის მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად ერთ დღეში, 2014 წლის 1 ოქტომბერს ამხილა.

კომპანიას შავ სიაში რეგისტრაციის ვადა 2017 წლის 24 დეკემბერს გასდის.

ვიდრე  ბაგა-ბაღის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები სასამართლოს მიმართავდნენ, ისინი  კუთვნილი ანაზღაურების მიღებას სხვა გზითაც ცდილობდნენ. მათ 2016 წლის 8 აპრილს ბაღის წინ საპროტესტო აქციაც გამართეს. მაშინ შპს "ლინის" წარმომადგენელი ქუთაისიპოსტთან საუბარში მუშების წინაშე დავალიანების არსებობას არ უარყოფდა, თუმცა, აცხადებდა, რომ მისთვის "ჯი აი თი 2007"-ს უნდა გადაერიცხა აღნიშნული თანხა, რაც იმ მომენტამდე არ სრულდებოდა. თავის მხრივ, "ჯი აი თი 2007"-ში ამბობდნენ, რომ კომპანიას სხვადახვა ტენდერში მონაწილეობის დროს დიდი რაოდენობით ჯარიმები დააკისრეს, რის გამოც, შპს გაკოტრების ზღვარზე იყო.

ვინ გადაუხდის დაზარალებულ მუშებს კუთვნილ ანაზღაურებას, უცნობია.  შპს "ჯი აი თი 2007"-ისა და შპს "ლინის" წარმომადგენლები  სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ,
პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
11:23 / 17.07.2024
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ, პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.