ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქუთაის-გაენათის
მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს წინააღმდეგ, დალი ბარაბაძის სარჩელი
არ დაკმაყოფილდა.
მოსამართლემ, მანანა ნიკაჭაძემ, დალი ბარაბაძეს საპატრიარქოს რადიო
"ივერიაში" კორესპონდენტის თანამდებობაზე აღდენაზე უარი უთხრა.
მოსამართლის თქმით, დალი ბარაბაძის სამსახურიდან გათავისუფლების
შესახებ სადაო განცხადების კანონიერების დადგენა, რაზეც
მოსარჩელე მხარე აპელირებდა, ხანდაზმულობიდან გამომდინარე
შუუძლებელია.
სასამართლომ განჩინებაში ასევე მიუთითა, რომ ეპარქიის მიერ გამოცემულ
ბრძანებაში არ არის მითითებული ბრძანების ნომერი და გათავისუფლების
საფუძველი. ამის მიუხედავად, დალი ბარაბაძეს ბრძანების გაბათილებასა
და სამსახურში აღდგენაზე უარი ეთქვა.
"ბრძანება არ არის სწორად გამოცემული, კერძოდ, არ არის მითითებული
ბრძანების ნომერი და საფუძველი, მაგრამ საქმის ხანდაზმულობიდან
გამომდინარე, სასამართლო ვერ იმსჯელებს მის კანონიერებაზე", -
განაცხადა პროცესზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ,
მანანა ნიკაჭაძემ.
პროცესზე მხარეებმა 6 შუამდგომლობა დააყენეს. ბრალდების მხარე
პროცესის გადადებას ითხოვდა.
დაცვის მხარემ კი, საქმის ხანდაზმულობის გათვალისწინებით,
საქმისწარმოების შეწყვეტა და ეპარქიის წარმომადგენელთა მოწმის
სახით დაკითხვა მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ უსაფუძვლობის
მოტივით მხარეების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ჟურნალისტი დალი ბარაბაძე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული
რადიო "ივერიიდან" 2007 წელს გაათავისუფლეს. პროცესს წინ დალი
ბარაბაძისა და მეუფე კალისტრატეს დაპირისპირება უძღოდა, რისი
მიზეზიც, დალი ბარაბაძის მიერ ერთ-ერთ გაზეთში მეუფის შესახებ
გამოქვეყნებული ვრცელი მასალა გახდა. მეუფე კალისტრატეს თქმით,
ჟურნალისტი პუბლიკაციაში მას ცილს სწამებდა.
ამ დროს დალი ბარაბაძეს საპატრიარქოს სახელით უკვე დაარსებული ჰქონდა
ახალი რადიო "კვალი ნათელი", რომელიც, 3 წლის განმავლობაში ლიცენზიის
გარეშე ფუნქციონირებდა. დალი ბარაბაძე აცხადებს, რომ რადიო
საპატრიარქოს სახელით მაუწყებლობდა და მას ლიცენზია არ
ესაჭიროებოდა.
დაცვის მხარე კი, დალი ბარაბაძის სამსახურიდან გათავისუფლების
მოტივად, სწორედ ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობის განხორციელებას
ასახელებს და ჟურნალისტთან დაპირისპირებას გამორიცხავს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მეუფე კალისტრატეს ბრძანებით,
რადიო "კვალი ნათელის" კანონიერების შესწავლის მიზნით,
კომისია რადიოს დაარსებიდან მხოლოდ 3 წლის შემდეგ შეიქმნა.
კომისიამ კი დაასკვნა, რომ დალი ბარაბაძე რადიომაუწყებლობას უკანონოდ
ახორციელებდა, რის გამოც, იგი სამსახურიდან გათავისუფლდა. მეუფე
კალისტრატემ პროცესზე განაცხადა, რომ დალი ბარაბაძე მას ამ ხნის
განმავლობაში ატყუებდა, რომ ლიცენზია ჰქონდა.
დალი ბარაბაძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას
აპირებს.
მან უკვე წააგო იმავე საქმეზე, თუმცა, სხვა გარემოებით, ქუთაისის
საქალაქო სასამართლოში წარმოებული დავა, თუმცა, გადაწყვეტილება
სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.
აღნიშნული სარჩელის მიხედვით, დალი ბარაბაძე მეუფე
კალსიტრატესგან 8 000 ლარის დაბრუნებას და სახელფასო დავალიანების 7
140 ლარის ოდენობით
ანაზღაურებას ითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები