ახალი ამბები
ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდგომ ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა
FaceBook

გარდაცვლილის ოჯახის წევრების მტკიცებით, გოგონა ქირურგის მიერ საკეისრო კვეთის დროს დაშვებულ შეცდომას ემსხვერპლა.


ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდგომ ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა.

გარდაცვლილი 23 წლის ლანა მიქაბერიძის ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკა "ბომონდის" ქირურგს, მამუკა მიქაძეს ადანაშაულებენ.

მათი თქმით, გოგონა ქირურგის მიერ საკეისრო კვეთის დროს დაშვებულ შეცდომას ემსხვერპლა.

ისინი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ყვებიან, რომ ლანა მიქაბერიძე კლინიკა "ბომონდში" მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს მიიყვანეს, სადაც საკეისრო კვეთის შემდგომ პაციენტს მეორე ოპერაცია, მათთან შეთანხმების გარეშე ჩაუტარეს, რის შედეგადაც გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

"დაგვამშვიდეს საკეისრომ მშვიდობიანად ჩაიარაო, თუმცა არ გაუმხელიათ, რომ პირველ ოპერაციაზე საშვილოსნოს ამპუტაცია მოხდა. ვფიქრობთ, ექიმმა შედცდომა დაუშვა, სიტუაცია გართულდა და ამიტომ დაგვიმალეს მეორე ოპერაციაც," - ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

მათივე თქმით, მეორე ოპერაციის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული გახდა და ის იმავე საღამოს ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ზუსტად ვერ განგვიმარტეს, რატომ გართულდა ლანას მდგომარეობა. გვეუბნებოდნენ, რომ ხუთი წლის წინ ცუდად გაკეთებული საკეისრო კვეთის გამო შეიქმნა პრობლემა, თუმცა არსებობს კვლევები, სადაც სჩანს, რომ ლანა ჯანმრთელი იყო. ვეჭვობთ, "ბომონდში" ვეღარ შველოდნენ და ამიტომ გადაიყვანეს ინტერვენციულში, თუმცა ლანა უკვე უგონოდ იყო," - ამბობს გარდაცვლილის ბებია ქუთაისიპოსტთან საუბარში.

კლინიკა "ბომონდის" ქირურგი მამუკა მიქაძე, რომელმაც უშუალოდ ჩაუტარა ოპერაციები ლანა მიქაბერიძეს, პაციენტის გარდაცვალებაში მის ბრალეულობას გამორიცხავს.

მიქაძე გარდაცვლილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განმარტავს, რომ მას პრობლემები ხუთი წლის წინ ცუდად გაკეთებული საკეისროს მიზეზით შეექმნა.

"პირველად პაციენტი ნაკესირალი იყო სხვაგან. იყო ისეთი ნიუანსები და შეხორცებითი პროცესები, რომ ოპერაციაზე განვითარდა ჰიპოტონიური სისხლდენა, რის გამოც საჭირო გახდა საშვილოსნოს ამოკვეთა, ოპერაციის მსვლელობის დროს კი, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, არ ვარ ვალდებული ამოვიყვანო საოპერაციოში პაციენტის ოჯახის წევრები," - ამბობს ქირურგი მამუკა მიქაძე, რომელიც ამავდროულად კლინიკა "ბომონდის" დირექტორიცაა.

მისივე მტკიცებით, მეორე ოპერაცის შესახებ პაციენტის ოჯახის წევრები გაფრთხილებული იყვნენ. თუმცა, ექიმის განმარტებით, განმეორებითი ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, ლანა მიქაბერიძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაყვანას საჭიროებდა.

"ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას მივმართეთ, სისხლდენა გავაჩერეთ, თუმცა პაციენტი საჭიროებდა ხელოვნურ სუნთქვით მართვას, ჩვენ არ გვაქვს ოფიციალურად რეანიმაციული განყოფილება, რის გამოც ის გადავივყანეთ ინტერვენციულში. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა მის გარდაცვალებას არ ველოდებოდით არანაირად," –ამბობს მამუკა მიქაძე.

მისივე განმარტებით, თუ რამ გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება, ამას უკვე ექსპერტიზა გაარკვევს.

ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ლანა მიქაბერიძეს გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობენ.

"საჭიროა ოფიციალური ხელწერილი გარდაცვლილის ოჯახის წევრებისგან, მიზეზებზე ამის შემდგომ ვისაუბრებთ," – განმარტავენ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლანა მიქაბერიძეს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცლის მოსპობას გულისხმობს.

23 წლის ლანა მიქაბერიძეს მეუღლე და ორი შვილი, 5 წლის ბიჭი და ახალშობილი გოგონა დარჩა.

ახალშობილი ამ დრომდე კლინიკა "ბომონდში" რჩება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.