შსს-მ ზესტაფონში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა
შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი: 1979 წელს დაბადებული ლევან ც, 1986 წელს დაბადებული ლევან ფ, 1986 წელს დაბადებული გიორგი ფ. და 1990 წელს დაბადებული გიორგი ჩ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 4 და 6 აპრილს ზესტაფონის რაიონში ყაჩაღურად თავს დაესხნენ ორ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც იარაღის მუქარით გაიტაცეს ფული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ცივი იარაღი და დანაშაულებრივი გზით მისაკუთრებული ტექნიკა ამოიღეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები