საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურთან ერთად გამოავლინა სქემა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის დაუფლების ფაქტზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულია მოქალაქეები: ნანა მენთეშაშვილი, ზურაბ ვაჩეიშვილი, გრიგოლ ძაგანია და ლევან შურღაია, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სალომე დევაძე, ნიკოლოზ ვეკუა, ელეონორა გიორგაძე, ნანი კობახიძე, და ვასილ გაბუნია.
გამოძიებით დადგენილია, რომ ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი საწარმო - შპს "პრო მაშინი"-ს ბუღალტერი ნანა მენთეშაშვილი, მისი ყოფილი მეუღლე გრიგოლ ძაგანია და მათი მეგობარი ზურაბ ვაჩეიშვილი ე.წ. "დაუბეგრავი მინიმუმი"-ს პროგრამის ამოქმედების შემდეგ განზრახ, ყალბი მონაცემების შეტანით აკორექტირებდნენ საწარმოს გასული წლის დეკლარაციებს, რითაც ფიქტიურად დასაქმებულად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს. ამის შემდეგ, ამ მოქალაქეების სახელით, შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდიდან აგზავნიდნენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდნენ ე.წ. "დაუბერგავი მინიმუმი"-ს სახელმწიფოს კუთვნილ თანხას. საერთო ჯამში, ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 419 095 ლარი.
გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები