ქუთაისის მერიამ, იმერეთის ყოფილ ვიცე-გუბერნატორთან,
გოჩა თევდორაძესთან სასამართლო დავა წააგო.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქუთაისის მერის მიერ
გამოცემული ის ბრძანება ცნო ბათილად, რომლის საფუძველზეც ყოფილ
ჩინოვნიკს 2000 ლარის გადახდა სააღსრულებლო წესით მოუხდა. ასევე,
სასამართლო უწყების გადაწყევეტილების მიხედვით, მერიამ ყოფილ
ჩინოვნიკს 2140 ლარი უნდა გადაუხადოს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში კი, სასამართლო უწყების გადაწყვეტილების
გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.
სადავო
ობიექტი
ქუთაისის მერიამ ყოფილი ჩინოვნიკი და ამ დროისთვის პოლიტიკური პარტია
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი, გოჩა თევდორაძე
2014 წლის 30 დეკემბერს ვარლამიშვილის ქუჩის პირველ შესახვევის #1ა-ში
მდებარე სავაჭრო ობიექტის სამშენებლო პირობების დარღვევისთვის
დააჯარიმა.
"მშენებარე ობიექტის სამშენებლო დოკუმენტის პროექტთან შესაბამისობის
დადგენისას გამოვლინდა შემდეგი სამშენებლო სამართალდარღვევბი:
სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით, საპროექტო ობიექტის განაშენიანების
მთელი ფართის ქვეშ მოწყობილია მიწისქვეშა სართული. სამშენებლო
დოკუმენტის პროექტის მიხედვით არარსებული მიწისქვეშა ფართში
ვარლამიშვილის ქუჩის მხრიდან ტროტუარის ჩაჭრის შედეგად მოწყობილია
ჩასასვლელი კიბე", - ნათქვამია ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მიერ
2014 წლის 30 დეკემბერს გამოცემულ ბრძაენებაში, რომლის საფუძველზეც
გოჩა თევდორაძე სამშენებლო პირობობების დარღვევის გამო დაჯარიმდა.
თავდაპირველად, ჯარიმის ოდენობა 1000 ლარს შეადგენდა, ხოლო შემდეგ,
თევდორაძეს მისი გადაუხდელობისთვის, ამავე ოდენობის საურავი დაეკისრა.
თანხის გადახდა ყოფილ ჩინოვნიკს სააღსრულებლო წესით 2015 წელს მოუხდა.
თუმცა, სასამართლოში მისი დაჯარიმების შესახებ ქალაქის მერის
გამოცემული ბრძანება გაასაჩივრა.
ადგილობრივ თვითმმართველბაში განმარტავენ, რომ თევდორაძეს
დაჯარიმებამდე, მერიის არქიტექტურისა და ზედამხდველობის მიერ
დაფიქსირებული ცდომილების გამოსწორების მიზნით, ხუთდღინი ვადა მიეცა.
თუმცა, იმის გამო რომ ხარვეზის გამოსწორება არ მოხდა, ის
დააჯარიმეს.
დოკუმენტში ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში, საურავის დაკისრებაზეცაა
მითითებული. მერიის მხრიდან ჯერ მითითებისა და შემდეგ დაჯარიმების
შესახებ მას წერილობით, ფოსტის საშუალებით საცხოვრებელ მისამართზე,
სხირტლაძის ქუჩა #7– ში გაეგზავნა. თუმცა, იმის გამო აღნიშნული
მისამართიდან გზავნილი უკან დაბრუნდა, რადგან მისი ჩაბარება ვერ
მოხდა.
ქუთაისის მერიის იურისტი, ეკა გრიგალაშვილი განმარტავს, რომ ამის
შემდეგ შეტყობინება სადავო ობიექტის ფასადზე განთავსდა, რომლის
ამსახველი ფოტომასალები სასამართლო პროცესზე წარადგინა. თუმცა,
მოსარჩელე მხარემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ეჭვქვეშ
დააყენა და მას "შეთითხნილი" უწოდა.
ქუთაისის მერიასა და გოჩა თევდორაძეს შორის სასამართლო პროცესი
მიმდინარე წლის 9 ივნისს შედგა, სადაც მოსარჩელე მხარემ განაცხადა,
რომ დაჯარიმების ბრძანების გამოცემის მომენტში (2014 წლის 30
დეკემბერი) სადავო ობიექტი არ არსებობდა.
"მთელმა ქუთაისმა იცის, რომ ე.წ "ლონდონის" შენობა, სადაც მეორადი
ტანსაცმელების მაღაზია არის, 2014 წელს საერთოდ არ არსებობდა.
ქუთაისის მერია შეთითხნილი დოკუმენტებით მებრძვის და არა მხოლოდ მე,
ყველა ჩემს ახლობელს და მეგობარს", - განაცხადა სასამართლო პროცესზე
გოჩა თევდორაძემ.
გარდა ამისა, ყოფილმა ჩინოვნიკმა ადგილობრივი თვითმმართველობა
სასამართლო პროცესზე იმაშიც დადანაშაულა, რომ მას ინფორმაცია არ
მიაწოდა.
"თავიდანვე იყო იმაზე გათვლილი, რომ ბრძანება მე არ ჩამბარებოდა. ეს
უნდოდათ იმისთვის, რომ შემდგომ მიემართათ აღმასრულებლისთვის და აი,
ამით ამოეღოთ 2000 ლარი ", - განმარტავს თევდორაძე.
ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩა პირველი შესახვევი #1ა-ში მდებარე მიწის
ნაკვეთი გოჩა თევდორაძემ 2001 წელს კერძო პირისგან შეიძინა. მასზე
სავაჭრო ობიექტის მშენებლობის ნებართვა 2012 წლის 5 სექტემბერს,
საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის ბრძანების
საფუძველზე გაიცა.
ეს უკანასკნელი კი, რომელიც თევდორაძის თანამოაზრედ ითვლებოდა,
საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდა. მოგვიანებით ის
(2014 წელს) "საქართველოს პატრიოტა ალიანისს" შეუერთდა. ამ დროისთვის
გოჩა თევდორაძე პარტიის ქუთაისის ორგანიზაციას წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები