დისკრიმინაცია თუ რეორგანიზაცია - ძმების სასამართლო საქმე ტყიბულიდან
19:26 / 08.02.2024
ჩვენ მოგიყვებით ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს უპრეცენდენტო
გადაწყვეტილებაზე, რომლის მსგავსი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთეული
შემთხვევაა და რომელიც ასე ფორმულირდება - დისკრიმინაცია პოლიტიკური
ნიშნით.
საქმე ეხება ძმებ ბოჭორიშვილებს, რომლებიც ტყიბულის საკრებულოდან
რეორგანიზაციის სახელით გაათავისუფლეს და მათ თავის მხრივ, პოლიტიკური
ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს.
ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ ძმების
მიმართ ტყიბულის საკრებულოდან გათავისუფლების საქმეში სწორედ
პოლიტიკური დისკრიმინაცია დაადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ ძმები
ბოჭორიშვილები სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით
გაათავისუფლეს.
მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, 31 იანვარს
სხვა გადაწყვეტილება მიიღო - გააუქმა დისკრიმინაციის ნაწილი და საქმე
განსახილველად საკრებულოს დაუბრუნა. თუმცა ძმები დანებებას არ
აპირებენ და ბრძოლას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებენ. საჭიროების
შემთხვევაში კი, სტრასბურგსაც მიმართავენ.
რეორგანიზაცია ტყიბულის
საკრებულოში
2022 წელს ტყიბულის საკრებულოში რეორგანიზაცია ჩატარდა. შედეგად
სამსახურის გარეშე დარჩნენ ერთი ოჯახის და ერთი პოლიტიკური პარტიის
წევრები, ძმები - ლაშა და ლერი ბოჭორიშვილები.
ლაშა - ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორე რანგის
მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების
განყოფილების უფროსი გახლდათ. ამავე დროს, ლაშა ბოჭორიშვილი არის
ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ტყიბულის რაიონული
ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ხოლო მისი ძმა - ლერი, რომელიც ამავე
პარტიის წევრია, ტყიბულის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის პირველი
კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იყო.
ძმები ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში წლების
განმავლობაში მუშაობდნენ. ლერი ბოჭორიშვილი აპარტში 2007 წლიდან იყო
დასაქმებული, ხოლო ლაშა ბოჭორიშვილი - 2015 წლიდან. ისინი ამბობენ,
რომ საკრებულოს თავმჯდომარისაგან შექებაც და მადლობაც არაერთხელ
მიუღიათ. რასაც თავად ტყიბულის საკრებულოს აპარატშიც ადასტურებენ.
ძმების თქმით, ყველაფერი 2020 წლიდან, მას შემდეგ შეიცვალა, რაც ლაშა
ბოჭორიშვილი ოპოზიციური პარტია „ ლელოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის
ხელმძღვანელი, ხოლო მისი ძმა პარტიის წარმომადგენელი გახდა.
„მუდმივად და ღიად ვამბობდი, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა იყოს
კონსტრუქციული თანამშრომლობა. ყოველთვის და ყველაფერზე მქონდა ჩემი
აზრი, მათ შორის, კრიტიკულიც, რაც შეიძლებოდა „ოცნების“ ხელისუფლებას
არ მოსწონებოდა“, - ამბობს ლაშა ბოჭორიშვილი.
ამას დაემატა ისიც, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებზე ტყიბულის საკრებულოში მოსახვედრად „ლელოდან“ თავისი
კანდიდატურა დააყენა ლაშა ბოჭორიშვილის მეუღლემ.
ლაშა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო პერიოდში უფრო თვალსაჩინო და
აქტიური გახდა მისი პოლიტიკური შეხედულება.
„რასაც მოჰყვა კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან ჩემი
დაბარებები და ასე ვთქვათ, დამუნათება, რომ სწორი არ იყო ჩემი მხრიდან
მმართველი გუნდის კრიტიკა, რადგან საჯარო დაწესებულებაში ვმუშაობდი.
ეს, რა თქმა უნდა, ირიბი ზეწოლაა“, - აღნიშნავს ის.
არჩევნების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტში რეორგანიზაცია
დაიგეგმა. საკრებულოს აპარატის ექვსშტატიან ადგილზე სამსახურიდან
შესაძლო გათავისუფლების გაფრთხილება ხუთმა თანამშრომელმა მიიღო, მათ
შორის იყვნენ, ძმები ბოჭორიშვილებიც. თუმცა, ძმებისგან განსხვავებით,
იმ სამმა თანამშრომელმა გაფრთხილებასთან ერთად, ალტერნატიული
შეთავაზებაც მიიღო, რომ სურვილის შემთხვევაში სხვა სამსახურში
გადაიყვანდნენ.
საბოლოოდ, სამსახურიდან მხოლოდ ძმები გაუშვეს.
ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარემ იოსებ რობაქიძემ, სამსახურიდან
გათავისუფლების ბრძანებაში (დათარიღებულია 2022 წლის 15 ივნისით)
მიუთითა, რომ ბოჭორიშვილები სამსახურიდან გათავისუფლდნენ
რეორგანიზაციის შედეგად, შტატების და მობილობის შემცირების
შესაბამისად.
თუ რატომ შეეწირნენ რეორგანიზაციას მხოლოდ და მხოლოდ ძმები
ბოჭორიშვილები - ამაზე ტყიბულის საკრებულოში არ გვპასუხობენ.
ძმების სამართლებრივი დავა
სამსახურიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე თვეში ძმებმა სიმართლის
ძიება სასამართლოს გზით გადაწყვიტეს.
პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის
ანაზღაურება, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და
განაცდურის ანაზღაურება - ამ მოთხოვნით ძმება ბოჭორიშვილებმა
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტის დახმარებით ტყიბულის
მაგისტრატ სასამართლოში 2022 წლის ნოემბერში სარჩელი შეიტანეს.
მოსამართლე ციცინო კიკვაძის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით,
დადგინდა რომ ძმების მიმართ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების
გამო დისკრიმინაცია განხორციელდა.
„ვინაიდან, იმ ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების საფუძველზე, რასაც
საქმის მასალები გვაჩვენებდა, ცალსახად იკვეთებოდა განსხვავებული
მოპყრობა ამ მოქალაქების მიმართ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების
გამო. შესაბამისად, დისკრიმინაციული მოპყრობისათვის მორალური ზიანის
გამო 5000 -5000 ლარის გადახდა დეკისრა საკრებულოს და ასევე, საქმის
ხელახალი გადახედვა“, - ამბობს იურისტი და ძმების ადვოკატი ლელა
მოწონელიძე.
ძმები ბოჭორიშვილები ამბობენ, რომ პოლიტიკურ ნაწილში, მოსამართლის
ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ. რადგან, მათივე შეფასებით, საქმე
„თეთრი შავზე იყო ნაკერი“.
„იმდენად თვალსაჩინო იყო ჩვენი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, რომ
სხვა შედეგს არც ველოდით. თუმცა კარგია რომ მოსამართლემ დაამტკიცა ის,
რასაც ვამბობდით“, - აღნიშნავს ლაშა ბოჭორიშვილი.
მარათლია, პირველი ინსტანციის სასამართლომ - ტყიბულის მაგისტრატმა
სასამართლომ დაადგინა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თუმცა,
დანარჩენი ორი მოთხოვნა ( სამსახურში აღდგენა და განაცდურის
ანაზღაურება) დაუკმაყოფილებელი დარჩა.
შესაბამისად, ძმებისთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი დარღვეული
უფლებების სრულად აღსადგენად. რის გამოც, განაცდურის
ანაზღაურების მოთხოვნით 2023 წლის აგვისტოში სარჩელი ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს.
თავის მხრივ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტიება ტყიბულის საკრებულომაც
გაასაჩივრა.
„სუსტი გადაწყვეტილება“ - ასეთია ტყიბულის საკრებულოს ინტერესების
დამცველი ადვოკატის თეიმურაზ მესხის შეფასება.
სასამართლო პროცესი
მხარეებს შორის ბოლო სასამართლო პროცესი ქუთაისის საააპელაციო
სასამართლოში 2024 წლის 10 იანვარს გაიმართა. საქმე ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შოთა სირაძემ განიხილა.
აღსანიშნავია, რომ შოთა სირაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ოჯახის წევრია. ამის გარდა,
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე
მითითებულია, რომ შოთა სირაძე 2012-2014 წლებში იყო ხობის
გამგეობის თანამშრომელი; 2014-2015 წლებში გახლდათ ხობის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე. იგი
საკრებულოში არჩეულ იქნა მაჟორიტარ დეპუტატად პარტია "ქართული ოცნება-
დემოკრატიული საქართველოდან", რაც დასტურდება ცენტრალური
საარჩევნო კომისიის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით,
რომელიც საჯაროა.
შესაბამისად, იმის გამო, საქმე პოლიტიკური შინაარსის იყო, შესაძლო
ინტერესთა კონფლიქტის გამო ბოჭორიშვილებმა მოსამართლის აცილების
შუამდგომლობა დააყენეს, რაზედაც უარი ეთქვათ.
სასამართლო პროცესზე საკრებულოს მხრიდან ოთხი პირი, საკრებულოს
აპარატის უფროსი დავით ჭანკვეტაძე, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე
თამაზ ძაგნიძე და ორი ადვოკატი - მუნიციპალიტეტის იურისტი ქრისტინე
ბეროძე და კერძო ადვოკატი თეიმურაზ მესხი ესწრებოდნენ.
სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოში
საქმის განხილვის დაწყებამდე მოსამართლე შოთა სირაძემ ორივე მხარეს
მორიგებისკენ არაერთხელ მოუწოდა.
„ვთვლით, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სამართლიანი. მაგრამ
საკრებულოს თავმჯდომარის კეთილი ნებით, შეგვიძლია ლაშა ბოჭორიშვილს -
20 000 ლარი, ხოლო მის ძმას - 10 000 ლარი შევთავაზოთ. ოღონდ,
ვერანაირად ვერ მოხდება მათი სამსახურში აღდგენა და ვერც განაცდურის
ანაზღურება“, - ამ რეპლიკით გამოეხმაურა მოსამართლის წინადადებას
საკრებულოს აპარატის წარმომდგენელი.
„გეტყობათ, თქვენ მომრიგებლები არ ხართ, შესაბამისად, დავიწყოთ საქმის
განხილვა“, - მიმართა მოსამართლემ მხარეებს, სადაც მკვეთრად მიანიშნა,
რომ მოსამართლის მხრიდან რადენჯერმე მიცემული შესაძლებლობა, რომ თავად
მორიგებულიყვნენ, ვერცერთმა მხარემ ვერ გამოიყენა.
ძმების ინტერესების დამცველი „საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველოს“ იურისტი ლელა მოწონელიძე დაახლოებით 35 წუთის
განმავლობაში არწმუნებდა მოსამართლეს და სასამართლო პროცესზე მყოფებს,
თუ რატომ იყვნენ ძმები განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლნი.
„ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და საქმის ირგვლივ
განვითარებული ქრონოლოგია მარტივად მიანიშნებს, რომ ეს ადამიანები
არიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან
დათხოვნილები. სხვა შემთხვევაში ესენიც ისევე, როგორც ის სამი
ადამიანი მიიღებდა სხვა სამსახურში გადაყვანის შეთავაზებას“, -
აღნიშნა თავის სიტყვაში ადვოკატმა, მისივე განმარტებით,
დისკრიმინაციაა როცა რეორგანიზაციის პირობებში მხოლოდ ძმებს უშვებენ
სამსახურიდან და არ სთავაზობენ ალტერნატიულ სამუშაო ადგილს, როდესაც
ამას სხვა თანამშრომლებთან მიმართებაში აკეთებენ.
საკრებულოს აპარატის წარმომადგენლებმა კი განმარტეს, რომ
რეორგანიზაცია კანონშესაბამისი პროცესია და მის შედეგად სამსახურები
გაერთიანდა.
„თუკი მათ საკრებულოს თავმჯდომარე მადლობებს უხდიდა და ასეც იყო,
გაწეული შრომისთვის, სად იკვეთება დისკრიმინაცია? ან თუნდაც ყოფილიყო
ტყიბულის მაღალჩინოსნებთან რომელიმე ძმის დაბარება, მერე რა, ძალა ხომ
არავის გამოუყენებია?!“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე საკრებულოს
აპარატის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ძმების კომპეტენცია არ შეესაბამებოდა სხვა სამსახურს, რის
გამოც არ იყო შესაძლებელი სხვა სამსახურში გადაყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე შოთა სირაძე საათნახევრიანი
სასამართლო სხდომის განმავლობაში ხაზს უსვამდა, რომ ძმების
სამსახურიდან გაშვების პროცესის ქრონოლიგია (2020 წლიდან) პოლიტიკურ
პროცესებს უკავშირდებოდა, 31 იანვარის გადაწყვეტილებით, მან გააუქმა
პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენილება. შესაბამისად, გაუქმდა
დისკრიმინაციული მოპყრობისათვის მორალური ზიანის გამო დაწესებული 5000
-5000 ლარის კომპენსაცია, რომელიც საკრებულოს უნდა გადაეხადა
ძმებისთვის. თუმცა, ამავე გადაწყვეტილებით, ტყიბულის საკრებულოს
აპარატს საქმის თავიდან შესწავლა დაევალა.
„იმის გამო, რომ სამსახურიდან გათავისუფლების საქმე თავიდან არის
შესასწავლი, ამიტომაც უნდა გაუქმდეს პოლიტიკური დისრიკიმინაცია“, -
ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება მოსამართლემ.
ძმების ინტერსების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი ლელა მოწონელიძე ამბობს, რომ
ისინი არ ეთანხმებიან მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას:
„ყველა შემთხვევაში საქმეს უზენაეს სასამართლოში წავიღებთ. იმიტომ,
რომ არანაიარად არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას. რადგან ბევრი
ფაქტი გვქონდა ხელჩასაჭიდი და რაზედაც არც მხარეს არ უპასუხია“.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ამ
გადაწყვეტილების ოფიციალურად ჩაბარებიდან 21 დღის ვადაშია
შესაძლებელი.
საკასაციო სასამართლო ბოლო ინსტანციის სასამართლოა, რომელიც
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს განიხილავს.
ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც რომელიმე ნიშნის ან
ჯგუფისადმი კუთვნილების გამო გაუმართლებლად არღვევს ადამიანებს შორის
თანასწორობას და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ,
დისკრიმინაციად ითვლება.
ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს,
უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების
წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია
განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის
ანაზღაურება.
„2014 წელს მიღებული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
საქართველოს კანონის შესაბამისად, მოგვეცა საშუალება გათავისუფლების
საქმეებში დისკრიმინაციის მოტივზეც გვედავა. მიუხედავად აღნიშნულისა,
სასამართლოების მზაობა სწორად დაინახონ უკანონო დათხოვნის რეალური
საფუძველი - პოლიტიკური ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაცია, ძალიან
დაბალია.
იმედი გვაქვს ბოჭორიშვილების საქმე იქნება კარგი მოტივატორი, როგორც
სასამართლოსთვის, ფართოდ განმარტოს საკითხი, ასევე მოქალაქეებისათვის,
ყოველ საქმისათვის იდაონ არა უბრალოდ გათავისუფლების კანონიერებაზე,
არამედ მის რეალურ დისკრიმინაციულ საფუძველზე“, - ამბობს
„საერთაშორისო გამჭვირავლობა - საქართველოს” მთავარი იურისტი, თეონა
ზაქარაშვილი.
„საერთაშორისო გამჭვირავლობა - საქართველოს” სტატისტიკის მიხედვით,
2011 - 2022 წლების განმავლობაში, ორგანიზაციამ საჯარო
სამსახურიდან/სსიპ. - ებიდან და ააიპ. - ებიდან განთავისუფლებული
პირების 544 სასამართლო საქმე დაასრულა წარმატებით.
ჯამურად, ბიუჯეტიდან კომპენსაციისა და განაცუდრის სახით
ასანაზღაურებელმა თანხმამ დაახლოებით 5 797 240 ლარი შეადგინა.
იურისტის განმარტებით, ამ ეტაპზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველო“ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების 12 საქმეში
პოლიტიკური დისკრიმინაციის საფუძველს უთითებს. აქედან, ბოჭორიშვილების
საქმე ამ ეტაპზე წარმატებით არის დასრულებული პირველი ინსტანციის
სასამართლოში.
„ვიმედოვნებთ, დანარჩენ შემთხვევაშიც დაინახავს სასამართლო
დისკრიმინაციის საფუძველს და დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას
გათავისუფლების უკანონოდ ცნობის შესახებ“, - აღნიშნავენ
ორგანიზაციაში.
სასამართლო სააქმეებზე მომუშავე ორგანზიაცია „სასამართლოს გუშაგში“
განმარტავენ, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს მეტს დაცულობას
მისცემს სასამართლოს ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რაც
ბოჭორიშვილების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა.
„ის, რომ რეორგანიზაცია პოლიტიკური წმენდისთვის არის მიმართული, ეს
უკვე ცხადია. სამწუხაროა, რომ ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. თუმცა,
ნამვილად კარგი ამბავია, როდესაც სასამართლო ამბობს თავის სამართლიან
სიტყვას“, - აღნიშნავს სასამართლოს გუშაგის ხელმძღვანელი ნაზი
ჯანეზაშვილი.
ქუთაისის საქალაქო და ტყიბულის მაგისტრა სასამართლოებში ბოლო ხუთი
წლის განამვლობაში (2019 წლიდან 2023 წლის ჩათვლით) პოლიტიკური ნიშნით
საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 7 სარჩელი შევიდა.
აქედან, 4 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ერთი არ დაკმაყოფილდა, ხოლო - 2
განსჯადობით გადაეცა.
სტატია მომზადდა “ქუთაისიპოსტის” მიერ USAID სამართლის
უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული
შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
მხარდაჭერით.
მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქუთაისიპოსტი” და მასში
გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები
საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.
The article was prepared by the Kutaisipost.ge with the support of
the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency
for International Development (USAID) through the East-West
Management Institute (EWMI).
The views expressed in this article are the sole responsibility of
the author and do not necessarily reflect the views of USAID and
EWMI.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები