სამართალი
ტრაგედია მშენებლობაზე - მარჩენალდაკარგული ოჯახის 6 წლიანი ბრძოლა უფლებების დასაცავად
FaceBook
დარღვეული შრომის უსაფრთხოების ნორმები და ბრძოლა სასამართლოს გზით - ასეთია 6-წლიანი ისტორია ფხაკაძეების ოჯახისთვის, რომელმაც ერთადერთი მარჩენალი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაკარგა. დავა, რომელმაც უფლებების დასაცავად სასამართლოში გადაინაცვლა, დაზარალებულის სასარგებლოდ დასრულდა.

ბიჭიკო ფხაკაძე, ქუთაისში, მშენებლობაზე იყო დასაქმებული. ის 2017 წლის დეკემბერში, მე-9 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მიზეზი საწარმოო ტრავმა გახდა, თუმცა ამის დასამტკიცებლად ოჯახს თითქმის 6-წლიანი ბრძოლა დასჭირდა. ახლა ფხაკაძეები, დამსაქმებელი კომპანიისგან, სასამართლოს გზით დაკისრებული თანხის მიღების მოლოდინში არიან.

„შრომის უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული, ამიტომ ადამიანი დაიღუპა და ერთადერთი ისღა დაგვრჩენოდა, სასამართლოსთვის მიგვემართა. 13 წლის იყო ამ დროს ჩემი შვილი“
,- ამბობს გარდაცვლილის მეუღლე თამარ ნაზღაიძე.

ოჯახს სარჩელის მომზადებაში, რომელიც მარჩენალის დაღუპვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა და სარჩოს დაკისრებას ეხებოდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაეხმარა. ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის იურისტი ზაალ გორგიძე განმარტავს, რომ მოპასუხე შპს ,,იბერიის ვარსკვლავმა“, რომელიც ქალაქში კორპუსს აშენებდა, თანამშრომლის გარდაცვალების გამო გარკვეული ოდენობის კომპენსაციის გადახდაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა და მხოლოდ გასვენების ხარჯი დაფარა. ამიტომ, მისთვის ოჯახის მიმართვის შემდგომ (მომხდარიდან 11 თვის შემდეგ), 2018 წლის ნოემბერში, სარჩელი მომზადდა და საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.

„კომპანია ამტკიცებდა, რომ მას უსაფრთხოების ყველანაირი წესი ჰქონდა დაცული და აბრალებდა მუშას, რომ ის არ იყო ყურადღებით და მისი ბრალეულობით მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. ასე განმარტავდნენ მანამდეც და სასამართლო პროცესზეც. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ მუშის გარდაცვალების მიზეზი იყო საწარმოო ტრავმა. ანუ დადგინდა შპს-ს ბრალეულობა, რომ არ იყო იქ დაცული შრომის უსაფრთხოების წესები“,- ამბობს იურისტი ზაალ გორგიძე.

აღნიშნული დავა სასამართლოში 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, საბოლოო გადაწყვეტილება კი 2022 წლის ბოლოს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ გამოაცხადა.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა სარჩოს დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ სააპელაციოში, ამ უკანასკნელმა კი უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. შემდეგ მოპასუხე მხარემ ისევ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. უზენაესმაც განიხილა საკითხი და უცვლელი დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული ჩვენი მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება“,- განმატავს „საია“-ს იურისტი.

„შპს „იბერიის ვარსკვლავს“ თათია ფხაკაძის (გარდაცვლილის შვილის) სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 318 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 02 ნოემბრიდან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

შპს „იბერიის ვარსკვლავს“ თათია ფხაკაძის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის 02 ნოემბრამდე პერიოდისათვის მიუღებელი სარჩოს გადახდა 3243,6 ლარის ოდენობით (10 თვე და 6 დღე)“,- ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საუბარია, ჯამში, 18 507 ლარის მიღებაზე. „ზოგადად, მჯერა, რომ ყველაფერი გამოვივა. ვიცი, რომ ყველაფერს ბრძოლა სჭირდება და უნდა იმოქმედო, ამ შემართებით ვცხოვრობ და ასე მოვედი აქამდეც. ახლა ველოდები კომპანიისგან თანხის მიღებას“,- განმარტავს გარდაცვლილის მეუღლე თამარ ნაზღაიძე.

ის სხვებსაც ურჩევს, კანონიერი გზით ეძიონ სამართალი და ყოველთვის აიმაღლონ ხმა იქ, სადაც მათი, ან მათ გარშემო მყოფების უფლებები ირღვევა.

თამარ ნაზღაიძე ერთადერთი არ არის, რომელმაც სიმართლის საპოვნელად სასამართლოს მიმართა. ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საწარმოო ტრავმებთან დაკავშირებულ საქმეებზე, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 5 სამოქალაქო სარჩელი შევიდა, რომელთაგან ერთი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ორი - სრულად, ხოლო ორი - მხარეთა მორიგებით დასრულდა.

რა უნდა გა(ვ)აკეთოთ მაშინ, როცა თქვენი შრომითი უფლებები ირღვევა?


► შეგიძლიათ, მიმართოთ სასამართლოს, რაშიც დაგეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები;
► შეგიძლიათ, მიმართოთ შრომის ინსპექციას;
► შეგიძლიათ, დააფუძნოთ პროფკავშირი, გაერთიანდეთ კოლეგებთან ერთად და დაიწყოთ კოლექტიური დავა დამსაქმებელთან (და ა.შ).

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციის მიმართ მოქალაქეეთა მომართვიანობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. პეტრიაშვილი განმარტავს, რომ ცხელ ხაზზე, კონსულტაციისთვის, მათთან, წლის განმავლობაში, 3 000-მდე ადამიანი რეკავს, სასამართლო დავები კი ამ კუთხით 100-ზე მეტია.

„ვინც იცის, რომ კანონით რაღაცის უფლება აქვს და არ აძლევენ, ბუნებრივია, მოგვმართავენ და ხდება მათი უფლებების დაცვა. მთავარია, იწამონ იმის, რომ უნდა სარგებლობდნენ იმ უფლებებით, რაც კანონშია გაწერილი და რასაც ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მიაღწია პროფკავშირებმა”, - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, ორგანიზაციას აღნიშნულ დავებზე, სასამართლოში, ფაქტობრივად, არც ერთი საქმე არ წაუგია.

„არის საქმეები, რომლებიც მორიგებით დასრულებულა, დასაქმებულის კომპენსაციის გადახდის თვალსაზრისით და არის საქმეები, რომლებზეც ბოლომდე იქნა განაჩენი დაყენებული გამოტანის და აღსრულების მეშვეობით“,- ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

მისივე თქმით, 2018 წლამდე არ იყო კანონმდებლობაში რაიმე ჩანაწერი და არც ინსტიტუცია - შრომის ინსპექციის სახით. არ ხდებოდა დაშავებულთა აღრიცხვა. უფლებები მხოლოდ დამსაქმებლებს ჰქონდათ, ვალდებულებები კი - დასაქმებულებს.
პეტრიაშვილი განმარტავს, რომ დღესდღეობით, საქართველოს კანონმდებლობა პასუხობს ევროპულ სტანდარტებსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებს (რაც დამაკმაყოფილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოდ იმუშაოს), თუმცა ვხვდებით გარკვეულ პრობლემებსაც:

„დღეს, ყველაზე დიდი მინუსი არის ცნობიერება როგორც დამსაქმებლებში, ასევე დასაქმებულებში. ეს ყველაფერი უნდა უზრუნველყოს, გარკვეულწილად, საზოგადოებამაც. თუ ბელგიაში მოქალაქე ხედავს, რომ ირღვევა უსაფრთხოების ნორმები და რეკავს შესაბამის სამსახურში, საქართველოშიც უნდა ისწავლონ მოქალაქეებმა ეს ამბავი, რადგან მხოლოდ 83 შრომის ინსპექტორი, ბუნებრივია, ვერ გაწვდება საქმეს“,
- ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

ვინ უწევს შრომითი ნორმების აღსრულების ზედამხედველობას საქართველოში?

შრომითი ნორმების აღსრულებაზე, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე, ასევე დასაქმებულთათვის შრომის კოდექსითა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმების უზრუნველყოფაზე ზედამხედველი ორგანო შრომის ინსპექციის სამსახურია.

2019 წლიდან მისი მანდატი ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე ვრცელდება, თუმცა უფრო მაღალი ინტენსივობით მაინც მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტები მოწმდება, რომელთა შორისაა სამშენებლო საქმიანობაც (სამთო-მწერველობის ობიექტებთან ერთად).

„უსაფრთხოების მენეჯერის არყოლა, რისკის შეფასების არარსებობა, სწავლებების არასრულყოფილად ჩატარება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სრულად არქონა - ესენი მეტ-ნაკლებად ყველა ობიექტზე ვლინდება. ობიექტებს აქვთ შესაძლებლობა მოახდინონ ამ დარღვევების გამოსწორება და დასაქმებულებს შეუქმნან უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო. ჩვენ, ამ მიზნით, მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ კონსულტაციებსაც, შეხვედრებს ბიზნესწარმომადგენლებთან, დასაქმებულებთან, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება“,- განმარტავს, ჩვენთან საუბრისას, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მიქაია.

მაია მიქაიას განმარტებით, თუ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობებია (როცა მყისიერი საფრთხე ექმნება ადამიანის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას), ინსპექციის სამსახურს უფლება აქვს სამუშაო პროცესი შეაჩეროს, მისი განახლება კი დამსაქმებელზეა დამოკიდებული, თუ რა გონივრულ ვადაში გამოასწორებს ამ დარღვევებს. შემდეგ ხდება ობიექტის გადამოწმება და ეძლევა მას სამუშაოს განახლების უფლება.

„სხვა შემთხვევებში, როდესაც არ გვაქვს კრიტიკული შეუსაბამობა, ჩვენ ვიყენებთ გაფრთხილებას, რაც გულისხმობს შესაბამისი გონივრული ვადის მიცემას და ამ ვადის გასვლის შემდგომ ხდება ობიექტის გადამოწმება. თუ დადგინდება, რომ მან გარკვეული მითითებები შეასრულა, ხოლო გარკვეული - შეუსრულებელი დარჩა, ამ შემთხვევაში ვიყენებთ შესაბამისს სანქციას“,- გვიყვება მაია მიქაია.

,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, 2022 წელს, ინსპექციის მიერ 2 510 (პირველადი და შემდგომი, დარღვევების აღმოფხვრამდე) ინსპექტირება განხორციელდა. პირველადი ინსპექტირებები შეეხო 1 147 ობიექტს, მათ შორის, გეგმურად 752 ობიექტი, არაგეგმურად კი 395 ობიექტი შემოწმდა.

განხორციელებული ინსპექტირებები ჯამში 108 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო; გაიცა 8 728 მითითება, რომლისთვისაც სამართალდამრღვევთა მიმართ ჯამში შედგა 1 748 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, შემოწმების პროცესში გამოვლენილი 8 728 დარღვევიდან იკვეთება, რომ 5%-დან 10%-მდე შემთხვევებში არ იყო გამოყენებული კოლექტიური დაცვის საშუალებები; არ იყო შეფასებული რისკები; არ ჩატარებულა სწავლება/ინსტრუქტაჟები; არ შემოწმებულა ტექნიკური აღჭურვილობა და დასაქმებულები არ იყვნენ აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 2021 წელთან შედარებით 24%-ით გაზრდილია იმ შემოწმებული ობიექტების რაოდენობა, რომელთაც სრულად გამოასწორეს გამოვლენილი დარღვევები პირველივე გადამოწმებისას.

სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკა:

2022 წელს, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, სამუშაო სივრცეში მომხდარი 113 უბედური შემთხვევის მოკვლევა განხორციელდა. მომხდარი უბედური შემთხვევის საფუძვლით კი ინსპექტირება განხორციელდა 192 ობიექტზე.

შრომის ინსპექციის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით შემცირებულია 5%-ით, 2020 წელთან შედარებით - 10%-ით, 2019 წელთან შედარებით - 22%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით შემცირებულია - 41%-ით.

2022 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 35 და დაშავდა 330 დასაქმებული. გარდაცვლილთა და დაშავებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში ფიქსირდება, შემდეგ მოდის იმერეთი და ქვემო ქართლი.


სტატია მომზადდა “ქუთაისიპოსტის” მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქუთაისიპოსტი” და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

The article was prepared by the Kutaisipost.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI).
The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ,
პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
11:23 / 17.07.2024
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ, პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.