საქმეთა გაჭიანურება, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დაკისრებული
ვალდებულებების არ შესრულება, მოხელეთა მიმართ არათანაბარი
დამოკიდებულება, კომუნიკაციისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტის
პრობლემა - ეს ის საკითხებია, რაზეც “საქართველოს სასამართლოს
გუშაგის” დირექტორმა ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების
შესახებ ანგარიშის პრეზენტაციისას ისაუბრა.
შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო Best Western Kutaisi-ში გაიმართა, ნაზი
ჯანეზაშვილმა განმარტა, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მწვავე
პრობლემად სასამართლოში საქმეთა გაჭიანურება უნდა დავასახელოთ.
„ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა დღეისათვის ქუთაისის
საქალაქო სასამართლოში, არ გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ ეს არის
საქმეთა გაჭიანურება. ამას იწვევს ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო
და თვითონ სასამართლოს ხელმძღვანელობა, თავმჯომარე არ იღებენ
შესაბამის ზომებს იმისათვის რომ საქმეთა გაჭიანურების პრობლემა
აღმოიფხვრას.
ამავდროულად, რაც ყველაზე უცნაურია, სასამართლოს თავმჯდომარე,
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, არ ასრულებს მასზე დაკისრებულ
მოვალეობას. კანონით მას აქვს განსაზღვრული კონკრეტული ვალდებულებები,
თუმცა ის ამას არ ასრულებს. მაგალითად, არ ახდენს საქმეთა
განზოგადებას, არ წარადგენს ამ ინფორმაციას საბჭოში, ან
მოსამართლეებთან და ა.შ“, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
მისივე განმარტებით, სასამართლოს თავმჯდომარეს არაპროპორციული
დამოკიდებულება აქვს მოხელეებთან და მისი თანამშრომლების ხელფასები
გაცილებით დაბალია, ვიდრე თბილისში.
„გარდა ამისა, ერთ-ერთი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, გახლავთ ის, რომ
არათანაბარი დამოკიდებულება აქვს სასამართლოს მოხელეებთან
მიმართებაში. ჩვენ საბჭოსაც მივმართეთ ამასთან დაკავშირებით
რეკომენდაციით. მაგალითად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
თანაშემწეებს აქვთ ბევრად დაბალი ანაზღაურება, ვიდრე თბილისის
საქალაქო სასამართლოში, ვიდრე ქუთაისის სააპალეციო სასამართლოში.
ანალოგიურ მდგომარეობაშია მენეჯერი, რომელსაც 41 ფუნქცია აქვს, თუმცა
მისი თანამდებობრივი სარგო ამასთან არ არის შესაბამისი“- აცხადებს ა/ო
“სასამართლოს გუშაგის” დირექტორი.
ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს იმასაც, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
კომუნიკაციის პრობლემაა, რასაც ადასტურებს ისიც, რომ 2021 წელს
უწყების ვებგვერდზე მხოლოდ ერთი ინფორმაცია გამოქვეყნდა.
„კიდევ ერთი საკითხი, რაც მედიისთვის ალბათ უფრო საინტერესო იქნება,
არის, თუ რა სტანდარტს იყენებს ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კომუნიკაციის და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების. ჩვენ
აღმოვაჩინეთ, რომ ამ ათი წლის განმავლობაში (ბოლო 10 წელი შევისწავლეთ
ვებ გვერდი და სიახლეების გამოქვეყნება, თუ როგორი სახის იყო
სასამართლოს საიტზე) ფაქტობრივად, კომუნიკაციის სტანდარტი არ არსებობს
და არის ძალიან დაბალი. 2021 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ
გამოაქვეყნა ერთი სიახლე. მოგეხსენებათ, რომ არის საქმეთა სიმრავლე,
არის სხვადასხვა კატეგორიის საკითხები, რომელზეც შეიძლება სასამართლო
საჭიროდ მიიჩნევდეს, რომ საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს, მაგრამ
მხოლოდ ერთი ახალი ამბავი გამოაქვეყნეს და ეს არის ხოლმე ძირითადად
ფორმალური ხასიათის“,- განმარტავს ნაზი ჯანეზაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები