სამართალი
აუქციონზე გაყიდული სამართალი – რატომ შეაჩერა პროკურატურამ ზესტაფონის გამგებლის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე
FaceBook
ქუთაისთან ახლოს, მოწამეთის გადასახვევთან მცხოვრები ბაბუხადიების მრავალსულიან ოჯახს გამოსახლება ემუქრება. ბაბუხადიების განცხადებით, მათი უკანონო გამოსახლების უკან ზესტაფონის გამგებლის, ტარიელ თუთარაშვილის და მასთან დაახლოებული პირების ინტერესები დგას.
"იმის გამო, რომ ჩვენი სახლი ბიზნესის განვითრებისთვის საინტერესო ადგილზე მდებარეობს, თუთარაშვილს და მის კლანს ინტერესები დიდი ხნის წინ გაუჩნდათ. რატომ უნდა დავრჩეთ ჩვენ ქუჩაში მისი ინტერესების გამო. მით უმეტეს, ჩვენი კუთვნილი 200 კვ.მ ერთხელ უკვე უკანონოდ წაგვართვეს," -აცხადებს ნანა ბაბუხადია.
ბაბუხადიები ტყიბულის რაიონში 400 კვ.მ საცხოვრებელ სახლს ფლობენ. 2014 წელს მათ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული 200 კვ.მ აუქციონის წესით გაიყიდა და მისი მფლობელი სენაკში მცხოვრები შორენა ლომია გახდა. ლომია აცხადებს, რომ ბაბუხადიების გამოსახლება მის ინტერესებში არ შედის და მას პრეტენზია მხოლოდ იმ ფართზე აქვს, რაც აუქციონის წესით შეიძინა.
"მე მხოლოდ ის 200 კვ.მ მაინტერესებს, რაც შევიძინე. ისინი იმ ფართში დღემდე ცხოვრებენ. დანარჩენი ფართი არ ვიცი, არ ვარ საქმის კურში," – ამბობს შორენა ლომია.
ნანა ბაბუხადია ლომიას ამ განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ აუქციონზე გაყიდული ფართი საცხოვრებლად იმ დროისთვისაც კი უვარგისი იყო.
"რა იცის შორენა ლომიამ? რაც ის ფართის მფლობელი გახდა ერთხელაც არ მოსულა და არ უნახავს რა იყიდა. საიდან იცის ჩვენ სად ვცხოვრობთ? იმ ფართში იყო საცხობი და საცხოვრებლად თავის დროზე არ ვიყენებდით, მით უმეტეს ახლა, როცა უსარგებლობის გამო სინესტისგან სანახევროდ დანგრეულია," – აღნიშნავს ნანა ბაბუხადია.
იმ ფაქტს, თუ როგორ აღმოჩნდა ბაბუხადიების ფართი ოპოთეკით დატვირთული და ვინ დგას ამ საქმის უკან, შვიდწლიანი ისტორია აქვს. ოჯახის უფროსმა, ნუგზარ ბაბუხადიამ წლების წინ ბიზნესის წამოწყება და საკუთარ სახლში საცხობის მოწყობა გადაწყვიტა, რისთვისაც მან ბანკებს სესხის ასაღებად მიმართა. ნუგზარ ბაბუხადიას, ასაკის გამო, სესხის გაცემაზე უარი უთხრეს.
ნანა ბაბუხადიას თქმით, ერთ-ერთ მორიგ მცდელობაზე "ქართუ ბანკის" ქუთაისის ფილიალის ოპერატორსა და მის მამას შორის გამართულ საუბარს ბანკის იმჟამინდელი მმართველი, ტარიელ თუთარაშვილი შეესწრო. თუთარაშვილმა ნუგზარ ბაბუხადიას თანხის მიცემაზე თანხმობა განუცხადა, სანაცვლოდ კი მის ბიზნესში 5%-იანი წილი მოითხოვა.
2010 წლის 17 მაისიდან 8 ნოემბრამდე ბაბუხადიამ თუთარაშვილისგან 0%-ად 21 900 ლარის ოდენობის ფულადი თანხა ნაწილ-ნაწილ მიიღო, რაც თუთარაშვილის მიერვე ხელნაწერი დოკუმენტითაც დასტურდება.
ნანა ბაბუხადია ამტკიცებს, რომ სესხის გაცემის ხელშეკრულება, რომელიც 2010 წლის 17 მაისით თარიღდება, მოგვიანებით შეადგინეს, რის შესახებაც ბაბუხადიების ოჯახმა მოგავინებით შეიტყო. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თანხა 0%-იანია, თუმცა რაოდენობა გაზრდილია (30 000 ლარი) და ასევე, ბაბუხადიების საცხოვრებელი ფართის ნაწილი, 200 კვ.მ იპოთეკით დაიტვირთა.
გვიან შედგენილ ხელშეკრულებას თან ახლავს სესხის გადახდის გრაფიკი, რომელიც ბანკების მიერ გაცემული ტრადიციული ხელშეკრულებებისაგან რადიკალურად განსხვავდება.
აღნიშნული ფაქტი ბაბუხადიებმა პროკურატურაში გაასაჩივრეს. ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მას თაღლითობის კვალიფიკაცია მიეცა (#046270212001, 27.02.2012წ). თუმცა, ოჯახი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან სამ დღეში, 2012 წლის 3 ოქტომბერს საქმე დაიხურა.
"ვინც კი ამ საქმეში ჩაერია ყველა გააჩუმეს. როცა ფართი პირველად აუქციონზე გადიოდა, ტყიბულის რაიონის მაჟორიტარი, ელისო ჩაფიძე დაგვეხმარა და გააჩერებინა, მაგრამ შემდეგ ჩაფიძეც გააჩუმეს და ფართი მეორე აუქციოზე ტარიელ თუთარაშვილის ნდობით აღჭურვილი პირის, გიორგი კამლაძის თანაქალაქელმა და ახლობელმა, შორენა ლომიამ იყიდა," – აცხადებს ნანა ბაბუხადია.
მისივე მტკიცებით, საქმის შესახებ არსებულ დოკუმენტაციას სწორედ "ქართუ ბანკის" ქუთაისის ფილიალში არსებული ლომბარდის მფლობელი, გიორგი კამლაძე აწერს ხელს, თუმცა ხელომწერას ბეჭედი თან არსად ახლავს. ნანა ბაბუხადია ასევე, ამტკიცებს, რომ მათ საკუთრებაში არსებული დარჩენილი 200 კვ.მ, საიდანაც ოჯახს გამოსახლებას თხოვენ, ხელშეკრულებებში არ ფიგურირებს.
ტარიელ თურაშვილი "ქუთაისპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ბაბუხადიების საქმეს დიდი ხნის ისტორია აქვს და მის შესახებ დღეს არაფერი ახსოვს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზესტაფონის გამგებელს კარგად ახსოვს, რომ ბაბუხადიებმა თანხა არა "ქართუ ბანკისგან", არამედ კერძო ინვესტორისგან მიიღეს, რომელთანაც სწორედ მან დააკავშირა. თუთარშვილმა ასევე, გაიხსენა მისი ხელით გაკეთებული 21 900 ლარის ხარჯთაღრიცხვა, რომლის დედანიც პროკურატურაში დღემდე ინახება. ამასთანავე, ის სიცრუეს უწოდებს იმ ფატს, რომ ბაბუხადიების ოჯახის ტრაგედიის უკან მისი ინტერესები დგას.
"კერძოა და საქმის კურსში არ გახლვართ. არ ვიცი როგორ იყო. ეგ საქმე გარჩეულია არბიტრაჟში, სასამრთლოში. მე დავაკავშირე ბანკში როცა ვმუშობდი კერძო ინვესტორს და შეიძლება, მაშინ მე რაღაც ჩანაწერი მქონდა, მაგრამ ეს საქმე გარჩეულია სასამართლოში. საიდან უნდა ვიცოდე, ამის მერე რამდენი წელია აღარ მახსოვს. მეტს ვერაფერს ვერ დავამატებ," – განაცხადა ტარიელ თუთარაშვილმა.
განახლდება თუ არა პროკურატურაში ზესტაფონის მოქმედი გამგებლის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და დაადგენს თუ არა გამოძება სიმართლეს უცნობია. ბაბუხადიები კი დღემდე აუქციონზე გაყიდულ სამართალს ეძებენ, დღეს კი მათ პრობლემას საცხოვრებლიდან გამოსახლებაც დაემატა.

დეა მანაგაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ,
პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
11:23 / 17.07.2024
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ, პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.