იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ამნისტიას ითვალისწინებს,
უკვე ამოქმედდა.
როგორც ეროვნულ ბიუროში ამბობენ, ამნისტიის კანონის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისაგან სრულად თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც უბილეთოდ იმგზავრეს მუნიციპალური ტრანსპორტით და ეს სამართალდარღვევა 2015 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. საერთო ჯამში, სახელმწიფო სამართალდამრღვევებს მილიონ ორასი ათასამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს.
მათივე ინფორმაციით, გამოცხადებული ამნისტიის შედეგად ჯარიმებისაგან 20850 პირი თავისუფლდება − ამჟამად იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "აღსრულების ეროვნული ბიუროს" წარმოებაშია მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობასთან დაკავშირებით 21000-ზე მეტი საქმე.
მნიშვნელოვანია, რომ იმ პირთა დიდი უმრავლესობა, რომელთაც მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისათვის ჯარიმა დაეკისრათ, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი ან სტუდენტია. სახდელისაგან გათავისუფლება, ერთი მხრივ, მოქალაქეებს მცირედ ფინანსურ შეღავათს მისცემს, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოსაც გაათავისუფლებს ასეთი საქმეების აღსრულებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ოდენობის ადმინისტრაციული რესურსის ფუჭად ხარჯვისაგან.
ავტობუსის ჯარიმებისგან შეჭირვებული მოსახლეობის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა 2014 წლის ზაფხულში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული მიმდინარე საქმეების ინვენტარიზაციის შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღო. ინვენტარიზაციის ანგარიშში გამოჩნდა, რომ 21000 აღსასრულებელი საქმე საზოგადოების ყველაზე შეჭირვებულ ფენას ეხებოდა და სწორედ ავტობუსის ჯარიმებს უკავშირდებოდა. მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ ჯარიმების აღსრულებაზე ამნისტია გამოცხადებულიყო. აღნიშნული ინიციატივა გაიზიარა პრემიერმა და მთავრობამ, მათ შორის, ფინანსურმა ბლოკმაც და გასულ წელს მთავრობის ინიციატივად დარეგისტრირდა.
წყარო:
ipn.ge
მასალის გამოყენების პირობები