2016 წლის 8 აგვისტოს, სამტრედიის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ
სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე მსჯელობა დაასრულა ქუთაისის
სააპელაციო სასამართლომ.
გარდაცვლილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული, სამტრედიის
პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, გოდერძი თევზაძე მეორე ინსტანციის
სასამართლომაც უდანაშულოდ სცნო.
სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და თევზაძე
115-ე და 333-ე მუხლებით წარდგენილ ბრალში გაამართლა.
პროცესზე მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს. საბოლოო სიტყვა თქვა
გოდერძი თევზაძემაც. მისი თქმით, დემურ სტურუას შეხვდა არა
ინფორმაციის მიღების მიზნით, არამედ, იმის გამო, რომ სტურუამ თავად
სთხოვა მას დახმარება საჯავახოში სამი კვირით ადრე გარდაცვლილის
ოჯახიდან მობილური ტელეფონის დაკარგვის საქმეზე, რომლის მოპარვაც
დემურს ბრალდებოდა.
"მე რომ მისი ინფორმატორად გამოყენება მდომოდა, არათუ წავიყვანდი და
ვცემდი, პირიქით, კარგად მოვეპყრობოდი", - განაცხადა თევზაძემ.
პროცესს არ ესწრებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. როგორც
ცნობილია, დემურ სტურუას დედამ, ნონა ჯოჯუამ სასამართლოს
თავიდანვე გამოუცხადა უნდობლობა და გოდერძი თევზაძის უდანაშაულობის
სჯერა.
2016 წლის 8 აგვისტოს, სოფელ დაფნარის მკვიდრმა, დემურ სტურუამ
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდამდე სტურუამ გამოსათხოვარი
წერილი დაწერა, სადაც თვითმკვლელობის ერთადერთ მიზეზად გოდერძი
თევზაძეს ასახელებს.
"პოლიციელი გოდერძია მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქ დათესილიო.
უნდა მითხრა, თორემ რაც არ გაგიკეთებია იმას შეგტენიო. მემუქრებოდა და
მანქანაში გამლახა. წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა
გოდერძი თევზაძე, მილიციელი..." - წერდა სტურუა წერილში.
წერილის გასაჯაროებიდან მესამე დღეს გოდერძი თევზაძემ თანამდებობა
დატოვა, მის მიმართ ძებნის გამოცხადების შემდეგ კი მიიმალა.
პროკურატურა მას სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანასა და
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა. იგი პოლიციას
ორი კვირის შემდეგ ჩაბარდა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ თვითმკვლელობამდე
რამდენიმე საათით ადრე, თევზაძემ დაურეკა სტურუას. ისინი პოლიციის
შენობასთან შეხვდნენ ერთმანეთს და თევზაძის სამსახურებრივი
ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. საღამოს კი თევზაძემ მას სახლში
მიაკითხა. დემურ სტურუა ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო.
გოდერძი თევზაძე, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე
წაყენებულ ბრალში უდანაშაულოდ ცნო, 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის
შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ერთი წლის შემდეგ კი იგი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.
ამავე თემაზე:
დემურ
სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა
შეეფარდა
ქუთაისის
საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძეს გათავისუფლებაზე უარი
უთხრა
დემურ
სტურუას ოჯახის წევრები სამტრედიის პოლიციასთან აქციის გამართვას
გეგმავენ
მასალის გამოყენების პირობები