თაღლითბაში ბრალდებულები სახელმწიფო შესყიდვების წარმომადგენლების სახელით მოქალაქეების კუთვნილ ავტომანქანებს დაეუფლნენ.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ცოლ-ქმარი - 1987 წელს დაბადებული ვახტანგ ბ. და 1989 წელს დაბადებული მარიამ გ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს "საქართველოს შესყიდვები", ვებ-გვერდ "
myauto.ge"-ზე განთავსებული განცხადებებით პოულობდნენ გასაყიდად გამოტანილ, სასურველ ავტომანქანებს, ავტომანქანების მესაკუთრეებს უკავშირდებოდნენ და ეცნობოდნენ, როგორც სახელმწიფო შესყიდვების წარმომადგენლები. ისინი თითქოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობდნენ და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისთვის ავტომანქანების შესყიდვას აწარმოებდნენ. მარიამ გ. ავტომანქანების მესაკუთრეებთან ხელშეკრულებებს აფორმებდა, რომელთა თანახმად, ვალდებულებას იღებდა თითქოსდა თხუთმეტი სამუშაო დღის ვადაში მათთვის უნდა ჩაერიცხა ავტომანქანის ღირებულება და ხელშეკრულების ხელისმოწერისთანავე მანქანებს იფორმებდა შპს "საქართველოს შესყიდვების" სახელზე. დაკავებულები ავტომანქანებს გადაფორმებისთანავე ღირებულების ნახევარ ფასად ასხვისებდნენ სხვადასხვა ლომბარდსა და ფიზიკურ პირებზე, ხოლო მიღებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ და მანქანების მესაკუთრეებს კუთვნილ თანხებს არ ურიცხავდნენ. აღნიშნული სქემით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ხუთი მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანებს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 132 400 აშშ დოლარს შეადგენს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი – 9785 ამერიკული დოლარი, 1660 ლარი და ოთხი ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ვახტანგ ბ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
მასალის გამოყენების პირობები