ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა
დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.
ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
"მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში
დაბრუნებისას, ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ
პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ
არჩევით დამეკისრა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან,
შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის
თავმჯდომარედ და ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. სწორედ
ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ქართული ოცნების“
თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის
სამსახური კი, სხვა პოზიციიდან განვაგრძო“, - განაცხადა ირაკლი
ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საქმიანობაში, პარტიის
დაფუძნებიდან, 2012 წლიდან იყო ჩართული. 2012-2013 წლებში ის იყო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2013 წლის 20 ნოემბერს, პირველ
ჯერზე, დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ამ პოსტს 2015 წლის
30 დეკემბრამდე იკავებდა. ასევე, 2013-2015 წლებში იყო პოლიტიკური
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.
ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021
წლის 22 თებერვლამდე. 2024 წლის 1 თებერვალს ღარიბაშვილი „ქართული
ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები