"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა გიგი უგულავამ და ხატია
დეკანოიძემ, ქუთაისში, „ოცნების“ ბანერი "არა ომს, აირჩიე მშვიდობა"
თეთრი საღებავით გადაღებეს.
როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ეს იყო არა სპონტანური,
არამედ ნაფიქრი გადაწყვეტილება, რომელიც, პირველად, სწორედ ქუთაისში
უნდა განხორციელებულიყო.
"კი, სამარცხვინო ბანერი სწორედ ქუთაისში უნდა შეღებილიყო, პირველი
უნდა ყოფილიყო ქუთაისი. ეს იყო ჩემი და გიგის გადაწყვეტილება. დიდი
ხანია ამაზე ვფიქრობთ, ამიტომ ეს არ იყო სპონტანური, ეს იყო
რაციონალური ნაფიქრი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პირველ რიგში ადამიანები,
ქართველები და ქართველების ღირსეული ტრადიცია არის ის, რაც ეკადრება
ქუთაისს",- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციური ლიდერების მიერ ბანერის შეღებვიდან რამდენიმე საათში,
უცნობმა პირმა/პირებმა ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე "ერთიანობა -
ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფასადს წითელი
საღებავი შეასხეს.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული "ქართული ოცნების"
დაკვეთით შესრულდა, რადგან, მათივე თქმით, მიმდინარე პოლიტიკურ დღის
წესრიგზე პასუხისმგებელი სწორედ მმართველი პარტიაა.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გია ბასილაძე
კი
განმარტავს, რომ აღნიშნულის შესახებ თავადაც სიუჟეტებიდან შეიტყო,
შესაბამისად, არ იცის ვინ შეასხა საღებავი მათი ოპონენტის
ოფისს.
ოპოზიციის შტაბის ფასადის საღებავებით გაფერადებამდე, ქუთაისის
ქუჩებში წარწერები: "ნაცი მკვლელია", "სატანა ნაციონალი კლავს"
გამოჩნდა, რომელიც სახელმწიფო თუ კერძო შენობების
ფასადებზეა დატანილი, მათ შორის ისეთი ობიექტების ფასადებზე, რომლებიც
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენენ.
"ოცნებამ" ქუთაისისი ქუჩებში ასევე გამოფინა ბანერები "არა ომს,
აირჩიე მშვიდობა", ასევე ბანერები ოპონენტების ლიდერების
გამოსახულებით, წარწერით: "არა აგენტურას".
26 ოქტომბერს, საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები
გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და
ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო
არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის
კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.
"ეს სამარცხვინო ბანერი, პირველად, სწორედ ქუთაისში უნდა შეღებილიყო"-
ოპოზიციის ლიდერებმა "არა ომს" გადაღებეს
მასალის გამოყენების პირობები