იმერეთში, არაოფიციალური წინასაარჩევნო გარემო სიძულვილის ენის
შემცველი წარწერებისა და ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე
თავდასხმების ფონზე დაიწყო.
უკვე რამდენიმე დღეა, ქუთაისის ქუჩებში გამოჩნდა წარწერები: "ნაცი
მკვლელია", "სატანა ნაციონალი კლავს", რომელიც სახელმწიფო თუ
კერძო შენობების ფასადებზეა დატანილი, მათ შორის ისეთი ობიექტების
ფასადებზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს
წარმოადგენენ.
წარწერები ქუთაისის ქუჩებში, შენობების ფასადებზე
შენობების ფასადებზე სიძულვილის შემცველი წარწერების პარალელურად,
რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე თავდასხმის
ფაქტიც დაფიქსირდა. 11 აგვისტოს, სამტრედიაში, პარტია „კოალიცია
ცვლილებისთვის" რეგიონალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე, პარტიის
ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოფისის
გახსნის შემდეგ, ნიკა მელია ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა
დროსაც მას თავს დაესხა პირი, რომელმაც ფიზიკური და სიტყვიერი
შეურაცხყოფა მიაყენა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფაქტს წინ უძღვოდა, 26 ივლისს, საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ძალადობის
წამახალისებელი განცხადება, რომლის მიხედვითაც „ოპოზიცია რომელ
ქალაქში, სოფელსა და უბანშიც არ უნდა მივიდეს, მათ პასუხს
მოსთხოვენ“.
წინასაარჩევნო გარემოს, ქვეყნის მასშტაბით, აკვირდება და აფასებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“. ქვეყანაში
მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებს ორგანიზაციის ცენტრალური
და რეგიონული ოფისების წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან.
ISFED-ი ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმის ფაქტს განცხადებით
უკვე გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, სრულფასოვნად
გამოიძიონ მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი და მოახდინონ შესაბამისი
რეაგირება.
"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ
წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ შესაძლებლობა,
თანაბარ პირობებში და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში აწარმოონ
საარჩევნო კამპანია. ამიტომ, მოვუწოდებთ მმართველი პარტიის ლიდერებს,
თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა,
წაახალისონ ძალადობა და დააზიანონ საარჩევნო გარემო",- წერია
"
სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ
განცხადებაში.
რაც შეეხება შენობების ფასადებზე არსებულ წარწერებს, როგორც
"სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორი, თათია ქინქლაძე ჩვენთან
საუბარში განმარტავს, მიუღებელია სიძულვილის ენა და ყველა პოლიტიკურ
პარტიას თანაბრად უნდა მიეცეს საარჩევნო კამპანიის მშვიდ
გარემოში მუშაობის უფლება.
"კამპანიის პროცესში, პოლიტიკურმა პარტიებმა, აქტივისტებმა, თუ სხვა
პირებმა, რომლებიც ამ პროცესში იღებენ მონაწილეობას, უნდა შეიკავონ
თავი, იმგვარი შინაარსის პოსტების და ინფორმაციის გავრცელებისგან,
რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაციას ისახავს
მიზნად, ან მის მიმართ სიძულვილის ენის გავრცელებას უწყობს ხელს. ეს
გავლენას ახდენს თავისუფალ და თანასწორ საარჩევნო გარემოზე, რაც
საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, არის შეუსაბამო. ამიტომ,
მნიშვნელოვანია ეს პრინციპი მაქსიმალურად იყოს დაცული",-განმარტავს
თათია ქინქლაძე.
შენობების ფასადებზე თვითნებურად შესრულებული წარწერებისა და
სტიკერების გაკვრისთვის მოკვლევას ქუთაისის მერიას
დაქვემდებარებული "მუნიციპალური ინსპექცია" ახორციელებს, თუმცა,
როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ ეტაპზე კონკრეტული პირები
გამოვლენილი არ არიან.
"იდენტიფიცირებისთანავე მოხდება კანონმდებლობით განსაზღვრული
ღონისძიების გატარება და შესაბამისი პირებისთვის, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმის
დაკისრება",- განმარტეს მერიის პრესსამსახურში.
თუ ვინ უნდა წაშალოს კულტურული მემიკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებზე წარწერები,
მერიაში პასუხი არ აქვთ, თავად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში კი ჩვენს ზარებს
არ პასუხობენ.
26 ოქტომბერს, საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები
გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და
ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო
არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის
კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.
ფოტოები: თორნიკე ბარათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები