პოლიტიკა
"ევროპული ქუთაისი არის ჩვენი სიამაყე და ევროკავშირის წევრობასაც ვიზეიმებთ აქ"- კოალიცია ცვლილებისთვის" შეხვედრა მოსახლეობასთან
FaceBook
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა, ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.


მათ დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეკრებილ მხარდამჭერებს 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, მათ არა მხოლოდ სწამთ და სჯერათ ცვლილების, არამედ ერთად მოქმედებენ ამ ცვლილებისთვის და სწორედ ამიტომ შეიქმნა “კოალიცია ცვლილებისთვის”.

"როგორ შეიძლება იდგე ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან და გაუთავებლად ვსაუბრობდეთ პრობლემებზე, იმ ქალაქში, იმ მხარეში, იმ რეგიონში, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობები. ამ ხელისუფლებამ შექმნა კრიზისი. განა მართლა დასანანი არ არის, იმერეთში, თითქმის ყოველ მეორე ოჯახს ემიგრანტი ჰყავდეს? რატომ? არ შეგვიძლია ეს ასე არ იყოს? შეგვიძლია, ამიტომ, 26 ოქტომბერს, მთელი საქართველო მივდივართ არჩევნებზე, სადაც უკეთესი მომავალი უნდა მოვუტანოთ ჩვენს შვილებს, ღირსეული სიბერე - ჩვენს მშობლებს,  ევროპული განათლება - ახალგაზრდა თაობებს, დაბალი გადასახადები - ბიზნესის წარმომადგენლებს",- განაცხადა მან. 

ნიკა მელიას თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, არცერთ ოპოზიციურ პარტიას თუ კოალიციას, ამ მასშტაბის შეხვედრა არ გაუმართავს, ეს კი ცვლილებების დაუოკებელ სურვილზე მეტყველებს. 

"არ გვინდა, ჩვენმა შვილებმა წლების შემდეგ გვკითხონ: ამდენი იყავით რუსთავში, ამდენი ხართ ქუთაისში, იმერეთში, კიდევ უფრო ბევრი იქნებით სამეგრელოში, აჭარასა და სხვა რეგიონებში (რამდენიმე დღეში გვაქვს შეხვედრები) და სიმართლე რატომ ვერ დაამტკიცეთ? ამ კითხვის დასმას თუ ექნება ადგილი, პასუხი უნდა ჰქონდეს და ეს პასუხი ახლა არის გადაცემი. ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე, დიდიან პატარიანად",- მიმართა ნიკა მელიამ ქუთაისში შეკრებილებს. 



მოსახლეობას კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ის დაპირება მისცა, რომ ქუთაისს და იმერეთს უზარმაზარი პერსპექტივა აქვს და ეს პერსპექტივა მათი მთავრობის პირობებში დაფასდება.

მან თქვა ისიც, რომ ევროპული ქუთაისი არის ჩვენი სიამაყე, არგონავტები ჩვენ მივიღეთ და ევროკავშირის წევრობასაც ქუთაისში ვიზეიმებთ.

ამასთან, ნიკა გვარაიამ ქუთაისიდან გამოწვევა გაუგზავნა ორ ყველაზე ძველ, მთავარ ევროპულ ქალაქს, ათენს და რომს, "შეგვეჯიბრეთ სიძველეში, შეგვეჯიბრეთ ევროპულობაში, ჩვენ წინ ვართ, ჩვენ არგონავტებს ვაჩუქეთ სიბრძნე, მათ თქვენთან ჩამოიტანეს ეს სიბრძნე. ჩვენ ვართ ევროპა და ევროპა არის ქუთაისი",- თქვა მან. 

წინასაარჩევნო ყრილობაზე ნიკა გვარამიამ აღნიშნა ისიც, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში, ამიტომ, როცა ჩვენს გზას ვიღაცა ეღობება, როცა ჩვენ ევროპისაკენ ვიღაცა გაგვწევს, ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონის, დიდი ევროპელების ქალაქში, ვინც ჩვენ გაგვწევს, ჩვენ გავწევთ იმას.

"ბიძინა ივანიშვილი გარეთ, ევროპა შიგნით. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს, ევროპული საქართველოს მთავარ ძალას, ქუთაისს. ჩვენ ვართ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქალაქში. ამ ქალაქს ნანახი აქვს და იცის ევროპა რა არის, იმიტომ რომ ეს ქალაქი არის ევროპა და მომავალი მისია. როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, არჩევნების მერე გვექნება ევროპული პასპორტი ჯიბეში და ქუთაისის აეროპორტიდან წავა ზუსტად",- თქვა ნიკა გვარამიამ. 

ქუთაისში შეკრებილებს სიტყვით მიმართა ნიკა გვარამიას ცოლმა, სოფო ლილუაშვილმაც.

"მინდა, ჩვენი კოალიციის სახელით, უფლება მივცე ჩემს თავს და დაგპირდეთ, რომ ჩვენი შვილები აუცილებლად მოესწრებიან დღეს, როდესაც ქუთაისი თავისი ხიბლით, თავისი პეწით, ისე როგორც ამ ქალაქის ისტორიას, კულტურას და ხალხს შეეფერება, გახდება ევროკავშირის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. ძალიან გთხოვთ, წავიდეთ არჩევნებზე და დავიჯეროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცვლილება",- მიმართა ადგილობრივებს ლილუაშვილმა. 

კოალიციაში შემავალი პარტიიდან "გირჩი-მეტი თავისუფლება" ქუთაისში შეკრებილებს ცოტნე კობერიძემ მიმართა და თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"ჩვენ ვართ თაობა, რომელიც გავიზარდეთ ჰიმნზე. რომლებიც ვადიდებთ მთავარ ღირსებას - თავისუფლებას. ვამბობთ: დიდება თავისუფლებას და თუ ვინმემ ვერ გაიგო, ვიმეორებთ: თავისუფლებას დიდება. ხოდა, თავისუფლების მადიდებლები ბიძინას მადიდებლებს მოვუგებთ. როცა ხელისუფლება თავისუფლებას არ ემსახურება, ის არის გასაშვები. ილია ჭავჭავაძემ გვითხრა: ადამიანს, რომელიც სულ რაღაცას ელის, ვეძახით სულელს. ჩვენ არ ვიქნებით სულელები, ჩვენ არაფერს დაველოდებით, რამდენიმე კვირაში ამ ქვეყანას ავუსრულებთ იმ მიზანს, რისთვისაც ადამიანებმა სისხლი დაღვარეს. ამისთვის გვჭირდება, მივიდეთ, გავაფერადოთ და გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი",- აღნიშნა მან.

არჩევნებზე მისვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია "დროას" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამაც, რომლის თქმითაც, 26 ოქტომბერი რწმენის, იმედის და მომავლის არჩევნებია.

"ივანიშვილისთვის საქართველო არის პატარა სოფელი და ეს გვითხრა თავიდანვე. ამიტომ, სწორედ ქუთაისიდან, სადაც ჩაიფიქრეს და განახორციელეს ძლიერი, განათლებული, სამართლიანი საქართველოს იდეა, სადაც ათენის ფილოსოფიაზე დაფუძნებით შექმნეს ამ რეგიონში ყველაზე უფრო წარმატებული საგანმანათლებლო ცენტრი, გელათის აკადემიის სახით, აი ამ ქალაქიდან მინდა ვუთხრა ყველას, რომ 27 ოქტომბრიდან საქართველო იქნება ძლიერი, მდიდარი, ნამდვილი ევროპული სახელმწიფო და ამის გარანტი ხართ თქვენ, ქართველი ხალხი",- განაცხადა გიგა ლემონჯავამ. 

შეხვედრის დასასრულს პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიციამ ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული კიდევ ერთხელ წარუდგინა მოსახლეობას. კოალიციის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ისინი არიან ერთი დიდი გუნდი სცენაზეც და სცენის მიღმაც. 



"ჩვენი სამშობლო ჩვენი საზრუნავია, მომავალი ჩვენი, თქვენია, ყველასია. ჩვენი ნომერია 4. წარმატებები, გელოდებით არჩვენებზე",- მიმართა კიდევ ერთხელ შეკრებილებს ნიკა გვარამიამ.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” (ნომერი 4) აერთიანებს პარტია “ახალს”, "დროა"; “გირჩი – მეტი თავისუფლებას”, “რესპუბლიკურ პარტიასა” და ორგანიზაციას “აქტივისტები მომავლისთვის”.

26 ოქტომბერს საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.

ფოტოები: პარტია "ახალი"


ამავე თემაზე:


"ცვლილება შესაძლებელია, უნდა ვირწმუნოთ ამის"- "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა ქუთაისში ოფისი გახსნეს










Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.