პოლიტიკა
ვის რას სთავაზობს - პრეზიდენტის "ქართული ქარტია"
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  26 სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რაც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან.

პრეზიდენტის თქმით, "ქართული ქარტია" ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული.

ქარტიას გთავაზობთ სრულად:

"ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.

ეს ნაბიჯებია:

ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება;

დაუყოვნებლივ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ანუ რუსულ კანონს, "საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონებს და სხვა;

ასევე გავაუქმებთ 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და მიღებული იქნება ამნისტია;

მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა;

სასამართლოს გათავისუფლება;

გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით;

შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია;

შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;

შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას;

სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები;

მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;

გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც;

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძირეული რეფორმა შეეხება: ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, კერძოდ:

დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია;

ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება;

იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი იქნება;

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, სრულ სიას წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ.

საბჭოს წევრებს აეკრძალებათ:

სხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება;

ორჯერ არჩევის შესაძლებლობა;

საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს;

რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება:

პროკურატურას:

გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი ქვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით;

საპროკურორო საბჭო გაძლიერდება;

სუსი/შსს

ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.

ანტიკორუფციულ სააგენტოს:

გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს. პირველ რიგში, აღვჭურავთ კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით;

სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე;

ეროვნულ ბანკს :

დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით;
გამოვრიცხავთ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას;
გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს.

მარეგულირებელ ორგანოებს :

გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით;

საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება;
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შეიქმნება სათანადო პირობები:

დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.

ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა

ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ",- წერია ქარტიაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.