ევროკავშირმა სანქციების სიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და
საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაამატა
- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების
პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ გამართულ
პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არის დისკუსიის საბოლოო შედეგი, რომელიც გუშინ ევროპულ საბჭოზე არ
დასრულდა და დღეს გადაწყდა ელჩებისა და მინისტრების მიერ“, -
განაცხადა ბორელმა.
”ამიტომ, პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი
არიან სანქცირებული პირების სიაში, დუმის დარჩენილ წევრებთან ერთად,
რომლებიც მხარს უჭერენ ამ აგრესიას”, - დასძინა მან.
ბორელმა თქვა, რომ ერთადერთი მსოფლიო ლიდერები, რომლებსაც
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა, არიან სირიის პრეზიდენტი ასადი და
ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკო.
„ ნება მომეცით აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ერთადერთი ლიდერები, რომლებიც
ევროკავშირის მიერ არიან სანქცირებული, არიან ასადი სირიიდან,
ლუკაშენკო ბელორუსიიდან და, ახლა, პუტინი რუსეთიდან“, - განაცხადა
ჯოზეფ ბორელმა.
ევროპული საბჭოს ცნობით, შეთანხმებული შემდგომი შემაკავებელ ზომები
გავლენას იქონიებს რუსეთის ფინანსურ სექტორზე, ენერგეტიკისა და
ტრანსპორტის სექტორებებზე, ორმაგი დანიშნულების საქონელზე, ექსპორტის
კონტროლსა და ექსპორტის დაფინანსებაზე, ევროკავშირის გამარტივებულ
სავიზო პოლიტიკაზე დიპლომატებისთვის.
უკრაინა მეორე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის
ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს 137 ადამიანი
დაიღუპა.
უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა
და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის
საათია გამოცხადებული.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს
გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის
დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა,
ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად
გამოუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები