ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთს ევროპული
საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტში მონაწილეობის
უფლება უწყდება,
რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან არის დაკავშირებული.
ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტინი კოკსმა
ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კომიტეტის შეხვედრა შედგა „რუსეთის ბრუტალური ქმედებების
გამო უკრაინასთან დაკავშირებით და მისი უკრაინაში შეჭრაზე
გადაწყვეტილების მისაღებად“.
მისი თქმით, ორგანიზაციის აღნიშნული რეაქცია ეხება მე-8 მუხლს წევრი
სახელმწიფოსთვის მონაწილეობის შეჩერებას ევროპის საბჭოს ყველა
ორგანოში.
მითითებული მე-8 მუხლი კერძოდ, ითვალისწინებს
შემდეგს:
„ევროპის საბჭოს ნებისმიერ წევრს, რომელიც არღვევს მე-3 მუხლს,
შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას წარმომადგენლობის უფლება და მინისტრთა
კომიტეტმა შეიძლება სთხოვოს, გავიდეს საბჭოდან მე-7 მუხლის
შესაბამისად.
თუკი ასეთი წევრი სახელმწიფო არ შეასრულებს ასეთ თხოვნას, კომიტეტს
შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მისი საბჭოს წევრობის შესახებ იმ
თარიღიდან, რომელსაც განსაზღვრავს კომიტეტი“.
კოკსის თქმით, კომიტეტის სხდომაზე მონაწილეთა დიდი რაოდენობა
ესწრებოდა და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთთან მიმართებით.
„მე მაქვს მკაფიო შთაბეჭდილება, რომ ევროსაბჭოს ყველა წარმომადგენელს
მკაფიო პოზიცია ჰქონდა იმაზე, რომ უნდა დავგმოთ რუსეთის სამხედრო
შეჭრა უკრაინაში“ , - განაცხადა კოკსმა.
უკრაინა მეორე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის
ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს 137 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა
და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის
საათია გამოცხადებული.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს
გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის
დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა,
ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად
გამოუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები