საქართველოს პრეზიდენტის
სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, რუსეთის მიერ
დონეცკისა და ლუგანსკის
"აღიარება" პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ
"ტვიტერში" აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ
დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური
პრინციპების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია და 2008 წელს
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას იმეორებს.
“რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო
სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი
ნაბიჯია და , სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების
ოკუპაციას იმეორებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის
სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”,- აღნიშნავს
პრემიერ-მინისტრი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და
ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის
საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ
ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.
აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან
ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ
სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ
შეჭრას.
18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის
ევაკუაცია დაიწყეს.
მასალის გამოყენების პირობები