ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის
მოწყობა, რომელიც თავდაპირველი ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ
უნდა დასრულებულიყო, ახლაც გრძელდება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ადგილზე, ამ
დროისთვის, ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის არც დასრულების
და არც საგამოფენო სივრცის გახსნის თარიღი არ იციან.
ასე გამოიყურება ამ დროისთვის საგამოფენო
სივრცე
ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას, საგამოფენო
სივრცის მოწყობა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და 2023 წლის თებერვალს
უნდა დასრულებულიყო. როგორც წესი, ვადებში სამუშაოების შესრულება არ
მოხდა. შესაბამისად, მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში
გადავადებაზე 5 ცვლილება (საერთოდ 10 ცვლილება) განხორციელდა. პირველი
ცვლილებით, სამუშაოების დასრულების ვადად, 2023 წლის თებერვლის
ნაცვლად, 2023 წლის აპრილი განისაზღვრა, ბოლო ცვლილებით კი - გასული
წლის დეკემბერი.
დოკუმენტში ცვლილებები არა მხოლოდ სამუშაოების გადავადებას შეეხო,
არამედ ობიექტის მოწყობის ღირებულებასაც. კერძოდ, ტენდერი გამოცხადდა
და ხელშეკრულებაც გაფორმდა 4 997 921 ლარზე. თუმცა, ხელშეკრულებაში
შესული ცვლილებებით, სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ ობიექტის
მოსაწყობად დამატებით, კიდევ 66 182 ლარი მოითხოვა, რამაც საბოლოო
ჯამში, 5 064 103 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში შესულ რიგით მეცხრე ცვლილებაში
აღნიშნულია, რომ მხარეების შეთანხმებით, 2024 წლის 10 დეკემბრიდან,
ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის დინება შეჩერდა. ანუ,
დოკუმენტში აღარ არის მითითებული სამუშაოების დასრულების
ვადა.
მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოსაწყობად ტენდერი
[NAT220012810] 2022 წლის ივლისში გამოცხადდა. სამუშაოების
ამ დრომდე გაჭიანურების მიზეზი პროექტში შესული ცვლილებები გახდა, რაც
ობიექტის მდგრადობის თავიდანვე არ შესწავლით, შემდეგ კი საგამოფენო
სივრცისთვის გამოსაყენებელი მუზეუმის შენობის სამივე ფასადის დაშლით
არის გამოწვეული. იმის გამო, რომ შენობის მდგრადობაზე ექსპერტიზის
ჩატარება, მერიაში, გვიან, სარეაბილიტაციო სამუშაოების შუა პროცესში,
პროტესტის შემდეგ მოაფიქრდათ, შპს „ნს-სტუდიას“ როგორც კონსტრუქციულ,
ასევე არქიტექტურულ ნაწილში, პროექტის შეცვლა მოუწია.
დაშალეს მუზეუმის ყოფილი შენობის სამივე კედელი, რომელთა
გამოყენებითაც (თავდაპირველი პროექტით) უნდა აშენებულიყო
მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე. ამიტომ, სამშენებლო კომპანია
„ართვინ ჯორჯიას“ ახალი კედლების აშენება მოუწია, რომელშიც მუზეუმის
შენობის დაშლილი ფასადების შემონახული დეტალები და ორნამენტები
გამოიყენა.
როგორი უნდა ყოფილიყო ქალაქის ცენტრში მულტიფუნქციური სივრცე
ნახეთ აქ.
მუზეუმის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე, საგამოფენო სივრცის მოწყობას
კომპანია "ართვინ ჯორჯია" 5 064 103 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.
აღნიშნული საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტია, რომელიც
რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში
დაფინანსდა.
ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, რომლის მიხედვითაც
შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და ახალ არქიტექტურასთან სინთეზი
მოხდება.
ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე
აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, ობიექტს
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. 2017 წელს,
ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს
მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.
წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ
ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის
ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების
ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.
ამავე თემაზე:
კიდევ ერთი ტენდერი, ქუთაისში, საგამოფენო სივრცის
მოსაწყობად - რას მოიცავს სახელმწიფო შესყიდვა
საგამოფენო სივრცე ცენტრალურ მოედანზე -
საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტი
კედლები ამოყვანილია - საგამოფენო სივრცე, რომლის
მოწყობა დასრულებული უნდა იყოს
გადავადებულია წლის ბოლომდე - საგამოფენო სივრცის
მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა
მუზეუმის ყოფილი შენობის დანგრევის შემდეგ, საგამოფენო
სივრცისთვის საჭირო კედლებს თავიდან აშენებენ
ქუთაისში, მუზეუმის ყოფილი შენობის ერთადერთი კედელიც
დაშალეს
ქუთაისში, საგამოფენო სივრცის მოწყობის პროექტში
ცვლილებები შევა
ცენტრალურ მოედანზე მუზეუმის ყოფილი შენობის კედელს
შლიან
რა ბედი ელის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადს -
ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია
მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე - სამუშაო ვადებსა და
იერსახეში აბნეული პროექტი
მერია მუზეუმის შენობის ფასადის მდგრადობას
სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეისწავლის
ქუთაისის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადის ნაწილი
ჩამოიშალა
"დროებით შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები"-
არქიტექტორი ხელისუფლებას მიმართავს
ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი
სამუშაოები დაიწყო
რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას,
სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს
მასალის გამოყენების პირობები