ქუთაისში "კონსერვატიულმა მოძრაობამ" ოფისი
გახსნა, რომელსაც დავით სულაკაძე უხელმღვანელებს.
ეს, პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის მიერ შექმნილი პარტიის რიგით
მეხუთე ოფისია იმერეთში. მანამდე პარტიამ ოფისები უკვე გაიხსნა,
ჭიათურაში, საჩხერეში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. იმერეთის დანარჩენ
მუნიციპალიტეტებში გახსნას მომდევნო კვირას გეგმავენ.
მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის კონსტანტინე მორგოშიას განმარტებით,
პარტიის მიზანი და გეგმები უფრო გლობალურია, ვიდრე სხვა პოლიტიკური
პარტიის ხედვები.
მორგოშიას თქმით, მათი მიზანია დეოკუპაცია, რუსეთთან პირდაპირი
ფრენები და უვიზო მიმოსვლის აღდგენა.
"ესაა ის საკითხები, რომელზეც ვმუშაობთ და ამას არც ვმალავთ. ჩვენ
რუსებთან უნდა დავსხდეთ და მესამე პირის ჩარევის გარეშე უნდა
ვისაუბროთ, იმ პრობლემაზე, რომელიც მასთან გვაქვს", - განმარტა
პარრიის დამფუძნებელმა.
პარტიის წარმომადგენლების თქმით, მათი მთავარი მიზანი დეოკუპაციაა და
თანახმა არიან, საქართველოს ტერიტორიაზე დარჩეს რუსეთის სამხედრო
ბაზები, თუ სანაცვლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილები
დაბრუნდებიან.
აღნიშნული პოლიტიკური პარტია, "ალტ-ინფოს" ძალადობრივი ჯგუფის მიერაა
დაფუძნებული. პარტიის დამფუძნებლები 5 ივლისის ძალადობის
ორგანიზატორები არიან.
პარტიის ლიდერები არიან ზურაბ მახარაძე, კონსტანტინე მორგოშია, ირაკლი
მარტინენკო, გიორგი ქარდავა და სხვები.
„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5
ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში
გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ "პირველის" ოპერატორ
ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის
გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ
დაუკავებიათ.
მასალის გამოყენების პირობები