ქუთაისის ახლადარჩეულმა მერმა იოსებ
ხახალეიშვილმა, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება უბრძოლველად,
საკუთარ თავთან კონკურენციის პირობებში მოიპოვა.
პირველ ტურში, სადაც მას შვიდი კონკურენტი ჰყავდა, ბარიერის გადალახვა
ვერ შეძლო, მეორე ტურში კი ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, ბრძოლაში მარტო
დარჩა. "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა გიგა შუშანიამ
განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და პროცესს
გამოეთიშა. შედეგად, მმართველი პარტიის კანდიდატმა საკუთარ თავს
92.02%-ით მოუგო.
პირველი ტურის შედეგები
მეორე ტურის შედეგები
მიუხედავად წინასწარ ცნობილი შედეგებისა, "ქართული ოცნების" ქუთაისის
შტაბში გამარჯვება ფოიერვერკით აღნიშნეს.
"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი გიგა შუშანია
დარწმუნებულია, რომ ცესკომ ხელისუფლების დავალებით ოქმები გადაწერა და
სასურველ შედეგს ამით მიაღწია.
"როგორც კი მიხვდა ხელისუფლება რომ აგებდა, გახსოვთ ალბათ,
ღამით მოვარდნები ჩვენს ოფისთან და ძალადობა. მოსყიდვაზე და
დარღვევებზე უკვე აღარ ვსაუბრობ, ამაზე ყველა არასამთავრობო
ორგანიზაცია ლაპარაკობს. რაც შეეხება მეორე ტურს, საკუთარ თავთან
"დაძაბულ" ბრძოლაში გაიმარჯვეს და ფოიერვერკებითაც აღნიშნეს მერე ეს
გამარჯვება. რეალურად, ადგნენ და უბრალოდ გადაწერეს ოქმები. ასეთი რამ
პირველად მოხდა 2003 წლის შემდეგ. პირველად მოხდა ასევე, ის, რომ
მთელმა ოპოზიციამ უარი გამოუცხადა მეორე ტურს. რაც შეეხება
ახლადარჩეულ მერს, ჩვენ უკვე ვიცით როგორ დაასრულა მისმა
წინამორბედმა, 18%-იანმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ და აქაც იგივე
მოხდება, რადგან საბჭოთა კავშირის კომუნისტური არჩევნების პირობებში,
სხვანაირად არ ხდება", - ამბობს გიგა შუშანია.
ქუთაისის ახლადარჩეული მერი წინასაარჩევნო კამპანიის დროს არც
სახელისუფლებო მხარდაჭერის ნაკლებობას განიცდიდა და არც
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ამბობდა უარს. იოსებ
ხახალეიშვილი შეხვედრებს მართავდა ქუთაისის საბიუჯეტო დაფინანსებაზე
არსებული ტურიზმის ცენტრის (DMO იმერეთი) წარმომადგენლებთან ერთად,
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ
ჩხენკელთან ერთად შეხვდა ქუთაისის სკოლების დირექტორებს, ხვდებოდა
საჯარო სკოლის პედაგოგებს, საარჩევნო პროგრამის ფარგლებში შეხვდა
ქუთაისში ყველაზე დიდი სამკერვალო საწარმო "იმერის" თანამშრომლებს,
რომლის დირექტორი მაია სიმონიძე საკრებულოს უმრავლესობის
დეპუტატია.
წინასაარჩევნო შეხვედრა
ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის ეზოში იმერეთის ტურიზმის ცენტრის
თანამშრომლების მონაწილეობით
განათლების
მინისტრი ქუთაისის სკოლების დირექტორებთან იოსებ
ხახალეიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას
ესწრება
იოსებ ხახალეიშვილს
არც ცენტრალური მედიის მხარდაჭერა აკლდა. მის საარჩევნო კამპანიაში
ჩასართავად სპეციალურად გამოიყო ერთ-ერთი ტელევიზიის იუმორისტული
გადაცემის ჯგუფი, რომლებიც მერობის კანდიდატს შეხვედრებზე
დაყვებოდა.
იუმორისტული გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი
იოსებ ხახალეიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე
არჩევნებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია
ქუთაისში ახალი ავტობუსების შემოყვანის შესახებ, რაც იოსებ
ხახალეიშვილისთვის, როგორც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატისთვის
დამატებითი დივიდენდების მომტანი იყო. ეს ინფორმაცია მერობის
კანდიდატმა პირად გვერდზეც გამოაქვეყნა, სადაც აქტიურად შუქდებოდა
მისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული
აქტივობები.
გარდა არჩევანის გარეშე არჩევნებისა, როგორც პირველი, ისევე მეორე
ტური მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩატარდა. ოპოზიციური პარტიებისა
და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ორივე ტურში ჯამში
85 საჩივარი დაწერეს. საჩივრებიდან ქუთაისის საოლქო საარჩევნო
კომისიამ მხოლოდ ორი დააკმაყოფილა სრულად, შვიდი კი ნაწილობრივ.
დანარჩენი საჩივრები სხვადასხვა მიზეზით განუხილველი
დარჩა.
იმის მიუხედავად, რომ საჩივრები ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან
დარღვევებს, როგორიცაა კენჭისყრის ფარულობის არდაცვა, საარჩევნო ყუთის
მთლიანობის დარღვევა, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა, ყუთებში
ბიულეტენების კონვერტის გარეშე ჩაყრა და სხვა, არასამთავრობო
ორგანიზაციების შეფასებით, საოლქო კომისია საჩივრებს ზედაპირულად და
არასამართლებრივად განიხილავდა. გარდა საოლქო კომისიის მიკერძოებული
დამოკიდებულებისა, არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ერთ-ერთი
მთავარი პრობლემა, რამაც უბნებზე მასშტაბური დარღვევები გამოიწვია,
როგორც საოლქო, ასევე საუბნო კომისიების წევრების დაბალი კომპეტენცია
იყო.
საოლქო კომისიის თავმჯდომარე,
ლარინა ლალიაშვილი საჩივრების უმრავლესობის არადაკმაყოფილებას სხვა
მიზეზით ხსნის და ამბობს, რომ საჩივრები ან სამართლებრივად გაუმართავი
ან არაუფლებამოსილი პირების მიერ იყო შედგენილი.
"იყო საჩივრები, რომელთა დაკმაყოფილებაც გვინდოდა, მაგრამ
იმდენად სუსტად იყო შედგენილი, რომ ამის საშუალებას არ იძლეოდა. გარდა
ამისა, საჩივრების უმრავლესობა დაწერილი იყო არაუფლებამოსილი პირების
მიერ. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ არ აინტერესებდათ რეალურად
შედეგები, მათ უნდოდათ, რომ რაღაც მოეთხოვათ და ჩვენ ეს არ
დაგვეკმაყოფილებინა. თუ ეს ვინმეს სტატისტიკისთვის უნდოდა, კი ბატონო,
სტატისტიკა შედგა", - ამბობს ლარინა
ლალიაშვილი.
საარჩევნო გარემოზე, ერთპარტიულ მეორე ტურზე და სამომავლო გეგმებზე
საუბარი არ ისურვა თავად იოსებ ხახალეიშვილმა. მან ქუთაისიპოსტის
შეკითხვებს არ უპასუხა.
ქუთაისის მერი, რომელმაც ისე გაიმარჯვა, რომ არავინ დაუმარცხებია,
მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები