ჩემმა მკითხველებმა იციან, რომ 20 წელზე მეტია სამშობლოდან შორს, ამერიკაში ვცხოვრობ და საქართველოში მხოლოდ ტურისტის ამპლუაში მიწევს დაბრუნება. როგორია ჩემი, როგორც ტურისტის თვალით დანახული საქართველო და მისი მომავალი?
დავიწყოთ უბრალოდ, ციფრებით: 2010 წელს დედამიწაზე ტურისტებმა ტურიზმში დახარჯეს 919 მილიარდი დოლარი. შემდეგ, ზუსტად 8 წელიწადში ეს თანხა იმხელათი გაიზარდა, რომ მარტო 2018 წელს ტურიზმში დახარჯულმა თანხამ 8 ტრილიონი დოლარი შეადგინა და 319 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნა.
ახლა გადმოვაქართულოთ ეს ციფრები. ანუ მსოფლიოში ვიცით რომ სადღაც დევს ეს თანხა, 8 ტრილიონი დოლარი, რომელიც ნაწილდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე, ოღონდაც კონკურსია, შენი მომხიბვლელობით და მაღალი სტუმართმოყვარულობით უნდა შესძლო რომ ამ თანხიდან დიდი ნაწილი შენსკენ გადმოისროლო.
მსოფლიოს მომავალი არის ტურიზმში. ადრე ვიცოდით, რომ ტურისტები მარტო ვირუსების გადამტანები იყვნენ, ისევე როგორც თბილ ქვეყანაში გადამფრენი მერცხლები. ახლა ვიცით, რომ ქვეყნის შემოსავლების დიდი ნაწილი უნდა მოდიოდეს ტურიზმზე. ერთია, რასაც ქვეყანაში შექმნი და მეორე, რასაც შემოიტან ექსპორტის გაყიდვისაგან თუ ტურისტის იმპორტით. მე ასე დავარქვი ამ სერვისს.
დავიწყოთ, თუნდაც საქართველოს ტურიზმის ლოგოთი.
მასზე დიდი და პატარა ჯვარია წითლად გამოსახული.
არ შეიძლება რელიგიური სიმბოლო ქვეყნის ტურისტულ ლოგოზე!
რადგანაც, ტურისტებში, ქრისტიანების გარდა შედიან ადამიანები სხვა რელიგიის მიმდევარნი, რომლებიც შეიძლება მისდევდნენ - ისლამს, იუდაიზმს, ბაჰაიზმს, ჯაინიზმს, ინდუიზმს, ბუდიზმს, სიქიზმს და ასე შემდეგ.
თუ დედამიწის მოსახლეობის 31 პროცენტი ქრისტიანები ვართ, დარჩენილ რელიგიებს მსოფლიოს პოპულაციის 69 პროცენტი ხომ რჩება?
ჩვენს ტურისტულ მარშრუტში მხოლოდ ათი პროცენტი უნდა იყოს მომლოცველთათვის განკუთვნილი, დანარჩენი სხვადასხვა ინტერესთა მიხედვით უნდა იყოს დალაგებული. ცალკე მათთვის, ვისაც მთა და დასვენება სურს, ცალკე - ვისაც სიძველეები აინტერესებს, ვისაც აინტერესებს მუზეუმები და გალერეეები, ცალკე ვისაც ზღვა და ასე შემდეგ.
აგრეთვე, ჩვენი ქალაქების ინფრასტუქტურა საერთოდ არ პასუხობს ელემენტარულ მოთხოვნას ტურიზმისას - იოლ სატრანსპორტო გზებსა თუ მარშრუტებს.
და საგანგაშოა გიდების განათლება. მე ამერიკაში მაგიჟებენ ექსკურსიამძღოლები, თუ როგორ გიფუთავენ და გაწოდებენ ამა თუ იმ ატრაქციონს.
მაგალითად, ორ სიტყვას ვაშინგტონზე ვიტყვი. 21 მილიონი ადამიანი ჩადის ყოველწლიურად თეთრი სახლის სანახავად, თუმცა, ექსკურსიამძღოლი გეტყვის: „ნუ იტყვი რომ ვაშინგტონში იყავი, თუ „ოლდ იბიც გრილში“ არ გისადილია“.
შეიძლება მარხვაზე ხარ, არ გშია, მაგრამ ტვინში უკვე გაჩნდა ბზარი და ეს უნდა გაამთელო. მიდიხარ, და გხვდება უბრალო რესტორანი დიდი ისტორიით. რომელმაც 1856 წლიდან სამჯერ შეიცვალა შენობა; დღეში 800-მდე ადამიანის გაბრუნება უწევს ადგილის არქონის გამო; და რუზველტიდან მოყოლებული ყველა პრეზიდენტი ხშირად სადილობს, ან თუნდაც დახურულ ინაუგურაციის სადილს მართავს იქ. არაფერს ვამბობ, რომ ამ რესტორანში გაუსინჯა გემო პირველად ამერიკამ ისეთ კერძს როგორიცაა “ჩიქინ პარმიჟანა”.
სულ ერთი წელი იცხოვრა მარკ ტვენმა ნიუ-იორკში, თუმცა ეს სახლი მარშრუტშიცაა და აწერია კიდეც, რომ ამ სახლში ერთხანს ცხოვრობდა “ტომ სოიერის თავგადასავალის ავტორი”.
ამერიკამ და მსოფლიოს უამრავმა ქვეყანამ იცის რას ნიშნავს მისთვის ტურიზმი - ამიტომაც, წარწერები თუ ინფრასტუქტურა მორგებული აქვთ საერთაშორისო ენაზე - ინგლისურზე.
ქუთაისში რესტორნების მენიუები ბევრგან მხოლოდ ქართულადაა.
ქუჩების სახელებზე რომ არაფერი
ვთქვა.
თუ რესტორანში ინგლისურად დაწერილი კერძი იპოვე, სხვა პრობლემას აწყდები: არსადაა გაფრთხილებები ალერგიული შემადგენლობის შესახებ, მაშინ როცა ჩვენი პროდუქტები, მრავლად შეიცავს ისეთ ალერგონებს, როგორებიცაა თაფლი, თხილი, ნიგოზი, ვაშლი, საზამთრო.
სხვანაირად გვესმის საერთაშორისო ბრენდი და ფრენჩაიზი: თუ მსოფლიო მაკდონალდებში უფასოდ მოყვება ჰამბურგერს კეჩუპი, ქართულში შეკვეთაც ცალკე უნდა გააკეთო და თანხაც გადაიხადო.
ხომ გვსიამოვნებს ახლა, მსოფლიო პრესაში რომ იწერება, საქართველო ტურისტული სამოთხეა, რომელიც ჯერ არ აღმოგვიჩენიაო?! თუ არ გავიაზრეთ, ჩვენი სულნამცეცობით რა დღეში შეგვიძლია ჩავაგდოთ ჩვენი ქვეყნის სახელი, არაფერი გვეშველება.
უკვე ბევრგან შემხვდა წარწერები ამათუ იმ სერვისზე, ქართველებისთვის 10 ლარი, ტურისტებისთვის 15 ლარი.
ტურისტს პირველი შეხება ქვეყანაში აქვს ტაქსის მძღოლთან. მისით იწყება წარმოდგენის შექმნა ქვეყანაზე და ხალხზე. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მძღოლებისთვის თეთრი პერანგი, პირადი ჰიგიენა და სახეზე ღიმილი სავალდებულოა.
თქვენ ბოლოს როდის ნახეთ წვერგაპარსული, თეთრ პერანგიანი გაღიმებული მძღოლი? ტურისტებს როგორ ექცევიან, ეს თავად წარმოიდგინეთ, როცა თავად მე, სამიოდ დღეში, 2-ჯერ მომექცნენ არასწორად.
კონდიციონერს ცოცხალი თავით ხომ არ გირთავენ?! მძღოლების 50 პროცენტზე მეტმა არ იცის ქალაქის ქუჩები ან შორ მანძილზე გატარებენ, თუ დაგინახავენ, რომ უცხოელი ხარ.
აქამდე ჩვენი ტურიზმი მორგებული იყო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, მსოფლიოს ძალიან დაბალ თამასას სთავაზობდა. იმისთვის, რომ ღირსეულად გავცდეთ ამ საზღვრებს და განვითარებადი კი არა, განვითარებულ ქვეყნის ბაზარზე შევიტანოთ ქართული ტურიზმი, მენტალიტეტი უნდა შევცვალოთ ჯერ.
ამისთვის საჭიროა მივხედოთ ჯერ რეგულაციებს, თუნდაც ისეთებს, რომ არ შეიძლება ტურისტული ნიშნით დისკრემინაცია; შემდეგ ჩავაცვათ თეთრი პერანგები და მოვაწესრიგოთ ტრანსპორტი; შემდეგ დავჯდეთ ქვეყანა და ვთქვათ რა არის ჩვენი ქვეყნის must see places, ანუ აუცილებლად სანახავი ადგილები. კი ნუ მოვედებით ყველაფერს, არამედ გონებით შევაფასოთ.
შემდეგ იქნებ ჩვენც შევისწავლოთ ჩვენი ქვეყანა, და ისე არ მოვიქცეთ, როგორც ამასწინათ ქუთაისში, გიდი რუსულად რომ უხსნიდა ტურისტებს, “ეს არის ფრანციას პანო, მაგრამ რატო, დაარქვეს ფრანგული სახელი, არ ვიციო”.
მასალის გამოყენების პირობები