პოლიტიკა
ქუთაისში ეკლესიისთვის გადაცემული ქონება და ათიათასობით ლარი, რომელიც დააკლდა ქალაქის ბიუჯეტს
FaceBook
ბოლო ხუთი წლის მანძილზე სსიპ საქართველოს სამოციქულო-ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას ქუთაისის ხელისუფლებისგან ათასობით კვადრატული მეტრი მიწა უფასოდ გადაეცა.

მიწები ქუთაისის ტერიტორიაზე, ქალაქის სხვადასხვა ზონებში გაიცა, სადაც ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფასი არც თუ დაბალია. ეკლესიისთვის მიწების უფასოდ გადაცემის ეს პრაქტიკა ბუნდოვანი სამართლებრივი ნორმებით მართლდება, სამაგიეროდ საერთოდ არ ეძებნება და არ გააჩნია ეკონომიკური სარგებელი.

რამდენი ლარით იზარალა ქალაქმა ეკლესიისთვის მიწების გაჩუქებით? „ქუთაისიპოსტი“ 2012-2016 წლებში გაცემული მიწების რაოდენობით და ფასებით დაინტერესდა.

აღმოჩნდა, რომ 2012-2014 წლებში ეკლლესიას,  ქუთაისის სხვადასხვა ზონებში ათზე მეტი მიწის ნაკვეთი, მწვანე ზოლი და სკვერის ნაწილი გადაეცა.
აღნიშნული მიწები ეკლესიას უსასყიდლო აღნაგობის უფლებით ქალაქის საკრებულოსა და მერიის გადაწყვეტილებით მიეკუთვნა. შესაბამისად, ეკლესიისთვის მიწების გადაცემით ადგილობრივ ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ შესულა.



ქუთაისის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2012-2016 წლებში ქალაქმა სსიპ საქართველოს სამოციქულო-ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 15 მიწის ნაკვეთი გასცა. ამათგან 6 - არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, ხოლო - 9 სკვერს და მწვანე ზოლს წარმოადგენდა, რომლებიც აღნაგობის უფლებით უსასყიდლოდ მიეკუთვნა. მიწების მიკუთვნების ყველა ეს ფაქტი 2012-2014 წლებში ფიქსირდება. 2015-2016 წლებში ქალაქის მხრიდან  ეკლესიისთვის მიწები არ გადაცემულა.

მაგალითად, 2012 წელს ვაჟა-ფშაველას ქუჩის მესამე შესახვევში, რომელიც ქალაქის მეორე ზონის შუალედურ მესამე ქვეზონას წარმოადგენს ეკლესიას მერიიდან 175.5 კვ.მ მიწა გადაეცა.




ვაჟა-ფშაველას მესამე შესახვევი

2012 წელს გაიცა მიწის ნაკვეთი ს. მესხის მე-4 შესახვევის #34 -ში. ეკლესიამ ქალაქიდან მეორე ზონის შუალედურ მესამე ქვედაზონაში 336.0 კვ.მ მიწა მიიღო.



2013 წელს ეკლესიამ 489.0 კვ.მ მიწა მიიღო ახალგაზრდობის გამზირის მე-7 შესახვევის #4-ში, რომელიც მესამე ზონის პერიფერიული მესამე ქვეზონაა. 




ახალგაზრდობის გამზირის მე-7 შესახვევი

ამავე ზონაშია ლეჟავას, ზ. ჭავჭავაძისა და კ. გამსახურდიას ქუჩები. აქ ეკლესიას 2013 წელს 1595.0, ასევე 524,16 და 654.0 კვ.მ მიწის ფართი გადაეცა. შესაბამისად 2013 წელს აღნიშნული ფართობის მიწები 22,330, 7,338.24 და 9,156 ლარი ღირდა ( მიწების დღევანდელი ფასი 39.875, 13,104 და 16,350 ლარს შეადგენს).


ლეჟავას ქუჩა


ზ.ჭავჭავაძის ქუჩა



გამსახურდიას ქუჩა

ჯამში, 2012-2014 წლებში მიწების გაცემით თვითმმართველობის ბიუჯეტს 76 894 ლარი დააკლდა. სადღეისოდ, მიწების ამჟამინდელი ფასების გათვალისწინებით, ჯამური ღირებულება 137 589 ლარს შეადგენს.

ეკლესიისთვის უსასყიდლო აღნაგობის წესით მიწების გადაცემა მარტო არასასოფლო-სამეურნეო მიწებს არ შეხებია, იგი სკვერებსა და მწვანე ზოლზეც გავრცელდა. სკვერისა და მწვანე ზოლიდან ეკლესიას მიწის ნაკვეთი გადაეცა ასათიანის (500.0 კვ.მ ), თაბუკაშვილის (638. 0კვ.მ) , ლომთათიძის (209.0 კვ.მ) ჯავხიშვილის ( (426.0), ხარებავას (1765.0კვ.მ) ქუჩებზე. ახალგაზრდობის გამზირის (3066.0კვ.მ), აღმაშენებლის გამზირისა და თავისუფლების ქუჩების გადაკვეთაზე სკვერი (361.0 კვ.მ ).

აღნიშნულ ტერიტორიაზე 1კვ.მ. მიწის ღირებულება არ დგინდება, ვინაიდან, როგორც მერიაში განმარტავენ "სკვერი და მწვანე ზოლი განუსხვისებელ ქონებას წარმოადგენს, რომლის პრივატიზება/ საკუთრებაში გადაცემა კანონის შესაბამისად არ შეიძლება".

სამაგიეროდ, მასზე შეიძლება შენობა- ნაგებობის აშენება. ამიტომ ყველა ამ მიწაზე უკვე აგებულია ან მიმდინარეობს ეკლესიების მშენებლობა.

ეკლესიისთვის მიწების გადაცემის ამ პრაქტიკას არასასურველს და ეკონომიკური ზრდის გარკვეულ შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევს ეკონომისტთა ნაწილი.

"რელიგიური დანიშნულების ობიექტების ასაშენებლად მიწის ნაკვეთების გადაცემა რა თქმა უნდა არ არის მისასალმებელი. იმიტომ, რომ ერთის მხრივ, მიწების გადაცემა ხდება სიმბოლურ ფასში და ამით ბიუჯეტს არაფერი ემატება, მეორეს მხრივ, მიწის ეს ნაკვეთები ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილებშია, შესაბამისად, შეიძლებოდა ისინი გამოყენებული ყოფილიყო სხვა უფრო ეკონომიკურად საინტერესო პროექტების განსახორციელებლად. მიწების გადაცემის ეს პრაქტიკა შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს და აქტივობას აფერხებს", - აღნიშნავს "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის წამრომადგენლობის დირექტორი, ლევან ოყრეშიძე.

სამაგიეროდ, აღნიშნული მიწების ღირებულების ეკონომიკურ ეფექტზე მსჯელობა არსერიოზულად მიაჩნიათ ქუთაისის მერიაში.

"რამდენადაც პრივატიზაციის ჩვენი გეგმა არის დაახლოებით სამი მილიონი ლარი, სამ მილიონთან მიმართებაში აღნიშნული თანხა მცირე არის. თუმცა, ზოგადად უსასყიდლოდ მიწების გაცემა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა არ უნდა მოხდეს და ვფიქრობ, რომ ეს რამოდენიმე შემთხვევა იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეგვიძლია განვიხილოთ“, - აღნიშნავს ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და მიწის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი.

თუმცა ამ „განსაკუთრებული შემთხვევის“ სტატუსით, 2015 წლის მონაცემით, ეკლესიამ მთელი საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოდან დაახლოებით 7 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი მიწის ნაკვეთის გადაცემა მოითხოვა. მოთხოვნისა და გაცემის სამართლებრივ საფუძველს კონსტიტუციური შეთანხმება იძლევა, რომლითაც მართლდება ეკლესიისთვის სახელმწიფოს ან თვითმმართველობების მიერ გადაცემული ქონება.

მე-11 მუხლში სახელმწიფო იმ ქონების კომპენსირების ვალდებულებას იღებს, რომელიც ეკლესიამ XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში ჩამოერთვა.

კონკორდატის ამავე მუხლში მითითემულია, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია, რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს.

თუმცა, როგორც სპეციალსიტები აღნიშნავენ, ასეთ, ზარალის დამთვლელ კომისიას, არასოდეს უფუნქციონირებია. არც ჩამორთმეული ქონება დაუთვლია არავის.

როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო სახსრებიდან ეკლესიის დაფინანსება ზიანის ანაზღაურების გაანგარიშებისა და კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელების გარეშე დაიწყო.

"ყოველწლიურად სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი დაფინანსების ოდენობა არ ეფუძნება რაიმე ობიექტურ, განჭვრეტად და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს. ამავდროულად არ ხორციელდება მისი ოდენობის განსაზღვრა ეკლესიის საჭიროებების შემოწმებისა და კონკრეტული თანხების ადეკვატურობის დადგენის პროცუდურებით. ამ პირობებში, ეკლესიისთვის გადასაცემი თანხების ოდენობა ხელისუფლების შიშველ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რაც სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში", - აღნიშნავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, იურისტი თამთა მიქელაძე.

ეკლესიის წარმომადგენლები ქონების მოთხოვნა/გადაცემას კვლავ და კვლავ  ისტორიული სამართლიანობის აღდგენით ხსნიან. თუმცა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ე.წ. სამართლიანობის აღდგენის და ზარალის ანაზღაურების  პროცესი შესაძლებელია უსასრულოდ გაგრძელდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:31 / 26.11.2024
"ქუთაისიპოსტი", საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების გარშემო, მოქალაქეებს თავისუფალ ტრიბუნას უთმობს.
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.