რჩევები
„ეს მშვენიერი სიცოცხლე“ - რომელია საახალწლო კინორიტუალის მთავარი ფილმები
FaceBook
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
ამიტომ ყველას თავისი საახალწლო კინორიტუალი აქვს, რომელსაც ერთგულად ასრულებს ყოველ წელს.

მიუხედავად იმისა, რომ  საშობაო-საახალწლო ჟანრში გადაღებული ფილმების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღემატება, საშობაო რეპერტუარში ისეთი ფილმებიც ხვდება,რომლებიც თემატურად საერთოდ არ ეხება შობას, მაგრამ  ძალა შესწევთ  შობა -ახალი წლის განწყობა შექმნან. ფილმი დღესასწაულები, ფილმი კარნავალები, ფილმი ზღაპრები წელიწადის სხვა დროს დაუჯერებლად (სულელურადაც) რომ გეჩვენება შობა -ახალი წლის დღეებში ძალიანაც დამაჯერებელი ხდება. 

კინომოყვარულები და კინოპროფესიონალები გვიზიარებენ საკუთარ საახალწლო კინორეპერტუარს.

კინომცოდნე თამთა თურმანიძისთვის ახალი წლის კინორიტუალს  ფრენკ კაპრას "ეს მშვენიერი სიცოცხლე", ბილი უაილდერის "ბინა", ჰაროლდ რემის "ზაზუნას დღე" და გურამ პატარაიას "კუჩხი ბედინერის" კიდევ ერთხელ ნახვა წარმოადგენს. 



"პირველი ორი იმიტომ მიყვარს, რომ თავად ახალი წლის იდეას ეხმიანება. ეს ტრადიცია ალბათ, ჩარლზ დიკენსმა დაამკვიდრა თავისი "საშობაო ამბით", როდესაც შობას თუ ახალ წელს, დროის ათვლა თითქოს ჩერდება და ადამიანს ეძლევა შანსი, გაიაზროს თუ როგორ იცხოვრა აქამდე, რა შეცდომები დაუშვა და იფიქროს, თუ როგორ გააგრძელოს ცხოვრება მომავალში ახალი წელი, ხომ ძველის შეჯამების და ახალი გეგმების დაგეგმვის დროა.

"კუჩხი ბედინერი" იმტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგად, იუმორით გადმოსცემს ქართულ ხასიათს მეკვლეობის ტრადიციებსა თუ ცრურწმენებს.

"ზაზუნას დღე" კი, იმიტომ მიყვარს, რომ წლის უმეტესი ნაწილი, სწორედ დაუსრულებელ ზაზუნას დღეში ვცხოვრობთ ხოლმე, ერთი და იგივე მეორდება თითქმის ყოველდღე: სამსახური, ვალდებულებები და ა.შ. და რომ დააღწიო ამ ერთფეროვნებას თავი, თავად უნდა შეიცვალო ან მათდამი დამოკიდებულება შეცვალო და ეს დრო გასავითარებლად გამოიყენო.

კიდევ მიყვარს რობერტ ზემეკისის "პოლარული ექსპრესი" რადგან ბავშვი, რომელსაც უნდა, რომ სასწაულების სჯეროდეს ყველა ჩვენგანში ცოცხლობს", - ამბობს თამთა თურმანიძე.

ბავშვი, რომელიც ჩვენში ცოცხლობს ყველაზე მეტად შობა- ახალი წლის დღეებში გვახსნებს თავს და ეს ჩვენი ფილმების არჩევანშიც გამოიხატება.  

საკუთარ ბავშვობასთან აბრუნებს მისი მთავარი საახალწლო ფილმები "კუჩხი ბედინერი" და `დაუსრულებელი ისტორიები" მუსიკის ჟურნალისტ ლაშა გაბუნიას

"დაუსრულებელი ისტორიები" 80-იანი წლების ფენტეზია​ იგი ყველას მოეწონება, ჩემი აზრით, ვინც კი გრძნობს თავის თავში ბავშვს", - მიაჩნია ლაშას. 

ჟურნალისტი ეკა ფხაკაძისთვის საახალწლო კინორიტუალის მთავარი ფილმებია "თქვენთვის წერილია", "სიყვარული წესებით" და "მწვანე წიგნი". 



"მწვანე წიგნი" ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს მახსენებს, თუნდაც ჩემს ქალაქში ყოველდღე რომ მხვდებიან და იმედს მაძლევს, რომ ჰომოფობები და რასისტები ფსევდო ღირებულებებზე უარს იტყვიან, როდესაც გაიაზრებენ, რომ სინამდვილეში ისეთივე ადამიანები სძულთ, როგორიც თავად არიან ..." - მიაჩნია ეკას. 

მხატვარ ქრისტინე რობაქიძისთვის ყველაზე საშობაო და კეთილი ფილმი ფრენკ კაპრას "ეს მშვენიერი სიცოცხლეა".

"შობას პირველი რაც მახსენდება ფრენკ კაპრას ფილმია. ასევე ძალიან მიყვარს ზოგადად და განსაკუთრებით ახალ წელს ჰარი პოტერის ყველა სერიის ნახვა, "თქვენთვის წერილია" და სხვა ფილმები ბედნიერი დასასრულებით", - ამბობს ქრისტინე რობაქიძე. 

ბედნიერი დასასრული მთავარი მომენტია, რაც საშობაო ფილმებს აქცევს საშობაო ფილმებად.

"ახალი წელი რომ დგება, ადამიანის ფანტაზიაც ძლიერდება, აუსრულებელი ოცნებების ასრულების ძლიერი იმედი ჩნდება, ეს კი უკვე ზღაპარია", - ამბობს მწერალი და ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი. მისი საახალწლო კინორეპერტუარსაც ზღაპრის ჟანრის ფილმები შეადგენენ -  "სამი კაკალი კონკიასათვის", "მზეთუნახავი და ურჩხული", ასევე "ბედის ირონია" და "მარტო სახლში". 

ბლოგერი გია მარიამიძე საახალწლო კინორეპერტუარის მთავარ ფილმებად "გრინჩს", "სასწაული 34-ე ქუჩაზესა" და "თვითმფრინავები, მატარებლები, ავტომობილებს" ასახელებს.



"თვითმფრინავები, მატარებლები, ავტომობილები" არის ისტორია ორ ადამიანზე, რომლებიც ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ გზაში. ორივეს სახლში ეჩქარება. თავგადასავლები და ფათერაკები გადახდებათ. ბოლოს კი ირკვევა, რომ ერთ მათგანს სახლში არც არავინ ელოდება. ცოლი გარდაეცვალა და რასაც ყვებოდა მთელი ეს ხანი ფანტაზიები იყო. თავისი ცოლი ისევ უყვარს და ენატრება..."

საშობაო რეპერტუარს ხშირად ავსებენ ფილმები დაუჯერებელ სიყვარულზე. ალბათ იმიტომ, რომ შობა-ახალი წელი ის ჯადოსნური დროა, როდესაც ყველაზე ცინიკოსებიც თავს უფლებას აძლევენ სენტიმენტალურები იყვნენ.

მხატვარ ლია უკლებას სააახალწლო კინორიტუალი უეს ანდერსონის "სასტუმრო ბუდაპეშტის" კიდევ ერთხელ ნახვით სრულდება.

ექიმი თინა სიხარულიძე კლასიკურ საშობაო ჟანრის ფილმს ირჩევს საახალწლო განწყობის შესაქმნელად. 



"რეალური სიყვარული" არის ჩემი საყვარელი საახალწლო საოჯახო კომედია. უკვე დიდი ხანია, არცერთ ახალ წელს არ ჩაუვლია ჩემთვის ამ ფილმის გარეშე. იმიტომ, რომ ის მიქმნის საუკეთესო საახალწლო განწყობას. ამ ფილმის ყურებისას ვგრძნობ, რომ სიყვარული და ახალი წლის სიხარული ჰაერში ტრიალებს. ფილმში ბევრი ვარსკვლავი მონაწილეობს და ის თბილი, მსუბუქი, საინტერესო, ამაღელვებელი და ოდნავ სულელურია (ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს საახალწლო ფილმები).

"რეალური სიყვარულია" მწერალ ირაკლი მაჩიტაძის საშობა-საახალწლო კინორიტუალის მთავარი ფილმი. 

"კეთილი ფილმია, მხიარული, როგორც საშობაო ფილმს შეეფერება. სწორი ღირებულებებით და მსახიობების კარგი თამაშით. მეტი რა მოეთხოვება მელოდრამას?! თან ბრიტანულია და ამდენი ჰოლივუდური ფილმების ფონზე განსაკუთრებული შარმი აქვს", - მიაჩნია ირაკლი მაჩიტაძეს.

ფილმის გამორჩეულობას, გარდა კინემატოგრაფისტების შეფასებისა და დროისა, რომელიც სცდის, ისიც ადგენს, რომელი მათგანი  მოხვდება შობა-ახალი წლის რეპერტუარში. „საახალწლო ფილმად“ აღირება პრაქტიკულად შედევრად აღიარებაა.ამიტომ ბევრი საახალწლო ფილმი ჩვენს კინოს!
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.