მიმდინარე წელს უმაღლესი სასწავლებლებლის პროგრამაში "დაწყებითი
განათლების" ფაკულტეტი აღარ იძებნება.
ფაკულტეტის მოძებნას ვერც
ცნობარში შეძლებთ, რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა
გამოაქვეყნა. მიზეზი, რის გამოც დაწყებით განათლებას აბიტურიენტები
ვეღარ ირჩევენ, დაგვიანებული აკრედიტაციის პროცესია. რაც იმას
ნიშნავს, რომ უნივერსიტეტები ფაკულტეტის აკრედიტაციის პროცესს ახლა
გადიან. მისი წარმატებით დასრულების შემდეგ კი, აბიტურიენტები
დაწყებითი განათლების არჩევას უპრობლემოდ მიმდინარე წლის ზაფხულში
შეძლებენ.
აკრედიტაციის მოლოდინშია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიც.
აბიტურიენტებში გაჩნდა მოსაზრება, რომ სასწავლებელმა აღნიშნული
ფაკულტეტი გააუქმეს. რასაც წერეთლის უნივერსიტეტში არასწორ
ინფორმაციას უწოდებენ. ჩვენ დავინტერესდით რატომ აღარ არის დაწყებითი
განათლების პროგრამა აბიტურიენტთა ცნობარში. რა მოხდა რეალურად ამას
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე მოგიყვებით.
გაურკვევლობა აბიტურიენტებში
"პედაგოგიურზე მიღება ყველა უნივერსიტეტმა რატომ შეწყვიტა"? - ეკა 17
წლის
"2023 წლამდე ამ ფაკულტეტზე სწავლას ვეღარ შევძლებთ? ის გამოცდების
ეროვნული ცენტრის ცნობარში ვერსად ვიპოვე", - ნათია 18 წლის
"აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პედაგოგიური ფაკულტეტი
გააუქმა, ვეძებე და ვერ ვიპოვე ცნობარში. არადა უკვე უნდა ავირჩიო
პროფესია და ამ ფაკულტეტის მითითება მინდოდა", - ამბობს აბიტურიენტი,
მარიამ ნემსიწვერიძე.
რა
მოხდა რეალურად
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების
დეკანის ვლადიმერ ადეიშვილის თქმით, 2018 წლამდე საქართველოს კანონი
"უმაღლესი განათლების" შესახებ მასწავლებლის მომზადებას ბაკალავრიატში
4 წლის განმავლობაში და 2 წელს მაგისტრატურაში, ითვალისწინებდა. ანუ
სულ 6 წლიანი სასწავლო პროგრამა იყო. კერძოდ წერეთლის უნივერსიტეტეში
დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამა, 240 კრედიტიანი იყო და
ოთხი წელი ბაკალავრიატში და ორი წელი მაგისტრატურაში სწავლება იყო
განსაზღვრული. რის შემდეგაც, კურსდამთავრებულს უფლება ჰქონდათ
მასწავლებლად სკოლაში ემუშავა, მხოლოდ პირველიდან მეოთხე კლასის
ჩათვლით მოსწავლეებთან.
2015 წელს კანონში შევიდა ცვლილება და გაკეთდა ჩანაწერი, რომ
აღნიშნული მეთოდით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს
მასწავლებლის მომზადება მხოლოდ 2018-19 სასწავლო წლის დაწყებამდე
შეეძლოთ. ანუ ე.წ. 240 კრედიტიან პროგრამაზე "სტუდენტის მიღების
უფლება არცერთ უმაღლეს სასწვლებელს არ აქვს. თუმცა, ეს იმას არ
ნიშნავს, რომ დაწყებითი განათლების ფაკულტეტი გაუქმდა. არამედ 240
კრედიტიანი ექვს წლიანი პროგრამა ჩანაცვლდა ახალი, 300 კრედიტიანი
პროგრამით.
კანონში შესული ცვლილების მიხედვით, 2018 წლიდან მასწავლეებლი უნდა
მომზადდეს "ინტეგრირებულ საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამაში", რომელიც
არის 300 კრედიტიანი და უმაღლეს სასწავლებლებში ნაცვლად ექვსი წლისა,
მხოლოდ ხუთი წელი ისწავლება. ახალი პროგრამის დამთავრების შემდეგ,
კურსდამთავრებულს ენიჭება მასწავლებლად მუშაობის უფლება პირველიდან
მეექვსე კლასის ჩათვლით, ნაცვლად პირველიდან მეოთხე კლასამდე, ასევე
განათლების მაგისტრის ხარისხი და საგანმანათლებლო დაწესებულებაში
შედის, როგორც უფროსი მასწავლებლის სტატუსით.
დაწყებითი განათლების ახალი პროგრამის მოსამზადებლად წერეთლის
უნივერსიტეტმა სტანდარტებზე მორგებული პროგრამა შეიმუშავა.
სასწავლებლის დაწყებუთი განათლების დეკანი გვიხსნის, რომ სტანდარტები
იმ დარგობრივი მახასიათებლების მიხედვით შემუშავდა, რომელიც
განათლების და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა და 2018 წლის 3
იანვარს დაამტკიცა.
რა სტანდარტები დაინერგება 2018-19 სასწავლო
წლიდან
იმის გამო, რომ დარგობრივი მახასიათებლები სამინისტრომ გვიან
დაამტკიცა, წერეთლის უნივერსიტეტის მიერ ისევე, როგორც საქართველოს
ყველა უმაღლესი სასწავლებლის დაწყებითი განათლების სასწავლო
პროგრამაზე შემუშავებული სტანდარტების ჩამოყალიბებაც დაგვიანდა.
შესაბამისად, სავალებულო აკრედიტაციის გასავლელად განათლების
განვითარების და ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრს მხოლოდ მიმდინარე წლის
მარტში გადაეცა. სწორედ ამიტომ ვერ მოხვდა ახალი 300 კრედიტიანი
დაწყებითი განათლების პროგრამა აბიტურიენტთა ცნობარში. პროცედურების
მიხედვით, აკრედიტაციისთვის საჭირო ვადა 180 დღეა. თუმცა, რადგან
აბიტურიენტებმა უკვე რეგისტრაცია და ფაკულტეტების არჩება დაიწყეს,
ვადა 90 დღემდე შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ წერეთლის
უნივერსიტეტს მიმდინარე წლის ივნისში ეცნობება გაიარა თუ არა მათ მიერ
შემუშავებულმა ე.წ. 300 კრედიტიანმა დაწყებითი განათლების პროგრამამ
აკრედიტაცია და შეძლებენ თუ არა ისინი 2018-2019 სასწავლო წლის
დასაწყისში ახალი ნაკადის მიღებას.
იმ შემთხვევაში თუ სასწავლო დაწესებულების პროგრამამ მიმდინარე წლის
ივნისში აკრედიტაცია წარმატებით გაიარა ის აბიტურიენტების ცნობარში
განთავსება და მათ ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების
გამოცხადებამდე შესაძლებლობა ექნებათ მათთვის სასურველ პროფესიების
ჩამონათვალში დაწყებითი განათლების 300 კრედიტიანი პროგრამა
შეფერხების გარეშე ისევ მიუთითონ.
ამის შესახებ აბიტურიენთა ცნობარშიც ვებგვერდზე
www.naec.gov.ge
წერია.
რა მოიცავს 300 კრედიტიანი
პროგრამა
1. ე.წ. 300 კრედიტიან პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ
ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ
ჩაირიცხებიან, ხოლო გამოცდების გარეშე ჩარიცხვა მხოლოდ უცხო ქვეყნის
მოქალაქეებისთვის იწარმოებს.
2. ყველა სტუდენტი, რომელიც 2018-2019 სასწავლო წლიდან დაწყებითი
განათლების ფაკულტეტზე ისწავლის სამი წლის განმავლობაში კომბინირებულ
პროგრამას გაივლის. მაგალითად, როგორიც არის აკადემიური წერა, უცხო
ენა , ქართული, მათემატიკა და ის საგნები , რომელსა სასწავლებელი
შეადგენს. ხოლო დანარჩენი ორი წლის განმავლობაში სტუდენტი იმ
დამატებით საგანს აირჩევს, რომელსაც მეხუთე და მეექვსე კლასში
ასწავლის. ესენია: ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება. რადგან
კანონის მიხედვით, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს მხოლოდ
საგნის მასწავლებელი ჩაუტარებს გაკვეთილებს. ხოლო პირველიდან მეოთხე
კლასის ჩათვლით მათემატიკის, ქართული და ბუნებისმეტველების
კომბინირებული მასწავლებელი იქნება.
3.ასევე, სწავლების მეხუთე წელს სტუდენტი პრაქტიკას გადის სკოლაში და
ის ვალდებული იქნება სკოლის საჭიროებებზე მორგებული კვლევა ჩაატაროს,
რომელიც მის სამაგისტრო ნაშრომიც იქნება. წერეთლის უნივერსიტეტში
აცხადებენ , რომ საგამგისტრო ნაშრომი სტუდენტებისთვის გადამწყვეტი
იქნება.
" არ დავუშვეთ, რომ დიპლომი გაიცეს მარტივად და ყველამ მიიღოს
მაგისტრის ხარისხი, სამაგისტრო ნაშრომი უნდა იყოს კვლევა. აქ ყველაზე
დიდი სტიმული არის ის, რომ თუ დიპლომს მიიღებს სტუდენტი ის იქნება
მაგისტრის ხარისხის და სკოლაში დასაქმდება უფროსი მასწავლებლის
სტატუსით, რაც ძალიან დიდი პრივილეგიაა, რადგან მასწავლებლის სტატუსი
სხვადასხვა აქტივობებით უნდა მოიპოვოს პედაგოგმა. ხოლო 300 კრედიტიანი
პროგრამის კურსდამთავრებული ავტომატურად მიიღებს ამ სტატუს, რაც
აისახება რათქმაუნდა სამსახურზე, გამოცდილებაზე და ხელფსზეც" -
განმარტავს წერეთლის უნივერისტეტის დაწყებითი განათლების დეკანი,
ვლადიმერ ადეიშვილი.
რაც შეეხება, იმ სტუდენრებს, რომლებიც უკვე სწავლობენ დაწყებითი
განათლების ფაკულტეტეზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დაწყებითი განათლების დეკანის, ვლადიმერ ადეიშვილის თქმით, ისინი
ჩვეულებრივ რეჟიმში ამ პროგრამას დაამთავრებენ, მათ არ შეეხებათ
ცვლილება.
"სტუდენტი, რომელიც სწავლობს 240 კრედიტიან პროგრამაზე და ამ პროგამის
დასრულებამდე, ანუ 2023 სასწავლო წლის დაწყებამდე დაამთავრებს ამ
პროგრამას, მას არ შეეხება ცვლილება, თუ ახლანდელმა პირველმაკურსელმა
ვერ მოახერხა გარკვეული მიზეზების გამო კურსის დამთავრება 2023
წლამდე, ის იძულებული იქნება გადმოვიდეს ახალ პროგრამაზე და მოუწევს
დაამთავროს 300 კრედიტიანი პროგრამა", - ამბობს ვლადიმერ
ადეიშვილი
დაფინანსების
საკითხი
ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის, იქნება თუ არა სახელმწიფოს მიერ
დაფინანსებული ახალი 300 კრედიტიანი დაწყებითი განათლების პროგრამა.
განათლების და მეცნიერების სამინისტრო ამ საკითხს სწორედ მაშინ
გადაწყვეტს, როდესაც პროგრამა აკრედიტაციას გაივლის. თუმცა, წერეთლის
უნივერსიტეტში მოლოდინი აქვთ, რომ პროგრამა ისევ სახელმწიფოს მიერ
დაფინანსებული იქნება. დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამას
სახელმწიფო 2013 წლიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში აფინანსებდა.
წერეთლის უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების ფაკულტეტის დეკანი ახალი
პროგრამის საჭიროებებზე საუბრობს და ამბობს, რომ სკოლებში პედაგოგიურ
კოლექტივს განახლება სჭირდება, რადგან მოსწავლეების მოთხოვნები და
მასწავლებელთა შესაძლებლობები ხშირ შემთხვევაში აღარ არის
საკმარისი.
" მასწავლებელთა უმეტესობა გამოცდებზე ბარიერის გადალახვას ვერ
ახერხებს. სკოლას სჭირდება განახლება, რადგან მოსწავლეებს აქვთ მეტი
მოთხოვნები კითხვები და მასწავლებელი, რომელთა უმეტესობის ასაკი უკვე
65 წელს აჭარბებს ამ მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს. ახალ 300 კრედიტიან
პროგრამაში ბევრი მოტივაცია არი ჩადებული, ისევე როგორც ბევრი
მოთხოვნა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალი ნაკადი, რომელიც 2023 წლიდან
სკოლებში მოგვცემს ძალიან კარგ შედეგს", - განმარტავს ვლადიმერ
ადეიშვილი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების
პროგრამა უკვე 85 წელია ისწავლება. სასწავლებლის წარმომადგნლების
თქმით, ეს ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა და მის
შეჩერებას არც მომავალში არ აპირებენ, რადგან ყოველწლიურად 200-მდე
პირველკურსელის მიღება ხდება.
ამ დროისთვის წერეთლის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების 240
კრედიტიან პროგრამაზე 840 სტუდენტი სწავლობს, ხოლო 2018-2019 სასწავლო
წელს თუ წერეთლის უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების 300 კრედიტიანი
პროგრამა აკრედიტაციას გაივლის, ისინი კიდევ 200 მდე პირველკურსელის
მიღებას პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები