ზაფხული წიგნის კითხვის პერიოდად მოიაზრება. ყოველ შემთხვევაში
სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის მყარ ტრადიციად რჩება დამატებითი
საკითხავებისთვის ზაფხულის არდადეგების მიძღვნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
შემუშავებული მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა არ გულისხმობს
კონკრეტულ ნუსხას დამხმარე ლიტერატურის შერჩევის კუთხით. უფროს
კლასებში ლიტერატურის შერჩევა ძირითადად პედაგოგის პირადი გემოვნების
მიხედვით ხდება. რომელიც შესაძლებელია ნაკლებ თანხვედრაში მოვიდეს
მოსწავლეების ინტერესებთან. მაინც რა ლიტერატურას აბარებენ მოზარდებს
ზაფხულის არდადეგებზე?
"განძთა კუნძული", "შავი ისარი", "ბიძია თომას ქოხი", გოდერძი
ჩოხელის, რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებები - ეს ის წიგნებია, რომელთა
წაკითხვის ვალდებულება ზაფხულის არდადეგებზე 9 წლის ანას და მის
კლასელებს სკოლაში დაავალეს.
"როდესაც "ჰარი პოტერი" ვახსენეთ, "ჰარი პოტერი" და სისულეები არ
გვინდაო, მასწავლებელმა. ეს წიგნი არ წაუკითხავს და მასზე ცუდიაო
ამბობს.თუკი "პოტერს", ან "სიკვდილის თამაშებს" წავიკითხავთ დავალების
შესრულებად არ ჩაგვეთვლება", - აღნიშნავს ანა.
სამაგიეროდ, ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლე მარი ამბობს, რომ
მასწავლებელმა სრული თავისუფლება მისცათ ლიტერატურის არჩევაში.
"ჩვენ რაც გვინდა იმას წავიკითხავთ, მერე რომელიც ყველაზე მეტად
მოგვეწონება ორ ან სამ წიგნზე უნდა დავწეროთ ჩვენი მოსაზრება - მხოლოდ
ამას გვაბარებენ საზაფხულოდ", - ამბობს 12 წლის მარი.
მოზარდების ნაწილი აღნიშნავს, რომ ურჩევნიათ თანამედროვე ავტორები და
ბესთსელერები წაიკითონ, რადგან ამ წიგნებში მათი თანამედროვეების
თავგადასავლებს, ან ახლანდელ დროში მომხდარ ისტორიებს ყვებიან. ეს
წიგნები ასევე, აჩვენებენ იმ პრობლემებსაც, რაც სკოლაში,
თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობისას შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა,
სახლშიც და სკოლის ბიბლიოთეკებშიც ძირითადად კლასიკაა, რომელიც
საინტერესოა, მაგრამ მაინც უცხოა და ზოგჯერ ენაც გაუგებარია,
აღნიშნავენ ბავშვები.
სადღეისოდ არსებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მასწავლებელს,
სწავლებისას დამხმარე/დამატებითი მასალის სახით ნებისმიერი სასწავლო
მასალის გამოყენების უფლება აქვს, რომელთა ჩამონათვალი სასკოლო
სასწავლო გეგმაში აისახება, შესაბამისად არ არსებობს სტანდარტული
ნუსხა. დამხმარე ლიტერატურის გამოყენება ნებისმიერ კლასშია
შესაძლებელი.
მოსწავლეებისთვის რეკომენდირებულია, სკოლამ გამოიყენოს ისეთი დამხმარე
ლიტერატურა, რომელიც ხელმისაწვდომია სკოლის ბიბლიოთეკებში.
თუმცა, სკოლის ბიბლიოთეკები ნაკლებად წყალობენ თანამედროვე
ბესთსელერებს. ამ სივრცეში კლასიკური ლიტერატურის ადგილია. ძნელად
იძებნება თანამედროვე კლასიკოსებიც. არადა თანამედროვეობასთან და
თანამედროვე ლიტერატურასთან მუდმივი კონტაქტის მნიშვნელობაზე
მიუთითებს საქართველოს საპარლამენტო ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური
დირექტორი,მწერალი გიორგი კეკელიძე.
"კლასიკის ცოდნა ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ რეალურად ქვეყნის
განათლების დონეს, ბუნებრივია განსაზღვრავს თანამედროვეობა და
თანმიმდევრულობა დროისა. შესაბამისად, ძალიან სამწუხაროა, თუკი
დღევანდელი მკითხველები ნაკლებად არიან ჩახედული მიმდინარე
ლიტერატურულ პროცესებში. ხაზგასმით ვამბობ სიტყვა "ჩახედულს" ანუ
ვგულისხმობ ინფორმაციას პირველ რიგში და არა მაინცადამაინც იმას, რომ
ვიღაცას ვიღაც ავტორი აუცილებლად უნდა უყვარდეს, თუკი ის
თანამედროვეა. ბუნებრივია, ეს არის გემოვნების საკითხი. ინფორმაცია კი
ნამდვილად უნდა გვქონდეს მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე. იგივე
შეიძლება ითქვას მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესზეც. მხატვრული
ლიტერატურა არის განათლების ნაწილი, ზოგადი განათლების ნაწილი. ამიტომ
ჩვენ უნდა მივმართოთ თანამედროვე ლიტერატურის აგრესიულ პიარს", -
აღნიშნავს მწერალი.
მკითხველების თანამედროვე ლიტერატურითა და კლასიკით თანაბარი
დაინტერესება ჩანს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში. მოზარდებისა თუ
სტუდენტების მხრიდან გამოთხოვილი "ზაფხულის წიგნების" ჩამონათვალში
ჩნდებიან დავით ტურაშვილის, ნოდარ დუმბაძის, ზაზა.ბურჭულაძის, ჯონ
მაქსველ კუტზეეს, სტივენ კინგის ჯოან როულინგის, ჩარლზ ბუკოვსკის,
ჰარუმი მურაკამის, ჰარპერ ლის და სხვათა ნაწარმოებები.
მოზარდის ლიტერატურასთან პირველი შეხება, რომ კლასიკად აღიარებული
ტექსტით დაიწყოს სწორ სვლად მიაჩნია მწერალსა და მთარგმნელ ირმა
ტაველიძეს.
"კლასიკურ ნაწარმოებებს რაც შეეხება, მათზე ყურადღების გამახვილება
სწორი მგონია - "დონ კიხოტის" მკითხველი, ცხადია, თანამედროვე
ავტორებს თავისით მიაგნებს. ოღონდ მოსწავლეებს არ უნდა შეექმნათ
წარმოდგენა, რომ თუ რომელიმე კლასიკოსი ვერ წაიკითხეს, ამით ქვეყანა
დაიქცევა. არა, არ დაიქცევა ქვეყანა, თუ იმ წიგნს დახურავენ და
გვერდზე გადადებენ, რომელიც მიზეზთა გამო არ მოსწონთ. სხვა გადაშალონ,
სხვა ბილიკებს გაუყვნენ,"- ამბობს ირმა ტაველიძე.
სხვა ბილიკებზე გაყოლის უფლებას ნაკლებად იძლევიან რიგი
მასწავლებლები. ბავშვების თქმით, წიგნებთან კარგი ურთიერთობის
დამყარებას ართულებს კლასგარეშე კონკრეტული ლიტერატურის წაკითხვის
აუცილებლობა. რომელიც დავალებას ემსგავსება, მხოლოდ მასწავლებლის
გემოვნებაზეა მორგებული და აუცილებელი გასაკეთებელია, მოგწონს ესა თუ
ის ტექსტი თუ არა.
აღნიშნული ვალდებულება ნაკლებ დროსა და სურვილს ტოვებს ზაფხული
"წიგნის კითხვის" ხანად იქცეს ახალ თაობაშიც.
მათთვის კი ვისთვისაც ეს ტრადიცია ბუნებრივად დამკვიდრდა, ზაფხული,
ახალ ლიტერატურულ გმირებთან შეხვედრის ხანად იქცა და საკუთარი
"ზაფხულის ტექსტების" პირობითი ჩონათვალიც გაუჩინა.
"მახსოვს, "დონ კიხოტს" ყოველ ზაფხულს ვკითხულობდი სკოლის წლებში.
"მობი დიკიც" ზაფხულის წიგნი მგონია. "ჰეკლბერი ფინის
თავგადასავალიც". საბავშვო-სადიდო წიგნები არ ვიცი. კარგ ლიტერატურას
იმ სიხარულით ვცნობ, რომელსაც კითხვის დროს განვიცდი. ძალიან მიყვარდა
"წითელი და შავი", "ევგენი ონეგინი", "თეთრი საყელო"... ზღაპრებიც
მიყვარდა - ჩვენიც, სხვებისაც. მოზარდობისას რაც ხელში ჩამივარდებოდა,
ყველაფერს ვკითხულობდი. რაც მომეწონებოდა, იმის კითხვას თავიდან
ვიწყებდი - უკვე სხვა სიამოვნებითვის. ბევრი არაფერი შეცვლილა: დღესაც
მიყვარს იმ წიგნებთან მიბრუნება, რომლებმაც ერთ დროს წარმოსახვა
ამიფორიაქეს, ორიენტირები შემიცვალეს, ჩემი დამოკიდებულებები
მეტ-ნაკლებად განსაზღვრეს. ზაფხული საუკეთესო დროა წაკითხულის
გახსენებისთვის, დაკარგულის ძებნისთვის. მას კი, ვინც რაღაც ახალს
ეძებს, შემიძლია ვურჩიო რამდენიმე წლის წინ გამოსული ჯონ ბენვილის
"ზღვა", ბოჰუმილ ჰრაბალის "ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს" ან ცოტა
ხნის წინ ნათარგმნი ბრუნო შულცის "დარიჩინის ქულბაქები", - ამბობს
ირმა ტაველიძე.
მასალის გამოყენების პირობები