საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებით, სამი წლის განმავლობაში, სულ
ხუთმა აფხაზურენოვანმა და ერთმა ოსურენოვანმა აბიტურიენტმა
ისარგებლა.
საქართველოს მთავრობა ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამას "4+1"
ახორციელებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამარტივებული პროცედურებით
ჩარიცხვის საშაუალებას აძლევს.
ამ შეთავაზების მიუხედავად, აფხაზურ და ოსურეონოვანი აბიტურიენტების
მხრიდან დაინტერესება თითქმის არ არსებობს. ისინი უმაღლესი განათლების
მისაღებად
რუსეთის უნივერსიტეტებს ირჩევენ.
17 წლის საიდა სოხუმის ერთ–ერთ საშუალო სკოლაში სწავლობს. ის უმაღლეს
სასწავლებელში ჩასაბარებლად მომზადებას მალე დაიწყებს.
საიდამ უკვე დაზუსტებით იცის, რომ არჩევანს მოსკოვის სახელმწიფო
უნივერსიტეტზე შეაჩერებს. გოგონას აზრით, რუსეთში უმაღლესი განათლების
მიღება მისთვის უფრო პერსპექტიულია.
პროგრამაზე, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს სთავაზობს,
საიდამ არაფერი იცის.
თუმცა, მისი თქმი, ინფორმირებულობა მის გეგმებს ვერ შეცვლიდა, რადგან
გოგონას რუსეთში სასწავლებლად გამგზავრება მყარად აქვს
გადაწყვეტილი.
"იმ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რაც ქართველებსა და აფხაზებს
გვაქვს, შეუძლებლად მიმაჩნია ამაზე ფიქრიც. ხშირად ვაწყდები სოციალურ
ქსელში პოსტებს შინაარსით "აფხაზეთი საქართველოა" და ასე შემდეგ.
ვიდრე ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, არაფერი გამოვა", – ამბობს
საიდა.
სოხუმელი მოსწავლე ამბობს, რომ ზოგერთ მის თანატოლს, შესაძლოა,
ჰქონდეს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების სურვილი,
მაგრამ მათი მშობლები ამას არ დაუშვებენ.
აფხაზურ და ოსურეონოვანი აბიტურიენტების მხრიდან საქართველოს
მთავრობის პროგრამის მიმართ დაბალ ინტერესს, განათლების ექსპერტები
სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის, რეგიონში არსებული პოლიტიკური,
სოციალური და ენობრივი მდგომარეობით ხსნიან.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელი, ლაშა
მელაძე თვლის, რომ აფხაზეთის სკოლებში რუსულ ენაზე მიღებული განათლება
აბიტურიენტების ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას
აფერხებს.
ექსპერტი მიიჩვენ, რომ მათი დაინტერესების მიზნით სახელმწიფომ
ეფექტური პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომლის შედეგად ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში
სწავლა უფრო ხელსაყრელი და მიმზიდველი გახდება.
"ამავდროულად, საჭიროა სახელმწიფო დაფინანსების სისტემაში საშეღავათო
პოლიტიკისა და კვოტირების საკითხების გათვალისწინებაც", – აცხადებს
ლაშა მელაძე.
მას "4+1" პროგრამა, შინაარსითა და დანიშნულებით, პოზიტიურად მიაჩნია,
თუმცა მის ხარვეზებზეც მიუთითებს.
ექსპერტის აზრით, აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც ქართული ენის ცოდნის
დაბალი კომპეტენცია გააჩნიათ, ერთწლიანი პროგრამა არასაკმარისია და
შესაბამისად, მათ ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა უჭირთ.
"ამიტომ საჭიროა ამ მიმართულებით ეფექტური მექანიზმების შემუშავება,
რაც მისცემს სტუდენტებს მოტივაციას უკეთ შეისწავლონ ქართული ენა. მათ
უნდა შეექმნათ ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ თავი კომფორტულად და
უსაფრთხოდ იგრძნონ, რათა შეძლონ ეფექტური ინტეგრაცია ყოველგვარი
დისკრიმინაციის გარეშე", – განმარტავს ლაშა მელაძე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი, ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, ქართული ენის შესასწავლად
ერთწლიანი პროგრამა საკმარისად მიაჩნიათ.
"პროგრამის ფარგლებში ქართულ ენაში უნარ–ჩვევებისა და ცოდნის (წერა,
კითხვა, საუბარი,მოსმენა) შეძენა იმ დონეზე ხდება, რომ შემდგომში
პირმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელება
შეძლოს", –განმარტავენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამა "4+1"
საქართველოს ყველა სახელმწიფო აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში
მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობა მასში ჩართვას აფხაზურენოვან სტუდენტებს 2013
წლიდან, ოსურენოვან სტუდენტებს კი 2016–დან სთავაზობს.
განათლების სამინისტროს მონაცემებით, სამი წლის განმავლობაში, ამ
შეთავაზებით სულ ხუთმა აფხაზურენოვანმა აბიტურიენტმა ისარგებლა,
რომელთაგან აკადემიურ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება ოთხმა
მოიპოვა.
2016 წელს პროგრამაში მხოლოდ ერთი ოსურენოვანი აბიტურიენტი
დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდაზე არ გამოცხადდა.
აფხაზურ და ოსურენოვანი სტუდენტები სწავლის საფასურს სამინისტრო
სრულად აფინანსებს, თუმცა საცხოვრებლისა და ყოფითი ხარჯები მათ თავად
უნდა დაფარონ.
მასალის გამოყენების პირობები