პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს გაუქმების
შედეგად საქართველოში 116, ხოლო იმერეთში 23 პედაგოგი სამსახურის
გარეშე დარჩება.
გათავისუფლების საფრთხის წინაშე მყოფი სპეციალისტები მიუთითებენ, რომ
სამმართველოს გაუქმება არასახარბიელოდ აისახება სასკოლო განათლების
სისტემაზე.
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო მუშაობას
ოფიციალურად 2017 წლის 14 იანვრიდან შეწყვეტს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას "ქუტაისიპოსტთან" საუბარში, საქართველოს
განათლების სამინისტროს პრესსამსახური, ხარჯების დაზოგვის მიზნით
სხნის.
"2017 წლის ბიუჯეტში 10%–ით არის შემცირებული ადმინისტრაციული
ხარჯები, რის გამოც რიგი პროგრამების გადახედვა მოხდა," - განმარტავენ
სამინისტროს პრესსამსახურში.
უწყების მიერ სამმართველოს გაუქმების გადაწყვეტილება, კარიერის
დაგეგმვისა და პროფორიენტაციის პედაგოგების კრიტიკის საგანია. მათი
თქმით, ეს ფაქტი სკოლებს გარკვეული რისკების წინაშე დააყენებს.
"პროფორიენტაციის სამმართველოს გაუქმება ისეთი შეცდომაა, რომლის
შედეგსაც მალე იხილავს საზოგადოება. უსამართლობაა და სამწუხაროა, რომ
ასეთ სუბიექტურ გადაწყვეტილებას შეეწირა საუკეთესო სპეციალისტთა
გუნდი.
სწორედ, მათი ორგანიზებით ხორციელდებოდა ასობით სასწავლო ექსკურსიები
საჯარო და კერძო სექტორში, რომელიც მოსწავლეებისათვის ესოდენ
შთამბეჭდავი იყო, რადგან ხვდებოდნენ წარმატებულ ადამიანებს,
იზიარებდნენ მათ გამოცდილებას და მომავალი პროფესიული ცხოვრებისთვის
ემზადებოდნენ," - ამბობენ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის
სპეციალისტები.
"პროგრამა სამ კომპონნეტს მოიცავდა, პირველი კომპონენტია გაკვეთილი
სასწავლო სესია, შეხვედრა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან და
ექსკურსიები დასაქმების და სასწავლო დაწესებულებებში. ამისთვის ყველა
საჭირო ბაზას და რესურსს ფლობდნენ სპეციალისტები," - ამბობს ერთ-ერთი
სპეციალისტი, რომელმაც სახელისა და გვარის დაფიქსირება არ ისურვა.
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს ხელმძღვანელობა
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას არაეფექტურად აფასებს.
მეტიც, სამმართველოში ამბობენ, რომ მათ არ მიუღიათ განმარტება
სამინისტროსგან, თუ რის საფუძველზე გადაწყვიტეს დაწესებულების
გაუქმება.
დიახ და
"პირიქით, სამოქმედო გეგმის მიხედვით მომავალ წელს არაქართული
სკოლების ჩართვა იგეგმებოდა. ამიტომ ძალიან ბუნდოვანი და გაუგებარია
ჩემთვის ეს ყველაფერი. ვითხოვე სამინისტროდან განემარტათ მათი
გადაწყვეტილების მიზეზი. ასევე არ მიგვიღია ინსტრუქცია როგორ
დავასრულოთ პროგრამა შუა სასწავლო წელს და ვის გადავაბაროთ დაგეგმილი
აქტიობები. ვინ იქინება იანვრის შემდგომ ამ მიმართულებაზე
პასუხისმგებელი არ გაუცვნიათ რომ საქმის გადაბარება მოხდეს. არსებობს
დასრულების სტრატეგია რომ ზიანი იყოს მინიმუმამდე დაყვანილი თუმცა არც
ეს ინსტრუქცია მიგვიღია. შეხვედრაზეც არ დაგვთანხმდა მინისტრი და
მოადგილე " - ამბობს პროფორიეტნაციისა და კარიერის დაგეგმვის
სამმართველოს უფროსი ნინო ბურდული.
განათლების სამინიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამმართველოს
გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ პროგრამა შეწყვეტს ფუნქციონირებას.
თუმცა, განმარტავენ, რომ კარიერის დაგეგმვისა და პროფორიეტნაციის
საგნებს სკოლის პედაგოგები შეითავსებენ.
"პროგრამა გააგრძელებს მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაციების
ჩართულობით. 2000 პედაგოგი უკვე გადამზადებულია ამ მიმართულებით და
სწორედ ისინი წაიკითხავენ კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის
საგნებს სკოლებში," - აცხადებენ განათლების სამინისტორში.
განსხვავებული პოზიცია აქვთ კარიერის დაგეგმვის სპეციალისტებს.
ისინი ეჭვობენ, რომ მათ ჩანაცვლებას პედაგოგები შეძლებენ.
"პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო ნამდვილად
კომპეტენტური კადრებით არის დაკომპლექტებული. სამი წელია ამ საქმეს
ვაკეთებთ და სხვა თუ არაფერი, პრაქტიკამ ჩამოგვაყალიბა
პროფესიონალებად," - ამბობენ სპეციალისტები.
"თავის დროზე 108 ადამიანი გადამზადდა და ამისთვის დიდი თანხა
დაიხარჯა. თუ ეს სამმართველო უნდა გაუქმებულიყო და რესურსი
გამოუყენებელი უნდა დარჩენილიყო, მაშინ რა აზრი ჰქონდა ყველა ამ
აქტივობას," - ამბობს სამმართველოს ხელმძღვანელი, ნინო ბურდული.
მისივე თქმით, პროგრამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, განსაკუთრებით
რეგიონებში, რადგან ამ პროგრამის მიზანია მოსწავლე აღიჭურვოს
კარიერული განათლების უნარებით და მას მომავალე ეტაპზე ეფექტური
პროფესიული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა მიეცეს.
"ამიტომ, ამ რგოლის ამოვარდნით, ვეჭვობ პროგრამამ რაიმე სტანდარტით
მიღწიოს წარმატებას და იყოს ეფექტური," -განმარტავს ნინო ბურდული.
მოსწავლე - ახალგაზრდობისათვის კარიერული დაგეგმვისა და
პროფორიენტაციის უნარების გაძლიერება საქართველოს ევროკავშირთან
ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.
რომლის ფარგლებშიც სამმართველოს ჩართულობით პროგრამა 2017 წლამდე უნდა
გაგრძელებულიყო.
ამ დრომდე პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით, 1800 სკოლაში მიმდინარეობს,
რომელსაც მე–9 – მე–11 კლასელები გადიან.
პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პროფორიენტაციის სპეციალისტები
სკოლების კურატორები იყვნენ. თითოეულ სპეციალისტს 20-25-მდე სკოლის
მეთვალყურეობა ევალებოდა.
კერძოდ, ისინი ამზადებდნენ პედაგოგებს, რომლებიც პროფორიენტაციის
გაკვეთილებს ატარებენ სკოლაში, მოსწავლეების ინტერესების მიხედვით,
ეწყობოდა ექსკურსიები ორგანიზაციებში, სადაც ისინი უშუალოდ სამუშაო
პროცესს ეცნობოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები