"ელექტრონული დეკანატი" შიდასაუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში
დაფინანსდა და მასზე 17 000 ლარი დაიხარჯა.
მეცადინეობის ცხრილებს,ნიშნებს, საგამოცდო განრიგს, გამოცდაზე
დაშვება–არდაშვების საკითხსა თუ ხვადასხვა სახის განცხადებებს აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელები და მათი ლექტორები
ელექტრონულად გაეცნობიან.
პირველი კურსის სტუდენტები პროექტს ახლახან გაეცვნენ და ჯერჯერობით,
მისი შეფასება უჭირთ.
"ელექტრონული ბაზის შესახებ წარმოდგენა გვაქვს, გვითხრეს ამის შესახებ
და ახლა ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ", – ამბობს წერეთლის
უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, თეონა ჯოჯუა.
რაც შეეხება ლექტორ-მასწავლებელებს, ისინი ახალ სისტემას დადებითად
აფასებენ.
"ძალიან კარგია რაც კეთდება, ელექტრონული დეკანატი გააიოლებს
ურთიერთობებს და სწავლის პროცესს შეუწყობს ხელს", –განმარტავს
ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მზია თადუმაძე.
ახალი პროექტი უნივერსიტეტს, ამავე სასწავლებლის ლექტორმა, დავით
ლეკვეიშვილმა შესთავაზა.
მისი თქმით, ელექტრონულ ბაზაში უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის
თანმდევი ინფორმაცია განთავსდება.
ამასთანავე, დავით ლეკვეიშვილი განმარტავს, რომ ამით ლექტორებს
სტუდენტებთან ურთიერთობა და დავალებების მიცემა გაუადვილდებათ.
პროფესორ–მასწავლებლები ვალდებულნი იქნებიან ლექციაზე წასაკითხი
მასალა ელექტრონულად ატვირთონ და საჭიროებისამებრ, ლინკებიც
მიუთითონ.
"ლექტორმა თუ არ ატვირთა მასალა, ამას სტუდენტები დაინახავენ და ეს,
გარკვეულწილად, მასწავლებლის იმიჯზე აისახება. ასევე, შეასრულა თუ არა
ამა თუ იმ პროფესორ–მასწავლებელმა გეგმა, ამას ზემდგომი
ადმინისტრატორი გააკონტროლებს", – გვეუბნება პროექტის კოორდინატორი,
დავით ლეკვეიშვილი.
მისივე განმარტებით, სისტემის მთავარი უპირატესობა ისიცაა, რომ
თითოეული მოქმედება ერთხელ სრულდება.
"მაგალითად, სტუდენტის სახელი დაგვარი ერთხელ იწერება და ის ხვდება
შემდეგ ყველა იმ დოკუმენტში, რაც სტუდენტთან მიმართებაში არის საჭირო.
ყველა გამოცდის წინ ცალკე უწყისი იბეჭდება. საშუალოდ, 1 სტუდენტი 4
წლის განმავლობაში 48 საგანს სწავლობს და ოთხ–ოთხი გამოცდა აქვს
აქტივობის ქულებიანად.თუ გადავამრავლებთ, ვნახავთ რა რაოდენობის
ქაღალდზეა საუბარი,"–აღნიშნავს ლეკვეიშვილი.
ახალი ელექტრონული სისტემით მხოლოდ პირველკურსელები ისარგებლებენ.
"მე–3 და მე–4 კურსი რომ ჩავრთოთ, წინა წლების ისტორია უნდა იყოს
შიგნით ასახული. ამისთვის, სულ მცირე, ასი ათასი მონაცემი იქნება
შესატანი მხოლოდ სტუდენტთა შეფასების კუთხით, რომ არაფერი ვთქვათ
დანარჩენ ინფორმაციაზე. რაც ადვილი საქმე არაა. ამიტომ მივიღეთ
გადაწყვეტილება, რომ პროგრამა წელს ჩარიცხული სტუდენტებიდან დავიწყოთ
და 4 წლის შემდეგ ბაკალავრიატის ყველა სტუდენტი იქნება მასში
ჩართული", – განმარტავს ლეკვეიშვილი.
სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები თავიანთ სისტემაში შესვლას
სარეგისტრაციო პარამეტრებით, საკუთარი სახელით, გვარით, პაროლითა და
უსაფრთხოების კოდის შეყვანით შეძლებენ.
პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, დისტანციური
სწავლების მეთოდი დაინერგება, რომელიც ამჟამად რეალიზებული არ
არის.
"ახლა კანონში შესულია ცვლილება დისტანციური სწავლების შესახებ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს პროექტი
პრობაციონერებისთვისაა,"–აცხადებს პროექტის კოორდინატორი, დავით
ლეკვეიშვილი.
პროექტი ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის. ავტორის თქმით, პროგრამა 4
წელიწადში დაიხვეწება.
"ელექტრონული დეკანატი" შიდასაუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში
დაფინანსდა და მასზე 17 000 ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები