წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ნინო წერეთელის
თქმით, ეს რიცხვი ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების
დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
მისივე ინფორმაციით, 2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი
გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა
აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი
კი - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი
გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 600
აპლიკანტი გააგრძელებს.
2024 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრი იყო
გახსნილი. გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ
შორის - ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 47 000-ზე მეტი
აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის - 3 000-ზე მეტი
სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე
მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდაზე
მონაწილეობის სურვილი კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს,
რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის
გაგრძელების უფლება.
მასალის გამოყენების პირობები