ევროკავშირი, როგორც განათლების, კეთილდღეობის, მშვიდობის,
სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი
გარანტი, დიდ როლს ასრულებს ახალგაზარდების განათლებაში, მათთვის
უკეთესი მომავლის შექმნასა და განვითარებაში.
ამის შესახებ მწერალმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ ქუთაისში გამართული
შეხვედრისას ისაუბრა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რა უპირატესობები და
შესაძლებლობები აქვს ევროპულ განათლებას ახალგაზრდებისთვის და
ევროპული სწავლების რა სისტემა და მეთოდები არსებობს.
ალექსანდრე ლორთქიფანიძის თქმით, ევროპის მრავალ ქვეყანაში,
მაგალითად, გერმანიასა და ნორვეგიაში სწავლება უფასოა, ხოლო სადაც არ
არის უფასო, იქ საკმაოდ ხელმისაწვდომი თანხაა გადასახდელი
ევროკავშირის წევრი სტუდენტებისთვის.
ამასთან, როგორც მწერალმა აღნიშნა, ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის
ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მაქსიმალურად პრაქტიკაზე
(პრობლემებზე და კვლევებზე) ორიენტირებული სწავლებაა.
"პრობლემებზე ორიენტირებული გულისხმობს იმას, რომ სტუდენტებმა
ისწავლონ საკუთარი სპეციალობა და კონკრეტული თემები აქტუალური,
აწმყოსეული პრობლემების მიხედვით. ასეთ თემებთან მათ მეტად ემოციური
ბმა აქვთ და ორიენტირებულები არიან, თვითონ იპოვონ გამოსავალი და
ხშირად უპოვიათ კიდეც. კვლევებზე დაფუძნებული სწავლება კიდევ უფრო
უკეთესია, ეს მეთოდი გულისხმობს, რომ სტუდენტებს პედაგოგებმა არ
მიაწოდონ მზა, შედეგიანი მასალა, არამედ დაუკვეთონ კვლევები
ჩასატარებლად, რომ რაღაც შედეგამდე მივიდნენ. ამან მოიტანა ის, რომ
საუნივერსიტეტო ბაზაზე ბევრგან დაარსდა სტუდენტური კვლევითი ცენტრები,
რომლებიც დამოუკიდებელ ორგანიზაციებადაც ჩამოყალიბდნენ და შეკვეთებსაც
იღებენ გარკვეულ
კვლევებზე",- განმარტა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ევროპის უნივერსიტეტებში სტუდენტებს, მაქსიმალურად
უწყობენ ხელს, სწავლის პარალელურად,
დასაქმდნენ. ეს არის ორმაგი სწავლების მეთოდი, რომელიც
გერმანიამ დანერგა და, დღესდღეობით, ევროპაში ძალიან ბევრი ქვეყანა
იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის როლი ახალგაზრდების განათლებაში
ძალიან დიდია როგორც წევრ, ასევე არაწევრ სახელმწიფოებში, თუ
საქართველო ევროპის დიდ ოჯახს შეუერთდება, ქართველი ახალგაზრდები
გაცილებით მეტი
უპირატესობით ისარგებლებენ. კერძოდ, მათ ევროპის
უნივერსიტეტებში შესაძლებლობა ექნებათ სწავლების პროცესში თავისივე არჩეული
პროფესიით დასაქმდნენ, რაზეც
თავად უნივერსიტეტი ზრუნავს და რაც კრედიტებშიც ჩაეთვლებათ.
ამასთან, ევროპის უნივერსიტეტები სტუდენტებს ხელს უწყობენ კომფორტული
გარემოს შექმნაშიც - არსებობს შენგენის სტუდენტური ვიზა, რომლის
ფარგლებშიც შეუფერხებლად შეუძლიათ მათ ევროპაში მოგზაურობა, ცხოვრება,
დასაქმება. ასევე, ხელს უწყობენ სოციალიზაციაშიც
- ყველა ამ სიკეთეს მივიღებთ ჩვენც, ევროკავშირის წევრობით.
შესაბამისად, ევროკავშირთან დაახლოება გვეხმარება იმაში, რომ ქართული
განათლების სისტემაც იყოს ზუსტად ამ სისტემის ნაწილი და იმ
პრიორიტეტებით იხელმძღვანელოს, რაც ევროპას აქვს.
მასალის გამოყენების პირობები