ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, წელს საქართველოს უმაღლეს
სასწავლებლებში 34 843 სტუდენტი ჩაირიცა, აქედან – 100%-იანი
სახელმწიფო გრანტი 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა მოიპოვა.
იმ აბიტურიენტებს შორის, რომლებიც სწავლას სრული დაფინანსებით
გააგრძელებენ, ერთ-ერთია ქუთაისელი საბა ლოსაბერიძე. მან თავისუფალ
უნივერსიტეტში, კომპიუტერულ მეცნიერებასა და მათემატიკაზე ჩააბარა.
ამბობს, რომ შედეგი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან საკუთარ
ცოდნაში დარწმუნებული იყო, თუმცა საბოლოო პასუხის გაგებას მაინც
მოუთმენლად ელოდა. იმითვის, რომ მიზნისთვის მიეღწია, საბა ბევრს
შრომობდა, როგორც ამბობს, წინა წლებში უფრო მეტი შრომა მოუწია, ვიდრე
- უშუალოდ აბიტურიენტების პერიოდში, საკუთარ თავზე გამუდმებულმა
მუშაობამ კი ნაყოფი გამოიღო და უკვე სტუდენტობისთვის ემზადება.
"ცოტა არ იყოს ვღელავ, რომ ახალ ეტაპზე მიწევს გადასვლა, მაგრამ
ვფიქრობ, მზად ვარ. პროფესია იმის გათვალისწინებით ავირჩიე, რაც
ყველაზე მეტად მომწონს და ამავე დროს, შემოსავლიანია. კომპიუტერული
მეცნიერები ბავშობიდან მაინტერესებს, გარდა ამისა, ამ მიმართულებით
მაღალაანაზღაურებად სამსახურში შემეძლება დასაქმება. ბედნიერი, ვარ
რომ მალე უნივერსიტეტის კარი ჩემთვისაც გაიღება", - ამბობს საბა
ლოსაბერიძე.
საბას მსგავსად, 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა ქუთაისელმა მარიტა
გეწაძემ. ის კავკასიის უნივერსიტეტში, არქიტექტურის მიმართულებით
ჩაირიცხა. მარიტა იმ ემოციებს იხსენებს, როცა გაიგო, რომ სასურველ
უნივერსიტეტში, სასურველ პროფესიაზე მოხვდა, თან - სრული
დაფინანსებით.
"როცა შედეგები დაიდო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. საოცარი
შეგრძნებაა, როცა შენი ოცნება და მიზანი რეალობად იქცევა. ფაქტია,
ოჯახისა და ახლობლების გაბედნიერება შევძელი, რაც ჩემს ემოციებს
აორმაგებს,"-გვიყვება მარიტა.
აბიტურიენტობის პერიოდს სასიამოვნოდ და სახალისოდ იხსენებს. ამბობს,
რომ სწავლას რეპეტიტორებთან არსებული თბილი გარემო უადვილებდა, რამაც
ასევე ხელი შეუწყო მიზნის მიღწევაში. მალე მისთვის უნივერსიტეტის კარი
გაიღება, რაც ახალ პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული. ახალი
ახალი გარემო, ახალი ეტაპი ცოტას აშფოთებს, მაგრამ სწამს, რომ
ყველაფერს მარტივად დაძლევს და წარმატებული სტუდენტი იქნება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2023 წელს დაფინანსდა 12 000-ზე
მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 540-ზე მეტმა
გამოსაცდელმა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე
მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი
გრანტი კი – 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
მასალის გამოყენების პირობები