წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის პირველი საჯარო სკოლის
პედაგოგი ნათია კილაძე გერმანულ ენაში საქართველოს საუკეთესო
მასწავლებლად დასახელდა.
2022 წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ფარგლებში, მას
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საპატიო ჯილდო – საუკეთესო
მასწავლებლის სამკერდე ნიშანი და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.
ნათია კილაძე ამბობს, რომ წარმატებისა და აღიარების გზა მარტივი არ
იყო და მას წინ ბევრი შრომა, ძალისხმევა, საქმისა და მოსწავლეების
დიდი სიყვარული უძღვოდა.
წლის საუკეთესო მასწავლებელი მიიჩნევს, რომ უწყვეტ განათლებას მოაქვს
პროგრესი.
„ეს ტიტული ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა, რა
თქმა უნდა, ჩემი მოსწავლეების, კოლეგების წინაშე. 21-ე წელი დაიწყო,
რაც გერმანული ენის მასწავლებელი ვარ და ის გამოცდილება, რაც მივიღე,
წარმატება და აღიარების გზა ნამდვილად არ იყო მარტივი. ამას ძალიან
დიდი შრომა, ძალისხმევა და პასუხისმგებლობა უდევს საფუძვლად, რადგან
მასწავლებელი აუცილებლად უნდა ვითარდებოდე, პროფესიულად წინ მიდიოდე
და შეგეძლოს, თითოეული მოსწავლის შედეგზე გასვლა. ამიტომ ეს ტიტული
დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ამასთან, მაძლევს მოტივაციას, კიდევ
მეტი გავაკეთო ჩემს პროფესიაში. მადლობა იმ კომისიას, რომელმაც
საქართველოში ამდენ მასწავლებელს შორის გამომარჩია და ეს ტიტული
მომანიჭა“,- ამბობს პედაგოგი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნათია კილაძეს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა
(რომელიც ამ კონკურსის ერთ-ერთი პარტნიორია) სტიპენდიაც გადასცა და ის
აგვისტოში, გერმანიაში, სრული დაფინანსებით გაემგზავრება, სადაც
ორკვირიან პროფესიული განვითარების კურსს გაივლის.
ნათია კილაძე თამარ მეფის სახ. გეგუთის პირველ საჯარო სკოლაში 20
წელია გერმანულ ენას ასწავლის. პარალელურად, 10 წელია,
ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მოღვაწეობს და აკადემიის
აღმასრულებელი დირექტორია.
გარდა ამისა, ის გოეთეს ინსტიტუტის სამგზის სტიპენდიანტი, საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის დოქტორანტი, ლიდერობის
განვითარების ექსპერტი, არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე,
ორგანიზატორი და ინიციატორია.
საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი სულ ოთხ პედაგოგს მიენიჭა: ჩხოროწყუს
(ქართულ ენაში), მარნეულის (ქართული, როგორ მეორე ენა), წალკისა
(ინგლისური) და წყალტუბოს (გერმანული ენა) წარმომადგენლებს.
საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყოველწლიურად ტარდება და მის
მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის
ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა
წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები